21 მარტს, ტოკიოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ იაპონიის გადაწყვეტილება, თავის ტერიტორიაზე ამერიკული თავდაცვითი რაკეტები განალაგოს, რუსეთის უსაფრთხოებას არღვევს. მან იაპონიას ბრალი დასდო, რომ ის ამერიკული გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებს აქტიურად განალაგებს.
იაპონია გეგმავს, „ეიჯის ეშორ“ (Aegis Ashore) სისტემები განალაგოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად. ფხენიანმა რაკეტის საცდელი გაშვება, იაპონიაზე გადაფრენით ერთხელ უკვე მოახდინა. მას შემდეგ, რაც ტოკიომ ფხენიანის მიერ 2017 წელს ჩატარებული ბოლო ატომური გამოცდა დაგმო, ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრა, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და მთელ ქვეყანას ჩაძირავს.
2023 წლისთვის, „ეიჯის ეშორ-ის“ ორი სარაკეტო ბატარეა მზადყოფნაში მოვა და ეს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი ეღირება.
რუსი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სისტემას თავდასხმის შესაძლებლობა აქვს და რუსეთის ბირთვულ შეკავებას ძირს უთხრის. იაპონიის მიერ საწინააღმდეგოს მტკიცების მიუხედავად, ისინი შეშფოთებული არიან, რომ შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა ეს სისტემა გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის კომპონენტად გამოიყენოს და ამერიკის ან მოკავშირეების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთს მათ წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის საშუალება არ მისცეს.
სინამდვილეში ორივე მოსაზრებას საფუძველი არ გააჩნია და რუსეთის წინააღმდეგობის სხვა სავარაუდო მიზეზებს მალავს.
რაც შეეხება პირველ საკითხს, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ სისტემა ტაქტიკური თავდაცვისთვის არის შექმნილი. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული „აეჯის ეშორ“ სისტემების განლაგებაზე რუსეთის წინააღმდეგობის საპასუხოდ, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ყოფილმა მთავარმა მოადგილემ პოლიტიკის დარგში, ბრაიან მაკკიონმა განმარტება გააკეთა. მან თქვა: „შესაძლოა ეს სისტემა ძალიან წააგავდეს კრეისერზე არსებულ სისტემას, მაგრამ მას სახმელეთო სამიზნის საწინააღმდეგო რაკეტის გასაშვები ძირითადი ელემენტები არ აქვს - მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფა, ცეცხლის კონტროლის მოწყობილობა და დამატებითი დამხმარე მოწყობილობა“.
შეერთებული შტატების იარაღის კონტროლის ბიუროს თანახმად, სისტემას „მხოლოდ თავდაცვითი, გზაგადამჭრელი რაკეტების გაშვება შეუძლია“, რადგან მისი ვერტიკალური გაშვების სისტემა, საზღვაო ბაზირების „აეჯის“ სისტემებზე დაყენებული „მარკ 41 ვი-ელ-სი“ პლატფორმისგან განსხვავდება, რომელსაც თავდასხმის შესაძლებლობები აქვს.
მეორე საკითხთან მიმართებაში - ექსპერტები ამბობენ, რომ რაკეტების მოქმედების რადიუსის გათვალისწინებით, ეს სისტემები რუსეთის ბირთვულ შემაკავებელ ძალას ძირს ვერ გამოუთხრიან. უფრო მეტიც, რუსეთის არსებულ სტრატეგიულ რაკეტებს შეუძლია არა მხოლოდ მიზანს მიაღწიოს, არამედ, დიდი რაოდენობით გაშვების შემთხვევაში, ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები ადვილად ჩაახშოს კიდეც.
მაიკლ ელემანი, სტრატეგიული კვლევის სართაშორისო ინსტიტუტის, ანტისარაკეტო დაცვის უფროსი მკვლევარი ამას ეთანხმება.
მან „პოლიგრაფ.ინფოს“ უთხრა: „“აეჯის ეშორს“ იაპონიაში ან ევროპაში, რუსული ან ჩინური სტრატეგიული რაკეტების გზის გადაჭრა არ შეუძლია. ის საფრთხეს არ წარმოადგენს“.
უფრო მეტიც, საპასუხო დარტყმის შესაძლებლობის დასახვეწად, რუსეთი ბირთვული იარაღის ახალ სისტემებზე მუშაობს, რომლის თაობაზეც 1 მარტს, პუტინმა პარლამენტისადმი მიმართვის დროს ისაუბრა.
ჩნდება კითხვა, რუსეთი სისტემების განლაგებას რატომ ეწინააღმდეგება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი თანახმაა იაპონიის ტერიტორიულ წყლებში „აეჯის“ საზღვაო სისტემების არსებობს, რომლებსაც თავდასხმითი იარაღის გამოყენებაც შეუძლია.
ექსპერტების აზრით, რუსეთი სინამდვილეში გამალებული შეიარაღების ზრდით, რეგიონის მილიტარიზაციაზე ჩინეთის პასუხით და შეერთებული შტატების და მისი აზიელი მოკავშირეების ოპერატიული შესაძლებლობების ზრდით არის შეშფოთებული.
Facebook Forum