ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური შობა


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შობის დღეს ფლორიდაში, მის „პალმების სანაპიროს“ კურორტზე ატარებს. მილიონობით ამერიკელი კი უმუშევრობის დახმარების და მთავრობის ნაწილობრივი დახურვის საშიშროების წინაშეა. პრეზიდენტმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესამცირებელ სტიმულირების და ხარჯვის პაკეტს ხელს არ მოაწერს.

არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი შობას მშობლიურ დელავერის შტატში ატარებს და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამავდროულად კონგრესი, რომელიც დეკემბრის ბოლო კვირაში წესით არდადეგებზე უნდა იყოს, სამუშაოს ორშაბათიდანვე გააგრძელებს.

წარმომადგენელთა პალატა, ორშაბათს, პრეზიდენტ ტრამპის ვეტოს გადალახვას შეეცდება, რათა დაამტკიცოს 740 მილიარდი დოლარის კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვას აფინანსებს. თუ წარმომადგენელთა პალატა ვეტოს გადალახავს, სამშაბათს კანონპროექტს სენატში განიხილავენ.

შობა და დახმარების პაკეტზე დებატები, კოვიდ-19-ის პირობებში მიმდინარეობს. ახალმა კორონავირუსმა ამ დროისთვის 320,000 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა და ყოველდღიურად ვირუსით საშუალოდ 3 000 ადამიანი იღუპება.

შობის წინა დღეს, პრეზიდენტმა ფლორიდის კურორტზე გოლფი ითამაშა და „ტვიტერზე“ გაიმეორა ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტმა სენატში რესპუბლიკელების წინააღმდეგაც გაილაშქრა, რადგან მათ ჯო ბაიდენის გამარჯვება აღიარეს.

გასულ კვირას პრეზიდენტმა, შობის წინ, ბევრი ადამიანი შეიწყალა. მათ შორის მისი გუნდის ყოფილი წევრებიც არიან, რომლებიც არჩევნებზე რუსეთის გავლენის საქმეში ფიგურირებდნენ.

პრეზიდენტმა ორივე პარტიის გაკვირვება გამოიწვია, მას შემდეგ რაც ამ კვირაში მოულოდნელად განაცხადა, რომ მას არ მოსწონს 2.3 ტრილიონის ღირებულების კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საქმიანობის დაფინანსებასთან ერთად 1.4 ტრილიონი დოლარით, კოვიდ-19-ის გამო, ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

ტრამპი სანამ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მოლაპარაკებები დასრულდებოდა, დახმარების პაკეტს არ ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ორივე პალატამ კანონპროექტი მიიღო, პრეზიდენტმა ის გააკრიტიკა. მისი თქმით პაკეტი მისთვის მიუღებელ ცალკეულ ინტერესებსა და საგარეო დახმარებას ითვალისწინებს. მან ასევე გააკრიტიკა ამერიკელებისთვის განკუთვნილი 600 დოლარის დახმარების მოცულობა და მოითხოვა, რომ თითოეულმა ამერიკელმა 2000 დოლარი მიიღოს.

2018 წელს, პრეზიდენტის მიერ მთავრობის ხარჯების კანონპროექტის ხელმოწერაზე უარმა, მთავრობის რეკორდული 35-დღიანი დახურვა გამოიწვია.

თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, უმუშევრობის დახმარების გარეშე 14 მილიონი ადამიანი დარჩება და სამშაბათს, ფედერალური მთავრობა ნაწილობრივი დაიხურება.

ჯერ უცნობია, მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს 2.3 ტრილიონის კანონპროექტს. ტრამპმა ასევე შეიძლება იმოქმედოს ე.წ. „ჯიბის ვეტოს“ პრინციპით და ვეტოს ნაცვლად, დაელოდოს მისთვის კანონის განსახილველად მიცემული ვადის, 10 დღის გასვლას. 10 დღის შემდეგ კი ამ მოწვევის კონგრესის უფლებამოსილება წყდება და კანონპროექტი რომელიც ამ კონგრესში ვერ გავა, უქმდება.

თუ პრეზიდენტი პროექტს ვეტოს დაადებს, ამ შემთხვევაში სენატი და წარმომადგენელთა პალატა ეცდება მის გადალახვას. კონგრესს შესაძლოა მოუწიოს შუალედური დაფინანსების გამოყოფა ორშაბათს, იქამდე სანამ მთავრობის დაფინანსებას, შუაღამეს, ვადა გაუვა.

ამასთან, ორშაბათს, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში, ხმას მისცემენ კანონპროექტს, რომლის მიზანიც კოვიდ-19-ის გამო, ამერიკელების ერთჯერადად 2 000 დოლარით დახმარებაა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG