ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერი" მზადაა დეკემბერში 25 მილიონი ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა მოამზადოს


ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ შეერთებული შტატების ჯანდაცვის მარეგულირებელ უწყებაში განცხადებას შეიტანს, რომელის საფუძველზეც კომპანია ახლად შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინის საგანგებო გამოყენებაზე ნებართვას მოითხოვს.

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აპლიკაციის შეტანას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა „ფაიზერისა“ და მისი გერმანული პარტნიორი „ბიონტექ სის“ მიერ ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზის დასრულება. კომპანია აცხადებს, რომ ვაქცინა 95% ეფექტურია და მნიშვნელოვანი გვერდით ეფექტები არ აქვს.

მარეგულირებელში შეტანილი განცხადება შეიცავს, დაახლოებით, 100 ბავშვზე ვაქცინის გამოცდის შედეგების მონაცემებს. ბავშვების ასაკი 12-15 წელია. კომპანიის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში ვაქცინის გამოცდის პროცესში მონაწილე ადამიანების 45% 56-დან 85 წლამდე ასაკის მოხალისეა.

„ფაიზერი“ მოელის, რომ მარეგულირებელი საგანგებო ვაქცინაციის ნებართვას შუა დეკემბრიდან გასცემს და კომპანია დაუყოვნებლივ დაიწყებს ვაქცინის დისტრიბუციას. წლის ბოლომდე „ფაიზერს,“ დაახლოებით, 50 მილიონი დოზა ვაქცინა მზად ექნება, რაც 25 მილიონი ადამიანის დასაცავადაა საკმარისი.

„ფაიზერის“ ვაქცინის შემუშავების და გამოცდის პროცესში მონაწილე 43,000 ადამიანიდან კოვიდ-19 170 მოხალისეს შეხვდა. მათგან 162-ს პლაცებო ჰქონდა გაკეთებული და არა ვაქცინა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია. იმისთვის, რომ მარეგულირებელმა უწყებამ ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაამტკიცოს, მისი ეფექტურობა 50%-ზე მაღალი უნდა იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG