ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასტრაზენეკას კოვიდ-19-ის ვაქცინა მოხუცებშიც დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს


ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის ვაქცინას დამაიმედებელი შედეგები აქვს. კლინიკური გამოცდების შედეგები აჩვენებს, რომ მოხუცებში ვაქცინა ძლიერ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. კომპანია სრულ და უფრო დეტალურ შედეგებს, საშობაოდ გამოაქვეყნებს.

მონაცემები გასულ თვეს ნაწილობრივ, ახლა კი სრულად გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“. მათ აჩვენეს, რომ 70 წელს ზემოთ მყოფმა მოხუცებმა, ვინც კორონავირუსით გარდაცვალების, ან სერიოზულად დაავადების უფრო მაღალ რისკ ჯგუფში არიან, შესაძლოა ამ ვაქცინის მეშვეობით, ძლიერი იმუნური პასუხი გამოიმუშაონ.

„ძლიერი ანტისხეულები და T-უჯრედების რეაქცია, რომელიც დავინახეთ უფროსი ასაკის ხალხში, არის ძალიან დამაიმედებელი“, ამბობს მაჰეში რამასამი, ოქსფორდის ვაქცინის გუნდის ერთ-ერთი წევრი.

„ვიმედოვნებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ვაქცინა დაგვეხმარება იმ ადამიანების დაცვაში, ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია საზოგადოებაში. თუმცა, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ ამაში, მეტი კვლევა გვჭირდება“.

ვაქცინის გამოცდის ბოლო, იგივე მესამე ეტაპი ახლა აქტიურ ფაზაშია და მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, დაიცავს თუ არა ვაქცინა მოსახლეობას SARS-CoV-2 ვირუსისგან.

კვლევა მესამე ფაზის შედეგების შესახებ, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის უნდა იყოს ცნობილი. ამ ინფორმაციას ენდრიუ პოლარდი, ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფის დირექტორი ავრცელებს. მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის განხილვა, თუ როგორ და რამდენად ეფექტური იქნება ეს ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ.

ოქსფორდისა და "ასტრაზენეკას" ერთობლივი ვაქცინა, რომელსაც AZD1222, ან ChAdOx1 nCoV-19 უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იყო, თუმცა ამ მომენტისთვის სხვა ფარმაცევტული კომპანიები დაწინაურდნენ.

კომპანია „ფაიზერი“ ამბობს, რომ მათი ვაქცინა 95%-ითაა ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ, ხოლო „მოდერნა“ 94,5%-იანი წარმატებით აპირებს კოვიდ 19-თან ბრძოლას. ისინი უკვე გადავიდნენ იმ ეტაპზე, როდესაც კლინიკური გამოცდის ფაზები სრულდება და მალე სახელმწიფოსგან, ვაქცინის წარმოებაში ჩაშვების ნებართვას მოითხოვენ.

„ჩვენ არ გვეჩქარება. ეს არაა შეჯიბრი სხვა მწარმოებლებთან“, აცხადებენ ოქსფორდში.

კლინიკური გამოცდის მეორე ფაზაში ჩართული იყო 560 ჯანმრთელი მოხალისე. მათგან 160 იყო 18-55 წლამდე ასაკის, 160 - 56-დან 69 წლამდე ასაკის, ხოლო 240 იყო 70 წლის, ან კიდევ უფროსი.

მოხალისეებს ვაქცინის ორ დოზას, ან პლაცებოს აძლევდნენ. მკვლევრების თქმით, არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები ვაქცინის მიღების შემდეგ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG