ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა ევროპის მიმართ


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი გამოვიდა საპროგრამო მიმართვით თემაზე "შეერთებული შტატები და ევროპა: თანამშრომლობის განრიგი," რომელშიც მან ამერიკა-ევროპის, ამერიკა-რუსეთის, ნატო-რუსეთის ურთიერთობებისა და ნატოს განვითარების საკითხები მიმოიხილა

გუშინ ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის ეგიდით გაიმართა დისკუსია თემაზე „შეერთებული შტატები და ევროპა: განრიგი თანამშრომლობისთვის,“ რომელზეც ევროკავშირისა და ევროპის მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა მიმოიხილა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის გამოსვლის მთავარი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაცნობა. ეს საკითხები ლისაბონში ნოემბერში დაგეგმილი ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრის, ასევე ამერიკა-ევროკავშირის სამიტისა და დეკემბრის დასაწყისში ასტანაში დაგეგმილი ეუთოს სამიტის განრიგში შევა. გორდონმა შენიშვნები სამ ნაწილად გაყო. თავდაპირველად მან ის სტრატეგიული ამოცანები შეაფასა, რომელიც ევროპის მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას განსაზღვრავს. შემდეგ გორდონმა ბოლო ორი წლის მანძილზე ამ მხრივ მიღწეული პროგრესი შეაფასა. გამოსვლის დასკვნითი ნაწილი კი მან ევროპასთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს დაუთმო.

გორდონმა აღნიშნა, რომ როცა ლაპარკია ევროპაში ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი ამოცანა, რომელიც ევროპის კონტინენტთან ვაშინგტონის ურთიერთობას განსაზღვრავს. მისი თქმით ესენია:

„პირველი, გლობალური გამოწვებების დასაძლევად ჩვენ ევროპასთან როგორც გლობალურ პარტნიორთან ვთანამშრომლობთ. რა სახის გლობალურ საკითხზეც არ უნდა იყოს საუბარი, იქნება ეს ავღანეთი, ირანის ბირთვული პროგრამა, მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები თუ კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო გამოწვევების დაძლევაში ევროპის წვლილი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ხსენებული გამოწვევების დასაძლევად საჭიროა ამერიკის ლეგიტიმურობა, რესურსები და იდეები რაც ბევრად უფრო ეფექტურია ევროპასთან თანამშრომლობის დროს. მეორე, ეს გახლავთ ევროპასთან თანამშრომლობა ევროპულ საკითხებზე. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ევროპელებთან თანამშრომლობა იმ ისტორიული პროექტის დასამთავრებლად, რომელსაც ევროპის მთელ კონტინენტზე სტაბილურობის, უსაფრთხოების, აყვავებისა და დემოკრატიის გავრცელება ჰქვია. მესამე, ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა რუსეთთან ურთიერთობა უფრო კონსტრუქციულ კურსზე. როცა პრეზიდენტი ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, მას მემკვიდრეობით რუსეთთან მნიშვნელოვნად გაუარესებული ურთიერთობა ერგო. მას მიაჩნდა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთთან იმდენი საერთო ინტერესი გააჩნდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ავღანეთის, ტერორიზმის, ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების კუთხით, რომ ორივე მხარეს ყურადღება სწორედ ამ საერთო ინტერესებზე უნდა გაემახვილებინა. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საუბარი ამ თემებზეც უნდა შედგეს.“

რაც შეეხება ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, გორდონმა აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკამ უკვე გარკვეული შედეგები გამოიღო. მან კერძოდ ახსენა სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ახალი ხელშეკრულება, რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში დისლოცირებული კოალიციური ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის ტრანზიტთან დაკავშირებული ორმხრივი შეთანხმება, და თანამშრომლობა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების კუთხით. ასევე მოსკოვის მიერ თეირანისთვის S300-ის ტიპის ანტი-საჰაერო რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმა.

ნატოსთან დაკავშირებით გორდონმა აღნიშნა:

„ნატო ევროპის უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატების გავლენისა და გლობალურ ასპარეზზე უშიშროების სფეროში ამერიკა-ევროპის თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება. ამ თანამშრომლობის უშუალო გამოვლინება ყველაზე აშკარად ავღანეთში ჩანს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ალიანსის ფუნქცია ევროპის თავდაცვისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში სტაბილურობის გავრცელების თვალსაზრისით.“

გორდონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ურთიერთობა რუსეთსა და ნატოს შორის მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი თქმით, რუსეთი ალიანსის მტერი სახელმწიფოდან ალიანსის პარტნიორ ქვეყნად გადაიქცა. ობამას ადმინისტრაციას სურს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიზნით ვაშინგტონი მოსკოვს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში სთავაზობს, რომელიც საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებს შეიცავს. ესენია ნარკოტიკების გავრცელების, ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები. ამას გარდა ბრიუსელი მზად არის მოსკოვს შესთავაზოს მიიღოს მონაწილეობა ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის განვითარებაში და მოუწოდებს კრემლს სამხედრო დაგეგმარებასთან დაკავშირებით უფრო მეტი გამჭვირვალეობა გამოიჩინოს.

თავის შენიშვნებში გორდონმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემა არ გამოტოვა.

„ჩვენ ჩვენი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ, მათ შორის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტის დროსაც. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ. ასევე მხარს ვუჭერთ ნატო-საქართველოს კომისიის საქმიანობას. ამ მხრივ მე მინდა აღვნიშნო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები. ამას გარდა, ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის დასკვნებს მხარს ვუჭერთ და მოახლოვებულ სამიტზე სწორედ ამ პოზიციით წარვსდგებით.“

XS
SM
MD
LG