ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპ გორდონი ევროპის უშიშროებაზე საუბრობს


დღეს უცხოური პრესის ცენტრში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი ჟურნალისტებს შეხვდა და ევროპის უშიშროებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. ბატონმა გორდონმა გამოსვლა ჰილარი კლინტონის პარიზში ვიზიტის მიმოხილვით დაიწყო და თქვა, რომ ქალბატონი კლინტონის მიერ პარიზში გაკეთებული განცხადება ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმულირება იყო ევროპასთან მიმართებაში.

ქალბატონი კლინტონის გამოსვლა „ძალიან დროული" იყო, რადგანაც ევროპის უშიშროების სფეროში მნიშვნელოვანი წელი გველის - ნატო საკუთარი სტრატეგიული კონცეფციის გადახედვას აპირებს, ხოლო ნოემბერში კი ლისაბონში ნატოს სამიტია დანიშნული. გარდა ამისა, რუსეთმაც გააკეთა შემოთავაზება ევროპული უშიშროების ახალი სისტემის მოსაწყობად. ბატონი გორდონის განცხადებით, ამერიკა უაღრესად დაინტერესულია ევროპის უშიშროების საკითხებში და ევროპის მიმართ პოლიტიკის საჯაროდ განცხადებაც სწორედ ახლა არის დროული.

ამერიკას ბევრი გლობალური პრიორიტეტი აქვს, მაგალითად როგორიცაა ერაყი, ავღანეთი, ირანი, ჩინეთი და სხვა. გამომდინარე სირთულეების სიმრავლიდან ბევრს უჩნდება შეკითხვა იმის შესახებ, მოადუნა თუ არა ობამას ადმინისტრაციამ ყურადღება ევროპის მიმართ.

„პასუხი ამ კითხვაზე არის - არა. პირიქით, იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებს მრავალი გლობალური სირთულე აქვს გადასალახი, ახლა როგორც არასრდოს ძლიერი და აქტიური ევროპელი პარტნიორები გვჭირდება. ვფიქრობთ, რომ ეს პარტნიორები გვყავს და მათთან ერთად უკეთესად გავართმევთ თავს გლობალური ეკონომიკისა და დათბობის პრობლემებს და ავღანეთისა და ერაყის სირთულეებს," განაცხადა გორდონმა.

ბატონი გორდონის განცხადებით, ამერიკა კმაყოფილია ლისაბონის ხელშეკრულების მიღებით და სხვა მიღწევებით, რომლებიც ევროპის უშიშროებასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად მზადაა გადალახოს ყველა გამოწვევა.

ბატონმა გორდონმა მოკლედ ჩამოაყალიბა ამერიკის პრინციპები და პოლიტიკა ევროპის უშიშროების სფეროში:

„პირველი რიგში ამერიკა მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს იმან ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის ეცდება დაიცვას სახელმწიფოების უფლება- აწარმოონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა, აირჩიონ მოკავშირეები და დაიცვან საკუთარი ტერიტორია."

ბატონმა გორდონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა არ ეთანხმება ევროპაში გავლენის სფეროების პრინციპს, როცა ერთი ქვეყანა ცდილობს მეორის გაკონტროლებას.

მეორე პრინციპად ბარონმა გორდონმა ევროპის უშიშროების ერთიანობა დასახა და ბრძანა, რომ მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად აუცილებელია ქვეყნებმა ერთმანეთის იდეები და მიდგომები გაითვალისწინონ. ბატონი გორდონის თქმით:

"ერთიანი უშიშროება რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი ის ძირითადი კონცეფციაა, რომელიც მან ევროპასა და ნატო-რუსეთის საბჭოს შესთავაზა და ამ საკითხზე ჩვენ ვეთანხმებით რუსეთს, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოების მიღწევა მეორის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენ ასევე ვეთანხმებით რუსეთის წინადადების სხვა პრინციპებსაც, რომლებიც ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე საუბრობს."

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ერთანხმება რუსეთის ინიციატივის სხვადასხვა ასპექტებს, ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ უშიშროების სფეროში თანამშრომლობა უნდა მოხდეს არსებული ინსტიტუტებისა და ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით.

ბატონი გორდონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კმაყოფილია იმით, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება მოხდა და ამ ეტაპზე რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა ორივე ქვეყანას ადგება.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამატებითი ქვეყნების მიერ აღიარებასთან დაკავშირებით ბატონმა გორდონმა განაცხადა:

„საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი არც ახლა აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და არც მომავალში ისახავს ამას მიზნად. ამ საკითხში ჩვენ რუსეთისგან განვსხვავდებით. ამ ჩვენს შეხედულებას ქვეყნების უმრავლესობა იზიარებს. ეს საიდუმლო არ არის... ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარებული უნდა იყოს, არ მიგვაჩნია, რომ ეს რეგიონში უსაფრთხოებას უწყობს ხელს."

ბატონი გორდონის აზრით, იმისთვის, რომ ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გაიზიარონ, ამერიკის მიერ აქტიური კამპანიის წარმოება სულაც არ არის საჭირო, რადგან ყველა აცნობიერებს იმას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ შეიძლება. სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად სხვა საშუალებებიც არსებობს.

XS
SM
MD
LG