ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სახეები ამერიკის მთავრობაში


პრეზიდენტმა ობამამ თავდაცვის მდივნის პოსტზე - ჩაკ ჰეგელი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორობაზე კი ჯონ ბრენანი წარადგინა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

თავდაცვის მინისტრის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელების წარდგენა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ოთახში მოხდა. პრეზიდენტის მხარდამხარ ჩაკ ჰეგელი და ჯონ ბრენანი იდგნენ. ოფიციალურ ცერემონიალზე პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვიეტნამის ომის ვეტერანი, ნებრასკის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეგელი საუკეთესო კანდიდატია.

მას ესმის, თუ რას ნიშნავს ახალგაზრდა ამერიკელის სისხლისმღვრელ ბრძოლებში გაგზავნა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებთ. ჩემი ნომინაციის ყურადღების ცენტრში სწორედ ის ჯარისკაცია, ყველაზე დაბალ ეშენლონებში, რომელიც ქვეყნისთვის წირავს თავს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჰეგელი სენატორად ორჯერ აირჩიეს. მას ამერიკის კონგრესში უმწიკვლო რეპუტაცია აქვს და ცნობილია იმით, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლია საკუთარი პარტიის მოსაზრებას არ დაეთანხმოს. სენატორმა ჰეგელმა ყოფილი თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას და შეერთებული შტატების არმიის ღვაწლზე ისაუბრა.

ასევე მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის და მისი მოკავშირეების ძლიერების განმტკიცების საქმე. -იმისათვის, რომ გლობალურად მშვიდობა გამყარდეს, ჰუმანურობამ და ღირსებამ დაისადგუროს და კაცობრიობისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობა შევძლოთ“ - განაცხადა სენატორმა ჰეგელმა.

მის ნომინაციას ბევრი თანაპარტიელის კრიტიკა მოჰყვა. განსაკუთრებით კი - ისრაელის ლობისტებისგან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ჰეგელი ძალზე მკაცრია ისრაელის პოლიტიკის მიმართ და ირანის წინააღმდეგ სუსტ პოლიტიკას ატარებს. ტეხასის რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა ტელეკომპანია ფოქსის საკვირაო პროგრამაში გამოსვლისას სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ჰეგელის მოღვაწეობა ისრალის მთელი ერისთვის ძალზე შემაშფოთებელია. ის არასოდეს იყო ისრაელის მეგობარი, შეერთებული შტატები კი ისრაელის გვერდით მტკიცედ უნდა იდგეს.

ორშაბათს სენატორი ჰეგელი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯეი კარნიმ დაიცვა, განაცხადა რა, რომ ის ისრაელის სანდო მხარდამჭერია, ემხრობა ამერიკა-ისრაელის პარტნიორობას და მის უსაფრთხოებას მტკიცედ უდგას გვერდში. ჰეგელი ასევე გააკრიტიკეს ჰომოსექსუალთა დაცვის ორგანიზაციებმა. ამერიკის ერთ-ერთი გეი დიპლომატის მიმართ 1998 წელს გაკეთებული აგდებული კომენტარის გამო მას ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე წარდგენილმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში სააგენტო ნაკლებად წინააღმდეგობრივი გახდება. მას ობამას ადმინისტრაციის ტერორიზმთან წარმოებული ბრძოლის გამო არაერთ რთულ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ბრენანი წლების მანძილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი სპიკერი იყო ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავებთან, დრონებთან და მათ ქმედებებთან დაკავშირებული მკვლელობების საკითხებზე. ნომინანტის განცხადებით ეჭვმიტანილ ტერორისტებზე განხორციელებული იერიშები „კანონიერი, ეთიკური, ბრძნული და ძალზე ეფექტური“ იყო.

„თუკი დირექტორის პოსტზე დამამტკიცებენ, ჩემი მთავარი მისია იქნება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უზრუნველვყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ინსტრუმენტით. სააგენტოს მუშაობამ უნდა ასახოს ამერიკელთა უფლებები, თავისუფლებები და ყველა ის ფასეულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ასე ძვირფასია“ - აღნიშნავს ჯონ ბრენანი.

მან პოსტზე არმიის გენერალი დევიდ პეტრეუსი უნდა შეცვალოს, რომელიც ნოემბრის თვეში სკანდალური სასიყვარულო რომანის შემდეგ გადადგა. პრეზიდენტი ობამას თქმით, ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დაუღალავ შრომას გააგრძელებს და პოსტზე ინტენსიურ გამოცდილებას და საკუთარ ხედვას მოიტანს. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ ბრენანის დამსახურებით მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება ალ-ყაიდასთან ბრძოლაში. გამოსვლის დასასრულს მან სენატს მოუწოდა ორივე ნომინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.
XS
SM
MD
LG