ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის ხელმძღვანელი ქაბულიდან ევაკუაციის პროცესის მართვას იცავს


ლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი

პირველ საკონგრესო მოსმენაზე, რომელიც ამერიკის ძალების ავღანეთიდან გამოყვანის საკითხზე გაიმართა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესის მართვა დაიცვა. ლოიდ ოსტინმა დღეს თქვა, რომ ავღანეთიდან მომდინარე საფრთხეების მართვა "რთულია, თუმცა სრულიად შესაძლებელია" იქ ამერიკული ჯარების ყოფნის გარეშეც.

ოსტინმა აღიარა ის, რომ ევაკუაციის პირველ დღეებში შეცდომები იქნა დაშვებული, რამაც მშვიდობიან ავღანელ მოქალაქეებში მსხვერპლი გამოიწვია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ის თვლის, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი ისტორიული მიღწევაა, რომელმაც თალიბების მიერ მართული ავღანეთიდან 124 000 ადამიანი იხსნა. "პირველი ორი დღე რთული იყო" - თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა, თუმცა "48 საათის განმავლობაში ჩვენმა ძალებმა წესრიგი აღადგინა და პროცესი დაასტაბილურა".

იმავე სხდომაზე კანონმდებლებმა კითხვები გენერალ მარკ მილისაც დაუსვეს. აშშ-ის გენერალური შტაბის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ თალიბანის მართვის პირობებში, მომდევნო 12-36 თვეში, ავღანეთში შესაძლებელია "ალ-ყაიდას" ან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან შეერთებულ შტატებს ტერორისტული საფრთხე შეექმნას.

"უნდა გვახსოვდეს, რომ თალიბანი იყო და არის ტერორისტული ორგანიზაცია და მათ ალ-ყაიდასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ" - თქვა მარკ მილიმ. გენერალი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მას ილუზიები არ აქვს.

ბაიდენის ადმინისტრაციას ავღანეთიდან ამერიკული ძალების გამოყვანის გამო აკრიტიკებენ არამარტო ოპონენტები, არამედ საკუთარი პარტიის წევრებიც. "ეს არ არის დემოკრატების ან რესპუბლიკელების პრობლემა. ეს არის ჩავარდნები, რომელიც [ამ მიმართულებით] ორი პარტიის ოთხი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მუშაობას თვალნათლივ წარმოაჩენს" - თქვა დემოკრატმა სენატორმა ჯეკ რიდმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG