ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისია ციხე?


იუსტიციის უწყებაში სისტემური პრობლემების მხილებისას საქართველოს სახალხო დამცველი მინისტრისგან დევნის ობიექტად იქცა. პარლამენტში ომბუდსმენის მოხსენება 21 იანვარს გაიმართა, თუმცა დაპირისპირება თეა წულუკიანსა და ნინო ლომჯარიას შორის არ ამოწურულა. იუსტიციის მინისტრი საკმაოდ მკვეთრ და უხეშ ფორმებსაც მიმართავს და ყველანაირად ცდილობს თვალი არ გაუსწოროს იმ ფაქტებს, რომელთა თაობაზეც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში მიუთითებს.

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში პენიტენციალურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას ასახავს იმ მონიტორინგზე დაყრდნობით, რასაც სახალხო დამცველის უწყებაში მომუშავე პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები სისტემატურად ახორციელებენ. საგანგაშო ტენდენციები, რასაც ლომჯარიას უწყება ასაჯაროებს, ეხება კრიმინალური სუბკულტურის არსებობას ციხეებში იმ ხარისხით, რომ მან, ფაქტობრივად ჩაანაცვლა ოფიციალური სტრუქტურები და ფორმალურ მმართველად იქცა. მარტივად, ეს „ქურუდული“ სისტემის რეინკარნაციას გულისხმობს.

თეა წულუკიანი ვაშინგტონში
თეა წულუკიანი ვაშინგტონში

იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველს მკვეთრად არ დაეთანხმა და ზოგიერთი დეტალი ანგარიშიდან სიცრუედ მიიჩნია. მისი ყველაზე რბილი შეფასება ლომჯარიას უწყების მიმართ „არაპროფესიონალი“ გახლდათ. გარდა ამისა, მინისტრი სხდომაზე „მომზადებული“ მივიდა, მან წინასწარ საგანგებოდ მოძიებული კადრები წარადგინა მსმენელების წინაშე, რაც საპატიმროებში არსებულ ვითარებას ასახავდა. მათ შორის გახლდათ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიზიტის ამსახველი ვიდეოც. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მონიტორინგზე მისულ ადამიანს არ უნდა ეცვას დახეული ჯინსი და არ უნდა ეხუროს „ბასკური ბერეტი“, ამასთან, ის არ შეიძლება სვამდეს პატიმრის ყავას და არ უნდა სარგებლობდეს საკანში საპირფარეშოთი.

სახალხო დამცველმა სხდომაზევე დასვა კითხვები იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე დააარქივა ზაფხულში ჩაწერილი ვიდეო მასალა იუსტიციის სამინისტრომ მაშინ, როდესაც საჭიროების (მაგალითად, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების შესწავლა) შემთხვევაში, უწყება უარს აცხადებს ვიდეოების წარდგენაზე.

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველს უთხრა: „თქვენ არ ხართ ჩემი სახალხო დამცველი“, საუბრობდა რა იმის შესახებ, რომ ლომჯარია არ ინტერესდება იმ შემთხვევებით, როდესაც მოქალაქეები საჯარო მოხელეებს „ჩაგრავენ“. გამონაკლისად წულუკიანმა მიიჩნია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ანრი ოხანაშვილის შვილებისადმი გამოვლენილი დამოკიდებულება ლომჯარიას მხრიდან. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ვალდებულებას წარმოადგენს რეაგირება საჯარო მოხელეების ან უწყებების მხრიდან რიგითი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ლომჯარია პირადად მას „ერჩის“.

მეორე დღესვე, ომბუსდმენმა გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით, ის სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს. სახალხო დამცველის უწყებაში მიიჩნევენ, რომ მინისტრიმა კანონი კონფიდენციალობისა და პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის თაობაზე, ასევე იმის შესახებაც დაარღვია, რომ „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი იუსტიციის სამინისტროს უკრძალავს სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და პატიმრების შეხვედრისას მიყურადღებასა და თვალთვალს.

ომი ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ ორ უმნიშვნელოვანეს უწყებას შორის ამით არ დასრულებულა. დღეს მომდევნო რაუნდი იმით გაგრძელდა, რომ ეგრეთ წოდებულ „მატროსოვის“ ციხეში მისულ სახალხო დამცველს, რომელიც იქ პატიმრის მოსანახულებლად იმყოფებოდა, „პრო-სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები დაახვედრეს.“ ამის თაობაზე თავად სახალხო დამცველმა განაცხადა და ისიც დასძინა, რომ მისი ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია საგაჯაროებული არ ყოფილა და არც ის უნდა სცოდნოდა ვინმეს, ვის მონახულებას აპირებდა. ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მითითებით გასაჯაროვდა, რაც დანაშაულია. „სახალხო დამცველის საქმიანობა დგას კონფიდენციალობის პრინციპზე, კონფიდენციალობის დაცვაზე, მათ შორის ჩვენ ბენეფიციარებთან ურთიერთობის დროს. ეს კონფიდენციალობა დღეს დაარღვია ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენელმა, კონკრეტულმა უწყებამ და ჩაიდინა დანაშაული. მომავალ კვირას მექნება ძალიან მაღალი დონის ვიზიტი სტრასბურგში და ამ ინფორმაციას მივაწვდი ყველას, რადგან ეს, რაც დღეს ხდება არის ქვეყნის სირცხვილი“,- განაცხადა ტელეკომპანია „მთავართან“ ლომჯარიამ.

უნდა ითქვას, რომ შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიში კვეთრად მიუღებელია და მასში მოჰყვანილ ფაქტებს რეალობად არ მიიჩნევს ხელისუფლება, საქართველოში პირველად არ ხდება. ყველაზე თვალშისაცემი შემთხვევა, ამ თვალსაზრისით წინა ხელისუფლების მმართველობის დასასრულს მოხდა. მაშინდელი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მოხსენებამ პარლამენტში პატიმრების მდგომარეობის თაობაზე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაიარა. სასჯელაღსრულების მინისტრმა იმ დროს, ხათუნა კალმახელიძემ არაერთი „საჩვენებელი“ ვიზიტი განახორციელა ციხეში, რათა დაედასტურებინა, რომ პატიმრები ღირსეულ პირობებში იხდიან სასჯელს. ხელისუფლების წარმომადგენლები სავსებით უარყოფდნენ ინფორმაციას პატიმრების ღირსებისშემლახავი მდგომარეობის თაობაზე. ხოლო მას შემდგომ, რაც გასაჯაროვდა ეგრეთ წოდებული „ციხის კადრები“, პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ „ნანობდა, რადგან სახალხო დამცველს არ დაუჯერა“. მდგომარეობის შემობრუნება მან სახალხო დამცველის მიწვევით სცადა სასჯელაღსრულების მინისტრად.

ეს ამბავი 2012 წლის 20 სექტემბერს მოხდა. „ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო რამდენიმე გარემოებით. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შეძრწმუნებული ვართ და ვგმობთ ბოლომდე ძალადობას და წამების ფაქტებს საქართველოს ციხეებში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი მშვენიერაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ ხელმძღვანელი, იმ პერიოდისთვის სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა და პირადად გახლდათ ჩართული ყველა ანგარიშის მომზადებაში. გიორგი მშვენიერაძე "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ საქართველოში არც ერთი ხელისუფლება სახალხო დამცველის ანგარიშებს პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, არ იგებდა როგორც პრობლემებს და გამოწვევებს. „ყველა ხელისუფლება დაკავებული იყო ამ რეალობის მიჩქმალვითა და დამალვით, ვითომ ისინი არაა რეალური. შემდგომ კი ვხედავდით, როგორ ამოხეთქავდა ხოლმე ეს პრობლემები. განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ეს წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა. როდესაც სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა ინფორმაცია არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების შესახებ და აქ მოყვანილი იყო არა მხოლოდ ფაქტები, არამედ კონკრეტული სახელები და გვარები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამრომლების. ხელისუფლება სხვადასხვა მოტივს ასახელებდა, თუ რატომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მომხვდარიყო სახალხო დამცველის ანგარიშში. ისევე როგორც ახლა, მინისტრი წულუკიანი, ამბობდნენ, რომ ფაქტები არ უნახავს თავად სახალხო დამცველს, არამედ ნახეს მისმა თანამშრომლებმა, რომლებიც საკითხავია, რამდგენად არიან სანდო და სხვა,“- აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.სახალხო დამცველთან ხელისუფლების დამოკიდებულებისას შეფასებისა და პარალელის გავლებისას, ბევრი ანალოგიის მოძებნა შეიძლება, თუმცა თავად ანგარიშში მოყვანილი ფაქტების თვისობრიობის თაობაზე გიორგი მშვენიერაძე განსხვავებას ხედავს:

„მეტია დანაშაულის აღმოჩენის შანსი, როდესაც ამას ადმინისტრაცია ჩადის პატიმრებთან მიმართებით, რადგან პატიმრები მათ შესახებ მონიტორებთან საუბრობენ. თუმცა განსხვავებულია ვითარება იმ დროს, როცა ავტორიტეტები, ერთგვარი სუბ-კულტურის წარმომადგენლები მართავენ ციხეებს. ისინი საშუალებას აღარ აძლევენ პატიმრებს ეკონტაქტონ გარედან შესულ ადამიანებს. სუბ-კულტურის წარმომადგენლების იდენტიფიცირება, ციხის თანამშრომლებისგან განსხვავებით, რთულია. როცა პოლიტიკოსები იწყებენ ფაქტების უარყოფას და ცდილობენ მტერი ეძებონ მოყვარეში. როდესაც მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, ან თუ ხდება, ესაა ნორმალური, ადგილი აქვს პრობლემების გაუბრალოებას. ქვედა რგოლის მენეჯერები კი ამით იღებენ მესიჯს, რომ არაა საჭირო პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალისხმევის დახარჯვა“.

სახალხო დამცველსა და „ქართული ოცნების“ უცვლელ მინისტრს, თეა წულუკიანს შორის ბრძოლა ძალას იკრებს და მორიგი რაუნდებიც არ დააყოვნებს, თუმცა მთავარი და ყველაზე სახიფათო ამ ყველაფერში ერთი დიდი და მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას დაზუსტებული პასუხი სჭირდება: ვისია ციხე?

Facebook Forum

XS
SM
MD
LG