ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარღვევები ადამიანის უფლებების დაცვის დღეს


ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები წინასწარ გაწერილი, გეგმიური ღონისძიებებით ეხმაურება. ასეთი პრაქტიკა კარგა ხანია არსებობს, თითქმის ყველა სამინისტროში თავს ვალდებულად მიიჩნევენ რამენაირად მაინც გამოეხმაურონ ამ მნიშვნელოვან თარიღს და სპეციალური ცერემონია თუ არა, განცხადება მაინც განათავსონ საკუთარ ვებგვერდზე. თუმცა, ეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ერთი მხარეა, სხვა მხარეს კი ის უამრავი გამოწვევაა, რის შესახებაც მიუთითებს ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მონიტორი საქართველოში - სახალხო დამცველი.

2019 წლის ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, 10 დეკემბერს საქართველოში ყველაზე განხილვად თემებს შორისაა პოლიტპატიმრების საკითხი, რის შესახებაც საუბრობენ ევროპარლამენტის დეპუტატები, ოპოზიცია და ხელისუფლება; ციხეში არსებული ვითარება, რასაც მწვავედ აკრიტიკებს სახალხო დამცველი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტების წესთან ერთად; ტყვეები ცხინვალის ციხეში, მათ შორისაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული უმძიმესი ვითარება ახალგორის რაიონში, სადაც გადაადგილება სამ თვეზე მეტია შეზღუდულია.

პოლიტპატიმრები

არსებობენ თუ არა პოლიტპატიმრები საქართველოში? ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად განხილვადი საკითხია. საქართველოში კონფერენციაზე მყოფი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი მიუთითებს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების დროს დაკავებულ 80-ზე მეტ მოქალაქეს შორის პირდაპირ კავშირზე და ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტივობის გამო დაკავებული და გასამართლებული ადამიანების არსებობა საკმაოდ მეტყველი ფაქტია.

ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა. თბილისი
ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა. თბილისი

ოპოზიციის ეს შეფასება საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის დადასტურებას ნიშნავს ევროპარლამენტარების მხრიდან. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რაკი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სიტყვა-სიტყვით ასეთი ფორმულირებით („პოლიტპატიმრები არსებობენ საქართველოში“) არ შესულა ტექსტი. ეს იმას მოწმობს, რომ ევროპარლამენტარები არ ადასტურებენ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას.

საქართველოს პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო. პროტესტის დაფიქსირების გამო ადამიანთა დაკავებების პრაქტიკა გაგრძელდა. ადამიანის უფლებების დაცვის დღისთვის საქართველოში 80-ზე მეტი ადამიანი საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების გამო აღმოჩნდა დაკავებული ადმინისტრაციული წესით (გამონაკლისს ამ თვალსაზრისით გიორგი რურუა, ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წარმოადგენს, მას სსკ-ით ასამართლებენ).

სახალხო დამცველის მწვავე შეფასებები

„სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა... „

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი. აჭარის ტელევიზია, ბათუმი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი. აჭარის ტელევიზია, ბათუმი

„აღსანიშნავია, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშლილ იქნა ძალის გამოყენებით. მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან,“...

„2019 წელს განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა... დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს... ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT),“- ეს გახლავთ ამონარიდები სახალხო დამცველის მოხსენებიდან.

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი. საქართველო
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი. საქართველო

იუსტიციის მინისტრი, ის ოფიციალური პირი, ვის მიმართაც სახალხო დამცველმა მწვავე კრიტიკა არ დაიშურა, ციხეებში არსებულ მწვავე ვითარებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველი ფაქტებს ამახინჯებს. თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას სთავაზობს უფრო ხშირად შეხვდეს პატიმრებს, ან მასთან ერთად მოინახულოს პენიტენციური დაწესებულებები: „ჩემის მხრივ, ვაცხადებ, რომ არანაირი კანონიერი ქურდის მმართველობა არაა დაწესებულებებში და ვერც იქნება“,-ასეთია იუსტიციის მინისტრის პასუხი.

ცხინვალის ციხე და ახალგორის კრიზისი

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები იმ ორგანიზაციის ოფისთან მივიდნენ, რომელმაც 54 წლის წინ 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღო. ეს ლოკაცია იმის გამო შეირჩა, რომ ოჯახს თვალნათლივ ეჩვენებინა საკუთარი მოთხოვნა - ექიმის გათავისუფლების პროცესში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ჩართვის თაობაზე.

"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" - აქცია გაეროს ოფისთან. თბილისი, 10 დეკემბერი, 2019
"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" - აქცია გაეროს ოფისთან. თბილისი, 10 დეკემბერი, 2019

ექიმის დაკავებიდან თვეზე მეტი გავიდა, დაკავების უკანონობაზე ყველა ორგანიზაცია და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცესთან თავსებადი სახელმწიფო თანხმდება, მაგრამ უკანონობის აღკვეთა ამ დრომდე ვერ ხერხდება. „ვაჟა ციხეში გამომწყვდეულია, ადამიანის უფლებები დარღვეულია და არა მხოლოდ ვაჟა. ჩვენ გვესმის, რომ კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამემამულე ასევე დააკავეს უკანონო და არარსებული საზღვრის კვეთის გამო. ჩვენ ყველას სოლიდარობას ვუცხადებთ და ვფიქრობთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი აბსურდები აღარ უნდა ხდებოდეს,“- აცხადებს თამილა ლაფანაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე აქციაზე.

დაკავებული ექიმის საკითხის დაყენებას ოჯახი ასევე ითხოვს ჟენევის დისკუსიებზე. ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს: „ჟენევაში დისკუსიის დროს, გვინდა, საქართველომ მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება. ასევე მოვითხოვთ, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ჩართვას ამ პროცეში. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე და 32 დღეა, რაც მამაჩემის, ვაჟა გაფრინდაშვილის უფლება ირღვევა“.

„პროცედურების“ თანახმად, ცხინვალში, დე-ფაქტო სასამართლომ სხდომა უნდა ჩანიშნოს, სადაც ექიმის საკითხი განიხილება. არსებული ცნობების მიხედვით, ეს პროცესი 13 დეკემბერსაა ჩანიშნული. სწორედ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება წარმოაჩენს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი დე-ფაქტო ადმინისტრაციის დამოკიდებულებას.

ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უმძიმესი რჩება ვითარება ახალგორში, რომელთან დამაკავშირებელი გზაც სექტემბრის დასაწყისიდან ჩაკეტილია. ეს გახლავთ დე ფაქტო ადმინისტრაციის ერთგვარი რევანში ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს გახსნის გამო. უკანასკნელ პერიოდში დე-ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისისკენ გაუშვას მხოლოდ უმძიმესი ავადმყოფები, თუმცა გაშვების „წესთან“ დაკავშირებით ასევე ბევრი გაურკვევლობაა. მაგალითად, უცნობია, უკან დაბრუნების უფლება აქვთ თუ არა მძიმე პაციენტებს, ან შესაძლებელია თუ არა, მათ ვინმე ახლობელი გაჰყვეს საავადმყოფოში. უცნობია ისიც, ამ „გამყოლს“ მისცემენ თუ არა ახალგორში დაბრუნების უფლებას და სხვა. გზის ჩაკეტვისა და შესაბამისი სამედიცინო სერვისის არარსებობის გამო, ახალგორიდან ადამიანური მსხვერპლი უკვე არსებობს.

გრძელდება უკანონო დაკავებების პროცესი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ორი დღის წინ კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები 4 მოქალაქე დააკავეს „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი გახლდათ, 14 წლის მოზარდი. მან ცხინვალის იზოლატორში ერთი ღამე გაატარა, რის შემდეგაც გამოუშვეს.

დღეს 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე და სამწუხაროა, რომ მედიას, უმეტესწილად, ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით არსებული ვითარების მიმოხილვა უფრო უწევს, ვიდრე წარმატებების აღნიშვნა ამ მიმართულებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG