ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი ამბობს, რომ 6 იანვარს ტრამპის მსგავსად ვერასოდეს შეაფასებს


ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ 6 იანვრის მოვლენებს ოდესმე დონალდ ტრამპის მსგავსად დაინახავდა. თუმცა დასძინა, რომ ის ყოველთვის იამაყებს იმით, „რასაც ამერიკელი ხალხისთვის მივაღწიეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში“.

პენსმა განცხადება ნიუ-ჰემფშირის შტატში რესპუბლიკელების შეკრებაზე გააკეთა. ეს, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვრცელი კომენტარი იყო 6 იანვრის მოვლენებზე, როდესაც ტრამპის მხარდამჭერების ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა. ზოგიერთი მათგანი მაშინ ყვიროდა „ჩამოვახრჩოთ მაიკ პენსი!“. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პენსმა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა იმის უფლებამოსილება, რომ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება უკან შეეტრიალებინა.

„როგორც იმ დღესვე ვთქვი, 6 იანვარი შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის ისტორიაში ბნელი დღე იყო. მაგრამ კაპიტოლიუმის პოლიციის და ფედერალური სამართალდამცავების სწრაფი მოქმედების წყალობით, ძალადობა შეჩერებულ იქნა“, თქვა მაიკ პენსმა.


მან დასძინა, რომ „ამავე დროს, ჩვენ ხელახლა შევიკრიბეთ და შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, რომელსაც კონსტიტუცია და ჩვენი კანონები გვავალდებულებს. იცით, მე და პრეზიდენტ ტრამპს ბევრჯერ გვისაუბრია მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია დავტოვეთ. მე არ ვიცი, შევძლებ თუ არა ოდესმე ის დღე ისე დავინახო, როგორც ის ხედავს“.

ეს პენსის მიერ ტრამპისგან განსხვავებული შეხედულების გაჟღერების იშვიათი შემთხვევა იყო. ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის ტრამპის ერთგული და ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი იყო სადავო გამოძიებების თუ იმპიჩმენტის პროცესების ფონზე. პენსი, სავარაუდოდ, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რისთვისაც მას იმ რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება, რომლებსაც ტრამპისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ 6 იანვრის მოვლენებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG