ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი: "სასტიკი სიმართლე ისაა, რომ თქვენ ვერ იქნებით უსაფრთხოდ ბაიდენის ამერიკაში"


„სასტიკი სიმართლე ის არის, რომ თქვენ ვერ იქნებით უსაფრთხოდ ჯო ბაიდენის ამერიკაში“ – რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კონვენციის მესამე დღეს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ისაუბრა. პენსი, სიტყვით ისტორიული მნიშვნელობის ადგილზე, ბალტიმორის ფორტ მაკჰენრის ეროვნულ მონუმენტთან გამოვიდა. ესაა ადგილი, სადაც 1814 წელს, აშშ-ის დაფძნების ადრეულ წლებში, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ბრიტანეთის თავდასხმა მოიგერიეს. სწორედ ეს ბრძოლა იქცა აშშ-ის ჰიმნის შექმნისას, შთაგონების წყაროდ.

მაიკ პენსმა, სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატზე. მან თქვა, რომ „ჯო ბაიდენს ამერიკა სისტემური რასიზმის“ ქვეყნად მიაჩნია.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრავალი მომხრე, ჯო ბაიდენს საპროტესტო მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ​ბაიდენს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ სხვა ლიბერალი აქტივისტების მსგავსად, ის თითქოს მხარს უჭერს ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების დაფინანსების შემცირებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"მე არ მსურს პოლიციის სუბსიდირების შემცირება" - განაცხადა ჯო ბაიდენმა მანამდე. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ პირიქით, პოლიციას მეტი ფული ჰქონდეს, რათა ურთულეს გამოწვევებს თავი გაართვას.

ნომინაცია

პენსმა, ახლა უკვე ფორმალურად მიიღო მეორე ვადით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაცია. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ის მეორე ვადით გახდება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი.

კონვენციის მიმდინარეობისას, დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი, თავის ადმინისტრაციას წარმოაჩენდნენ, როგორც სამართალდამცავთა მტკიცე მხარდამჭერს, იდგნენ ძალადობრივი პროტესტის წინააღმდეგ, რომელიც რასობრივი უსამართლობისა და უმცირესობებთან მიმართებაში, პლიციის ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ, 25 მაისს დაიწყო. მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი შავკანიანი მამაკაცი, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

„ძალადობა უნდა შეწყდეს, იქნება ეს მინეაპოლისში, პორტლენდში თუ კენოშაში“ - განაცხადა პენსმა და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება „კანონისა და წესრიგის“ გარანტი, აშშ-ის თითოეული მოქალაქისთვის.

„ამერიკელმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს, სამართლის აღსრულებასა და ჩვენი აფროამერიკელი მეზობლების გვერდით დგომას შორის, იმისთვის, რომ ჩვენს ქალქებში ცხოვრება გაუმჯობესდეს. ჩვენი ადმინისტრაციის პირველივე დღიდან, ჩვენ ორივეს ვაკეთებთ და ამას გავაგრძელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თეთრ სახლში“ - აცხადებს პენსი.

პრეზიდენტი და პირველი ლედი

პენსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ისტორიული მემორიალის სცენაზე, პრეზიდენტი და პირველი ლედი გამოჩდნენ - დონალდ და მელანია ტრამპები. ისინი მაიკ პენსს მიესალმნენ და ამის შემდეგ ეროვნული ჰიმნი შესრულდა იმ ადგილზე, რომელსაც ამერიკელებისთვის და ქვეყნის ისტორიისთვის გამორჩეული სიმბოლური დატვირთვა აქვს.

თავად დონალდ ტრამპის, პრეზიდენტობის კანდიდატად რენომინაციის ცერემონიალი დღეს, თეთრ სახლში გაიმართება, ეროვნულ მოლზე მოწყობილი ფოიერვერკების ფონზე.

სამშაბათს, რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე, სიტყვით გამპოვიდა პირველი ლედი. მელანია ტრამპმა თანაგრძნობა გამოთქვა ასობით ათასი ამერიკელის მიმართ, ვინც პანდემიამ დააზარალა.

„მარტის შემდეგ, ჩვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ვლოცულობ მათთვის, ვინც დაავადებულია და სიცოცხლისთვის იბრძვის. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ღელავს და თავს უმწეოდ გრძნობს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ“ - განაცხადა პირველმა ლედიმ, თეთრი სახლის განახლებულ ვარდების ბაღში სიტყვით გამოსვლისას.

კონვენციის მიმდინარეობისას გამოთქმულ მოსაზრებებს აკრიტიკებენ ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები. მათი აზრით, განცხადებებში არ ჩანს გეგმა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ან მისი კონტროლის შესახებ.

„დონალდ ტრამპის მუდმივმა უარყოფამ, ვირუსს სერიოზულად მიდგომოდა, შეერთებული შტატები, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე ცუდ ვითარებაში ჩააგდო. კონვენციიდან კი ვერ ვისმენთ ზიანის მასშტაბების აღიარებას, დანაკარგის გაცნობიერებას“ - აცხადებს ბაიდენის პრესსპიკერი.

წინასწარი გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ ბაიდენი ტრამპს რეიტინგებში საშუალოდ 7,6 პროცენული მაჩვენებლით უსწრებს.

ამერიკის უახლესი ისტორიის გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში, პირველი ვადის შემდეგ, თეთრი სახლის მეორე ვადით დაკავება, მხოლოდ ორმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო - ჯიმი კარტერმა, 1980 წელს და უფროსმა ჯორჯ ბუშმა, 1992 წელს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG