ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი თეთრ სახლს ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს


ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

კონგრესის წამყვანი დემოკრატები თეთრი სახლის ადმინისტრაციას ე.წ. რუსეთის ჯილდოების საქმეზე აკრიტიკებენ. მათი შეხედულებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წევრები ცდილობენ ამერიკელი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაცია სერიოზულ საკითხს არ წარმოადგენდეს.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვას თალიბებისთვის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ამასთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის და სენატის კანონმდებლებმა დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანს მოუსმინეს.

დემოკრატების კრიტიკა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგს მოჰყვა. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, კონგრესის ლიდერებთან მივიდნენ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელები.

ჯინა ჰასპელი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი კონგრესის ბრიფინგზე მიდის
ჯინა ჰასპელი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი კონგრესის ბრიფინგზე მიდის

წარმომადგენელტა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ არაფერი თქვა თავად იმ ინფორმაციაზე, რომელიც დახურულ ბრიფინგზე მოისმინა. თუმცა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მისი ადმინისტრაციის წევრებს ინფორმაციის სერიოზულობა მინიმუმზე დაჰყავთ და ამით ცუდ სამსახურს უწევენ ავღანეთში დისლოცირებულ, შეერთებული შტატების სამხედროებს.

"ნუ წამოეგებით ამაზე, არც დაზვერვის თანამეგობრობა წამოგებულა" - თქვა პელოსიმ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, "მათ საკმარისი საიდუმლო ინფორმაცია აქვთ იმისთვის, რომ იცოდნენ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავიდანვე განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვას თალიბებისთვის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ამერიკის დაზვერვამ ეს სიგნალი თავის დროზე სარწმუნოდ არ ჩათვალა - თქვა კვირას პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ ინფორმაციას ყველა უარყოფს, "ჩვენს ჯარებზე ავღანეთში რუსეთის ე.წ. იერიშების შესახებ, როგორც ეს ყალბი ახალი ამბების 'ანონიმურმა წყარომ' გამოაქვეყნა" - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". "დაზვერვამ ახლა მაცნობა, რომ ეს მათ სარწმუნოდ არ ჩათვალეს, შესაბამისად არ მოგვახსენეს მე ან ვიცე-პრეზიდენტს " - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კი ინფორმაციის გაჟონვაში დაზვერვის ოფიციალური პირები დაადანაშაულა. კეილი მაკენანმა სამშაბათს თქვა, რომ "დაზვერვის თაღლითი ოფიცრები" გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამერიკელ ჯარისკაცებს ადგილზე დამატებით რისკებს უქმნიან.

მაკენანმა "ნიუ-იორკ თაიმსიც" გააკრიტიკა, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა აღნიშნული ინფორმაცია. "ეს კარგს არაფერს მოიტანს" - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს. "ვის მოუნდება შეერთებული შტატების დაზვერვასთან თანამშრომლობა? ვინ მოისურვებს იყოს წყარო ან თანამშრომელი, როცა იციან, რომ მათი ვინაობა შეიძლება გაამხილონ" - ამბობს კეილი მაკენანი.

აქამდე კონგრესის წევრებთან ბრიფინგები ეროვნული დაზვერვის დირექტორ ჯონ რატკლიფს მიჰყავდა. მასთან ერთად თათბირებს ატარებდნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი რობერტ ობრაიენი და თეთრი სახლის აპარატის უფროსი მარკ მიდოუსი. ორივე, რატკლიფი და ობრაიენი თანამდებობაზე ახალი დამტკიცებულია.

წინა ბრიფინგებზე მათ არერთხელ გაიმეორეს, რომ ე.წ. რუსული ჯილდოს პროგრამის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ვერ მოხერხდა. ამით ხსნიან ისინი მიზეზს, თუ რატომ არ იქნა მიტანილი სადაზვერვო ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპამდე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG