ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ამერიკის დაზვერვას ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს


კეილი მაკენანი, თეთრი სახლის პრესმდივანი
კეილი მაკენანი, თეთრი სახლის პრესმდივანი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისევ უწევს პასუხების გაცემა ე.წ. რუსულ ჯილდოსთან დაკავშირებულ კითხვებზე. რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვას თალიბებისთვის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამის შესახებ მისთვის არავის არაფერი მოუხსენებია. "დაზვერვამ ახლა მაცნობა, რომ ეს მათ სარწმუნოდ არ ჩათვალეს, შესაბამისად არ მოგვახსენეს მე ან ვიცე-პრეზიდენტს" - ასეთი იყო პრეზიდენტის მიერ კვირას, 28 ივნისს გაკეთებული განმარტება.

თუმცა, მას შემდეგ "ნიუ-იორკ თაიმსში" კიდევ ერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. სამშაბათს, 30 ივნისს, გაზეთი წერდა, რომ შეერთებული შტატების დაზვერვამ დააფიქსირა დიდი თანხების მოძრაობის ფაქტი. იმავე პერიოდში, თანხა რუსეთის სამხედრო დაზვერვამ თალიბანთან ასოცირებულ პირებს გადაურიცხა.

თეთრი სახლის პრესმდივანი ინფორმაციის გაჟონვაში დაზვერვის ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს. კეილი მაკენანმა გუშინ თქვა, რომ "დაზვერვის თაღლითი ოფიცრები" გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამერიკელ ჯარისკაცებს ადგილზე დამატებით რისკებს უქმნიან.

მაკენანმა "ნიუ-იორკ თაიმსიც" გააკრიტიკა, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა აღნიშნული ინფორმაცია. "ეს კარგს არაფერს მოიტანს" - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს. "ვის მოუნდება შეერთებული შტატების დაზვერვასთან თანამშრომლობა? ვინ მოისურვებს იყოს წყარო ან თანამშრომელი, როცა იციან, რომ მათი ვინაობა შეიძლება გაამხილონ" - ამბობს კეილი მაკენანი.

თეთრი სახლის კომენტარების პარალელურად, ვრცელდებოდა ახალი ცნობები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა იცოდა ამერიკელების მოკვლისთვის რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესებაზე. საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შექმნილ ვითარებაზე თებერვლის ბოლოს, წერილობით მოახსენეს.

პრეზიდენტი ტრამპი, ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან მისმა სავარაუდო ოპონენტმა, ჯო ბაიდენმაც გააკრიტიკა. "ის ვერსია, რომ თითქოს მან არ იცოდა, ან არ მოახსენეს, [საპრეზიდენტო] მოვალეობის მიმართ დაუდევრობაზე მიუთითებს, თუკი ეს ასეა" - უთხრა ჟურნალისტებს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, უილმინგტონში გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ამერიკელებმა აქედან უნდა დაასკვნან, რომ "ეს კაცი შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია".

ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო შეხვედრაზე
ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო შეხვედრაზე

თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის შემდეგ, რომელსაც ადმინისტრაციის სხვა წევრებთან ერთად, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯონ რატკლიფი უძღვებოდა, პრეზიდენტის ქმედება დემოკრატიული პარტიის სხვა ცნობილმა სახეებმაც გააკრიტიკეს. "ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია ის თავდაპირველი რეაქცია, რომ მათი სურვილი იყო, პრეზიდენტს არაფერი გაეგო" - ამბობს წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტი.

კონგრესმენის თქმით, ეს არ არის "ნორმალური" სიტუაცია. "იქიდან გამომდინარე, რაც დეღს მოვისმინეთ, ეს ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ჯერ ერთი: პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა და მეორე: მან იცოდა" - აღნიშნავს ადამ სმიტი.

ჩაკ შუმერი, სენატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი
ჩაკ შუმერი, სენატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი

"ვერაფერი, რაც ჩვენ ახლა ამ ბრიფინგზე მოვისმინეთ, ვერ მარწმუნებს იმაში, რომ ეს სიყალბეა" - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა ლიდერმა სტენი ჰოიერმა. დემოკრატთა ერთ ჯგუფს ის აწუხებს, თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის რეაქცია დღეს და როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. "იმაზე მკითხაობის ნაცვლად, რა იცოდა მან და რა არ იცოდა, მას სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონოდა" - ამბობს სენატის დემოკრატთა ლიდერი ჩაკ შუმერი. "და პირველ რიგში, მას პასუხი უნდა მოეთხოვა პუტინისთვის" - აღნიშნავს ის.

მოვლენებს დღეს დილიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერით" ეხმაურებოდა. "კიდევ ერთი სიყალბე" - დაწერა მან სოციალურ ქსელში და "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიებზეც თქვა, რომ მათი წყარო რეალურად "სავარაუდოდ, არც კი არსებობს". პრეზიდენტმა ტრამპმა პენტაგონის განცხადებაც მოიშველია, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის დეპარტამენტს მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია.

პენტაგონმა განცხადება ორშაბათს საღამოს გააკეთა. თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, პენტაგონს არ გააჩნია რუსეთის მიერ ჯილდოების დაწესების დამადასტურებელი მტკიცებულებები. თუმცა, ისინი ადგილზე ამერიკელი ჯარისკაცების დასაცავად, დამატებითი ზომების მიღებას მაინც გეგმავენ.

ჯერჯერობით პრეზიდენტს არ გაუკეთებია კომენტარი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. რობერტ ობრიენმა თეთრ სახლში მისულ ჟურნალისტებს დღეს უთხრა, რომ რუსეთის შეთქმულებაზე "პრეზიდენტს სრულად მოახსენეს". მან ასევე განაცხადა, რომ ამ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ეკისრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG