ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას, სად და როგორ მალავენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები


12 მილიონამდე დოკუმენტის შესწავლის შემდეგ,გამომძიებელ ჟურნალსიტთა საერთაშორისო კონსორციუმმაახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რას მალავენ ოლიგარქები, ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტები და რატომ უნდა იცოდნენ ეს მათი ქვეყნის მოქალაქეებმა? გასაჯაროებულ მასალებში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა არაერთი ლიდერისა თუ ოლიგარქის სახელი მთელი მსოფლიოდან.

“ის, რაც მთელ მსოფლიოში ხდება, არის კორუფციის პანდემია“, - ამბობს დრიუ სალივანი, ჟურნალისტი, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციას თითქმის 20 წელია იძიებს. ახლა კი, იმ ასობით ჟურნალისტსა და რედაქტორს შორისაა, ვინც გავლენიანი პოლიტიკოსებისა თუ საჯარო მოხელეების მთელ მსოფლიოში გაბნეულ საიდუმლო ქონებას კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი.

12 მილიონამდე დოკუმენტი ჟურნალისტებმა იმ 14 ოფშორული კომპანიიდან მოიპოვეს, რომლებიც უამრავ ადამიანს საკუთარი ქონების დამალვასა თუ გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

ლუკ ჰარდინგი, გამოცემა „გარდიანის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში კორესპონდენტად მუშაობდა და რომელსაც 2011 წელს ქვეყანა იძულებით დაატოვებინეს, ერთ-ერთია იმ ასობით ჟურნალისტს შორის, ვინც საიდუმლო მასალებზე მუშაობდა. ჰარდინგი 2008 წლის ომს და ყირიმის ანექსიას მოვლენათა ეპიცენტრიდან აშუქებდა.

ოფშორული სამყარო არ არის პატარა, 21-ე საუკუნის ეკონომიკური სისტემის განყენებული ნაწილი. ეს თავად არის სისტემა. ჩვეულებრივი მოქალაქე კი, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით,გადასახადებს პატიოსნად იხდის, თავს იდიოტად გრძნობს და ის უბრალოდ დამარცხებულია
", - ამბობს ლუკ ჰარდინგი

„ფართო სურათს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსები, მდიდარი ადამიანები, მილიარდერები, ოლიგარქები, საჯარო მოხელეები, მალავენ საკუთარ ფულსა და ქონებას „ოფშორებში“, ისეთ ადგილებში, როგორიც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, პანამა, მონაკო ან სხვა ადგილებია - ე.წ. საგადასახადო სამოთხეები", - ამბობს ჰარდინგი და განმარტავს, რომ ეს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საგულისხმო ცნობებია.

"ვიგებთ, რომ არსებობს ორსაფეხურიანი სისტემა - სადაც თქვენ და მე, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ყოველთვიურად, ყოველწლიურად ვიხდით გადასახადებს, მაგრამ არის ექსკლუზიური მოქალაქეების ცალკე ელიტური ჯგუფი, ხშირად ძალაუფლების მქონე პოზიციებთან დაკავშირებული, რომლის წევრებიც პოულობენ უფრო ჭკვიანურ გზებს იმისა, რომ გადასახადები შეიმცირონ ან სულ არ გადაიხადონ", - ამბობს ჟურნალისტი.

„ოფშორი“, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით სარგებლობენ, იქნება ეს კომპანიების რეალური მფლობელების კონფიდენციალობა, ფინანსური ოპერაციების სიმარტივე, დაბალი გადასახადები ან მათგან სრულად თავის არიდება და სხვა არაერთი რამ, რაც ამ ადგილებს „საგადასახადო სამოთხეებად“ აქცევს.

დრიუ სალივანი, „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ე.წ. "პანამის დოკუმენტებზე" მუშაობის და მათი გამოქვეყნების შემდეგაც ბევრი საუბრობდა საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებაზე, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა.

რას, სად და როგორ მალავენ ყველაზე გავლენიანი ადამიანები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00

"როდესაც ჩვენ ამ გამოძიებამდე ე.წ. „პანამის დოკუმენტებზე“ ვმუშაობდით, ბევრი საუბარი იყო კანონმდებლობის შეცვლაზე, მეტი გამჭვირვალობის შექმნაზე იმის თაობაზე, თუ ვინ არის საბოლოო ბენეფიციარი, მფლობელი, რომელიც საბოლოო მოგებას იღებს. მაგრამ ძალიან დიდი წინააღმდეგობაა დიდი ფულის მქონე ინტერესთა ჯგუფების მხრიდან. იმ ძლევამოსილი კორპორაციებისგან, იმ ე.წ. კრიმინალური სერვისების ინდუსტრიისგან, რომელიც ამ ყველაფერშია ჩართული.

ესაა უზარმაზარი კომპანიები, იურიდიული ფირმები, ბანკები, ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების უდიდესი ინდუსტრია, რომელიც ამას ლობირებს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმარისია, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი კომპანიები, რომელთა შეუფერებლად გამოყენებაც ასე ადვილია, არ გვჭირდება ინდუსტრია, რომელსაც ასეთი მიზნებით იყენებენ", - განმარტავს სალივანი.


გასულ კვირას მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ გლობალურად 15%-იან მინიმალურ საგადასახადო განაკვეთს. თუმცა რეფორმის დასრულებამდე და აღსრულებამდე კიდევ გრძელი გზაა. მანამდე კი, ფინანსური მაქინაციებით, საკანონმდებლო შავი ხვრელებით, თუ ფორმალურად კანონიერად ნაშოვნი ფულის დაბანდება ხშირად სწორედ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების უდიდეს ქალაქებში ხდება. ლონდონი, ნიუ-იორკი, მაიამი მხოლოდ რამდენიმეა იმ ადგილებს შორის, სადაც კორუმპირებული თუ კრიმინალური ფული პოულობს „ბინას“. ხშირად, პირდაპირი მნიშვნელობით.

მასალებში ჩანს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის საიდუმლო ქონების ფასმა ლონდონში ბოლო 15 წლის განმავლობაში 544 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იორდანიის მეფე აბდულას კი ამერიკასა და ბრიტანეთში ქონების მთელი ფარული იმპერია აქვს - 100 მილიონ დოლარზე მეტად შეფასებული. მილიონობით დოლარის ღირებულების ოფშორულ კომპანიებს ფლობენ პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც; ჩეხეთის პრემიერმა, როგორც ჩანს, ანონიმური ოფშორული კომპანიის მეშვეობით 22 მილიონ დოლარად უძრავი ქონება საფრანგეთში იყიდა; სერბეთის ფინანსთა მინისტრს კი 20-ზე მეტი ბინა აქვს ბულგარეთში. დოკუმენტებში საუბარია ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინთან დაახლოებული პირების ქონებაზეც.


„პანდორის დოკუმენტებიდან“ ვხედავთ, რომ ეს ამბავი არ ეხება ადამიანების მიერ ფულის მოპარვას მხოლოდ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში ან შორეულ ქვეყნებში, რომელთა დიდი ნაწილიც არ არის დემოკრატიული. ვხედავთ, რომ არსებობს ოფშორული კომპანიების მთელი კლასი, შუამავლების ჯგუფები, რომლებიც ეხმარებიან ამ პირებს მათი კანონიერი თუ უკანონო ქონების დამალვაში. საუბარია ბუღალტრებზე, სერვისების მიმწოდებელ კომპანიებზე, რომლებიც მართავენ ამ უზარმაზარი ოფშორულ იმპერიის ფუნქციონირებას მთელ მსოფლიოში. შენ შოულობ ფულს იქ, სადაც ცოტა სამართლებრივი გარანტიაა და ინახავ დასავლეთში, ყიდულობ ქონებას ლონდონში", - ამბობს ლუკ ჰარდინგი და დასძენს, რომ მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით სევდიანი იმის გააზრებაა, რომ ის, რაც მათთვის დაუშვებელია, შესაძლებელია გავლენიან ადამიანთა ჯგუფისთვის.

ლუკ ჰარდინგი
ლუკ ჰარდინგი

"ეს ძალიან დიდი თემაა ბრიტანეთში. ჩვენც რთული წლები გვაქვს, ბიუჯეტის შეკვეცა, გადასახადების დაგეგმილი ზრდა, ბევრი უმუშევარი... და ამ დროს მდიდარი ადამიანების ამ კლუბს შეუძლია ამ ყველაფრის ზევით იტივტივოს და გადასახადები კვლავ თავიდან აიცილოს", - ამბობს ჟურნალისტი.

"მდიდარ ადამიანთა კლუბის" წევრებს შორის არიან მოქმედი თუ ყოფილი საჯარო მოხელეები, პრეზიდენტები, მინისტრები, თითქმის ყველა, მათ შორის სამეფო ოჯახები, ნარკორეალიზატორები თუ რელიგიური ლიდერები 200-ზე მეტი ქვეყნიდან და ტერიტორიიდან. დოკუმენტებში საუბარია 330 პოლიტიკოსზე და გამოცემა „ფორბსის“ ცნობებით, 130 ოფიციალურ მილიარდერზე. დოკუმენტებში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის კომპანიებიც. "აი ფაქტის" ქართველმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის ჩრდილოვან ქონებას იკვლევდნენ, მისი სახელით ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ 12 კომპანიას მიაგნეს.

დრიუ სალივანი ფიქრობს, რომ ამ მასალებს ბევრ ქვეყანაში შესაძლოა გამოძიებათა სერია მოჰყვეს, ზოგან კი, სწრაფ და რეალურ შედეგებს ვერც ვნახავთ, რადგან ეს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ქონებას ეხება. თუმცა, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საუბარი იმაზე, თითქოსდა ეს ადამიანები უბრალოდ ხელსაყრელ რეგულაციებს კანონის ფარგლებში იყენებენ, არასწორია. რადგან გამომძიებელ ჟურნალისტთა ხელთ არსებული მასალებით და ხშირად მიმოწერითაც კი დასტურდება, რომ არაკეთილსინდისიერ ფინანსურ ოპერაციებთან ერთად, ისინი კანონის დარღვევას გეგმავდნენ.

"ამდენი წლის განმავლობაში ამგვარი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, მთავარი, რასაც მივხვდი, ისაა, რომ ოფშორული სამყარო არ არის პატარა, 21-ე საუკუნის ეკონომიკური სისტემის განყენებული ნაწილი. ეს თავად არის სისტემა. ჩვეულებრივი მოქალაქე კი, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, გადასახადებს პატიოსნად იხდის, თავს იდიოტად გრძნობს და ის უბრალოდ დამარცხებულია", - ამბობს ლუკ ჰარდინგი.

"პანდორის დოკუმენტებში" ნახსენები გავლენიანი პირების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც კი დასმულ შეკითხვებს გამოეხმაურა, უარყოფს, რომ ქონების დამალვას, გადასახადების თავიდან აცილებას ან კანონის დარღვევას ცდილობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG