ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში იმედი აქვთ, რომ ბლინკენი მათ მშვიდობას რაფაზე იერიშამდე მოუტანს


ჰუმანიტარული დახმარების რიგში, პალესტინელები საკვების მისაღებად დგანან. რაფა, ღაზის სექტორი. 5 თებერვალი, 2024 წ.
ჰუმანიტარული დახმარების რიგში, პალესტინელები საკვების მისაღებად დგანან. რაფა, ღაზის სექტორი. 5 თებერვალი, 2024 წ.

5 თებერვალს, ისრაელის დაბომბვის დროს, ღაზის სექტორში მყოფმა პალესტინელებმა იმედი გამოთქვეს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი რეგიონში მშვიდობას დაამყარებს. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ ზავი ანკლავში დარჩენილ ლტოლვილთა ბოლო თავშესაფარზე თავდასხმამდე დამყარდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის ახალი სამშვიდობო ინიციატივით ჩადის. თეთრმა სახლმა ისრაელს პირველად შესთავაზა ცეცხლის გრძელვადიანად შეწყვეტა.

შეერთებული შტატების დიპლომატიური სვლა ემთხვევა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი ასევე ცდილობს თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია რეგიონის სხვა ნაწილებში. პარასკევს, 2 თებერვალს, ვაშინგტონმა საპასუხო იერიში მიიტანა ახლო აღმოსავლეთის პროირანულ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე ერაყსა და სირიაში განლაგებულ, 85-ზე მეტ სამიზნეზე.

ამერიკა თვლის, რომ აღნიშნული სამიზნეები დაკავშირებულია ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და მათ მიერ მხარდაჭერილ ძალებთან იორდანიაში, სადაც დრონებით მიტანილი მსხვერპლიანი თავდასხმის შემდეგ, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები; რაკეტები, თუ რაკეტებისა და დრონების შესანახი ობიექტები; ლოგისტიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ქსელები.

სინფორმაციო სააგენტო "როიტერს" მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირები ეუბნებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ზავის დამყარებას მინიმუმ 40 დღით ითვალისწინებს. სანაცვლოდ, "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს მათ მიერ 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს გატაცებული მძევლები, რამაც ისრაელის მხრიდან საპასუხო ომი გამოიწვია.

ხანგრძლივი ზავი საერთაშორისო ორგანიზაციებს ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებას გაუადვილებს და იქ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქების საშუალებას მისცემს. 2.3 მილიონ დევნილს ომის დროს მიტოვებულ სახლებში დაბრუნების შანსი მიეცემა. ბოლო ზავი, რომელიც ღაზის სექტორში ყველაზე ხანგრძლივი იყო, მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა.

ვაშინგტონის სამშვიდობო შეთავაზება ასევე გაეგზავნა "ჰამასს", რომელიც სექტორს აკონტროლებს. გზავნილი პალესტინელ მებრძოლებს ერთი დღით ადრე, კატარისა და ეგვიპტის შუამავლებმა მიაწოდეს. თეთრი სახლი ჯერ კიდევ ელოდება პასუხს "ჰამასის" მეთაურებისგან, რომლებიც მანამდე მეტ გარანტიებს ითხოვდნენ, რომ ამერიკის წინადადება ღაზის სექტორში მიმდინარე ოთხთვიან ომს დაასრულებდა.

განვითარებული მოვლენების პარალელურად, ისრაელი აგრძელებს თავდასხმებს ღაზის სექტორის დასახლებულ პუნქტებზე. რამდენიმე ადგილზე მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, ისრაელი პალესტინელებს ქალაქ რაფაზე ახალი სახმელეთო თავდასხმით დაემუქრა. იქ ახლა ღაზაში დარჩენილი მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმყოფება.

რაფაში და მთლიანად ეგვიპტის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა. საკვების, მედიკამენტების, საწვავის და სხვა საარსებო საშუალებათა დეფიციტის ფონზე, დევნილებს ძირითადად იმპროვიზირებულ კარვებში სძინავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG