ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიკრონის გავლენა ინფიცირებულთა ჯანმრთელობაზე ჯერ დაუდგენელია


კორონავირუსის ახალი ვარიანტი - ომიკრონი ახლა უკვე 40 ქვეყანაში და ამერიკის 16 შტატშია გავრცელებული. ამერიკის მთავრობის ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ ზუსტად არ იციან, როგორ მოქმედებს ის ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობაზე.

"დაავადების განსაკუთრებული სიმწვავე არ ჩანს", - უთხრა ქვეყნის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ "სი-ენ-ენს".

თუმცა მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სანამ მეტი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდება, სიფრთხილე შევინარჩუნოთ.


გაურკვევლობაზე საუბრობს ფრენსის კოლინსიც, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი. მისი თქმით, მეცნიერები დღედაღამ მუშაობენ იმისთვის, რომ დაადგინონ არის ეს ვარიანტი სხვებზე ნაკლებ საშიში თუ არა. ეს ახლა მთავარი კითხვაა, რადგან ვირუსი უკვე ძალიან ფართოდ გავრცელდა და ეს გავრცელება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალს ფარავს.

"ნამდვილად შესაძლებელია, რომ ის არ იყოს უკანასკნელი ვარიანტი, რომელიც წარმოიშვება და დიდ ყურადღებას გამოიწვევს და შეშფოთების მიზეზი გახდება.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ამერიკის 8 ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში ფრენები აიკრძალა. ორშაბათიდან კი ამერიკაში ჩამოსვლის მსურველებს კოვიდ-ტესტი არა 3 დღით ადრე, არამედ მგზავრობის წინა დღეს უნდა ჰქონდეთ ჩატარებული.

ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ტესტირება მალე შესაძლოა შიდა, ეორვნულ ფრენებზეც გახდეს საჭირო, თუმცა ფრენსის კოლინსს მიაჩნია, რომ ამის გაკეთება ზედმეტად რთული იქნება და ამასთან, შესაძლოა ვირუსის ამ ვარიანტის გავრცელება ვერც შეზღუდოს. თუმცა რამდენიმე ქვეყანამ, მაგალითად, ისრაელმა, მოროკომ და იაპონიამ უცხოელი ტურისტების შესვლა ქვეყანაში საერთოდ აკრძალეს.

სამხრეთ აფრიკაში ომიკრონი დელტასთან შედარებით, 2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. თავად დელტა კორონავირუსის სხვა ვარიანტებს შორის აქამდე ყველაზე გადამდებად მიიჩნეოდა.

შეერთებულ შტატებში ომიკრონის გავრცელების პარალელურად, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც პირველად აიცრა. ამ მაჩვენებელმა ხუთშაბათს ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. თუმცა ამ დრომდეც, 60 მილიონამდე ადამიანი, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, აცრაზე უარს ამბობენ.

ამერიკაში კოვიდ-19-ის გართულებებით ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი - 784 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში ვირუსი თითქმის 49 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. ამერიკაში ამ დროისთვის 200 მილიონზე მეტი მოქალაქეა სრულად აცრილი, 45 მილიონზე მეტმა კი უკვე გამაძლიერებელი დოზაც გაიკეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG