ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასაქმების პრობლემა ამერიკაში


დასაქმების პრობლემა ამერიკაში

უმუშევრობის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ყველაზე დაბალია, თუმცა გასულ თვესთან შედარებით მან მხოლოდ პროცენტის ერთი მეათედით დაიკლო. ოქტომბრის დასაქმების ანგარიშის მიხედვით ამერიკაში 80 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უფრო მეტი ვიდრე აგვისტოში ან სექტემბერში. შედეგი, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, მაგრამ დიდი სურათისთვის - არც ისე იმედის მომცემი. უმუშევრობის მაჩვენებელი ისევ 9-პროცენტიან ნიშნულზეა და ქვეყანაში 13,9 მილიონი მოქალაქე დაუსაქმებელია.

ძალიან ძნელია ამ პირობებში ოპტიმიზმის შენარჩუნება, ამბობს ჯუდი, რომელმაც სამსახური ერთი წლის წინ დაკარგა:

„იმდენი ადამიანი ეძებს სამსახურს, რომ ეს ყველაფერი დროში იწელება და შანსებიც თანდათან იკლებს. ვცდილობ მოთმინება შევინარჩუნო, მაგრამ ამდენ გასაუბრებაზე გავდივარ და მაინც - უშედეგოდ. ყველას ვეხვეწები სამუშაო მომცენ, მაგრამ იმხელა არჩევანი აქვთ, რომ არაფერი გამომდის“ - ამბობს ჯუდი.

ბევრ სხვა დასაქმების კომპანიასთან ერთად ჯუდი ვირჯინიის ოფისის ხშირი სტუმარია. აქ ინფორმაცია რეგიონის თითქმის მთელი ვაკანსიების შესახებ იყრის თავს. მასთან ერთად სამუშაოს კევინ ნორისიც ეძებს. მაგისტრის ხარისხი დაცული მაქვს და 13 წლის ასაკიდან ვმუშაობ, ამბობს კევინი.

„ვერაფრით ვიგებ, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ სამუშაო ვიპოვო. მხოლოდ იმით შემიძლია თავი დავიწყნარო, რომ მთელ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში სერიოზული კრიზისია და მარტო არ ვარ“, ამბობს ის.

საერთო-ეროვნული მაჩვენებლის მცირედი გაუმჯობესება აქ არ იგრძნობა. საქმე ძალიან ძნელად მიიწევს წინ, აღნიშნავენ შტატის დასაქმების ოფისის თანამშრომლები. ვირჯინიის დასაქმების კომისიის მენეჯერი, დოტი ბრაუნი ყველას მოუწოდებს ფარხმალი არ დაჰყარონ და მათ ცენტრში ხშირად იარონ.

ჩვენ გვაქვს კლასები, რომლებშიც რეზიუმეს წერას ვასწავლით, სიმულაციური ინტერვიუს საშუალებით ვავარჯიშებთ გასაუბრებაზე თავის დაჭერაში. ასევე ვზრუნავთ მათ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე, რომ რწმენა არ დაკარგონ. ხშირად ვუმეორებთ, რომ ისევ ის არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, რომელმაც უბრალოდ ამ მომენტში სამუშაო დაკარგა. ასე ვამზადებთ მათ მომავალი პოზიციისთვის. კლასები, კომპიუტერები, ინტერნეტი, სადაც უმუშევრები სამსახურს ეძებენ - ეს ყველაფერი უფასოა მათთვის“ - ამბობს ქალბატონი ბრაუნი.

უმუშევრების ნაწილი ამ მდგომარეობას ვაშინგტონში პოლიტიკოსების უუნარობას და მათ გაუთავებელ პარტიულ დაპირისპირებებს აბრალებს. დემოკრატები რესპუბლიკელებს ადანაშაულებენ და პირიქით.

ჯინ სპერლინგი, თეთრ სახლში ეკონომიკის ეროვნული საბჭოს დირექტორი, თვლის, რომ პრეზიდენტის სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა ბევრ პრობლემას გადაჭრის, მაგრამ კაპიტოლიუმში რესპუბლიკელების ოპონირება საქმეს აფერხებს.

ყველანაირი ვადა ამოვწურეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ შევიგნოთ ერთი რამ: ხანგრძლივი უმუშევრობა ქვეყნის ეკონომიკას გრძელვადიან ზარალს აყენებს და ხელახალი ეკონომიკური კრიზისის საშიშროებას ქმნის. პოლიტიკოსობანას თამაში კი ამ საფრთხის ფონზე ერთდროულად უპასუხისმგებლობაცაა და უპატიებელი დანაშაულიც“ - აღნიშნავს ბატონი სპერლინგი.

პრეზიდენტი ობამას 447-მილიარდიანი სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა მილიონერი ამერიკელებისთვის გაზრდილი გადასახადების ხარჯზე უნდა ამოქმედდეს. რესპუბლიკელები მისი კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რადგან თვლიან, რომ ეს ნაბიჯი უკურეაქციას გამოიწვევს: თუკი ამერიკის ყველაზე მდიდარ ფენას გადასახადი გაეზრდება, ისინი ახალ სამუშაო ადგილებს ვეღარ შექმნიან და ეს ყოველივე მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.

ფაქტი კი ისაა, რომ 2007 წელს დაწყებულმა რეცესიამ ქვეყანაში თითქმის 8 მილიონამდე სამუშაო ადგილი მოსპო. მას შემდეგ კი ამერიკის ეკონომიკამ მხოლოდ 2 მილიონი ახალი ადგილი დამატა. ასეთია რეალობა. უკიდურესად პოლარიზებული ორპარტიული ვაშინგტონი კი ეკონომიკაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს.

XS
SM
MD
LG