შეერთებულ შტატებში ახალი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები კარგს არაფერს უქადის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. იმავდროულად სტატისტიკური მონაცემები კონსერვატიულად განწყობილ „ჩაის სმის“ მოძრაობის აქტივისტებს უსათუოდ გაახარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი გამოკითხვების შედეგები გამოქვეყნდა მაშინ როცა ნოემბერში დანიშნული კონგრესის არჩევნებამდე მხოლოდ ოთხი თვეღა დარჩა.
ქვინიპიაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ ობამას პოპულარობის რეიტინგი 44 პროცენტამდე დაეცა, რაც ამ გამოკითხვის ჩატარების ისტორიაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.ხოლო გამოკითხულთა 48 პროცენტი პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
ქვინიპიაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის მლკვლევარი პიტერ ბრაუნი აღნიშნავს, რომ ბატონ ობამას პოპულარობის რეიტინგი უკვე რამდენიმე თვეა რაც ეცემა.
„თუმცა ბოლო რამდენიმე თვესთან შედარებით ახალი მონაცემი დიდ ცვლილებას არ წამროადგენს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი წლის წინ პრეზიდენტ ობამას პოპულარობის რეიტინგი 57 პროცენტს შეადგენდა და მას უარყოფითად მხოლოდ გამოკითხულთა 33 პროცენტი აფასებდა,“ აღნიშნავს პიტერ ბრაუნი.
მისი თქმით, ბატონ ობამას პოპულარობის ვარდნა ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირით არის განპირობებული, განსაკუთრებით კი უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლით. მაგრამ ბრაუნი ხაზს უსვამს იმას, რომ პრეზიდენტის პოპულარობა სხვა სფეროებშიც კლებულობს. მისი თქმით:
„პრეზიდენტს უარყოფითად აფასებენ სხვადასხვა სფეროებში, ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის, ავღანეთის, მექსიკის ყურეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფისა და უკანონო იმიგრაციის ჩათვლით. ყოველივე ამ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, სულ უფრო და უფრო მეტი ამომრჩეველი უარყოფითად აფასებს მის საქმიანობას.“
მაგალითად, რაც შეეხება ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, ქვინიპიაკის გამოკითხვამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა 48 პროცენტი ომს მხარს უჭერს, ხოლო 43 პროცენტი მას ეწინააღმდეგება. ბრაუნის თქმით, ეს ქვინიპიაკის გამოკითხვების ისტორიაში ავღანეთის ომის მიმართ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ავღანეთის ომს ემხრობოდა გამოკითხულთა 56 პროცენტი.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პრეზიდენტ ობამას პოპულარობამ სხვა გამოკითხვებშიც იკლო. პიტერ ბრაუნს მიაჩნია, რომ კონგრესის არჩევნებამდე პრეზიდენტის დაბალი პოპულარობა მისი პარტიისთვის საკმაოდ სახიფათო ნიშანს წარმოადგენს.
მიმდინარე კვირის მანძილზე ჩატარებული სხვა გამოკითხვა კი მთლიანად ეგრეთწოდებულ „ჩაის სმის“ მოძრაობას დაეთმო. ეს მოძრაობა აერთიანებს კონსერვატიულად განწყობილ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც ობამას პოლიტიკურ პლატფორმას ეწინააღმდეგებიან. როგორც მოსალოდნელია, ისინი ნოემბერში დანიშნულ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელებს საარჩევნო ხმებს შემატებენ.
არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს კონგრესის ერთი ან ორივე პალატა.