ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ევროპული ტურნე დაიწყო


ბარაკ ობამა პოლონეთში ჩავიდა. ამერიკის პრეზიდენტის ევროპული ტურნე სამ ქვეყანას მოიცავს. შეხვედრების მთავარი თემა კი უკრაინაა

ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში მაშინ ჩადის, როცა ევროპაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სკეპტიციზმი იზრდება. ევროპელები უკმაყოფილო არიან იმით, რომ ამერიკა რუსული ექსპანსიონიზმის საშიშროებასთან ბევრად უფრო ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებისთვის მზად არ არის.

პოლონეთის დედაქალაქი, ვარშავა, სადაც პრეზიდენტ ობამას ევროპული ტურნე დაიწყო, უკრაინის საზღვრიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარეობს. შეერთებული შტატების ლიდერს ერთი მიზანი აქვს: კიდევ ერთხელ გააცნოს ევროპელ პარტნიორებს ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით. პრეზიდენტმა ობამამ გასულ კვირას ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაშიც გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ კრიზისის გადაწყვეტაში ამერიკა უპირატესობას დიპლომატიას და შეთანხმებულ ქმედებას ანიჭებს და არა ძალის, იარაღის გამოყენებას.

„ჩვენი უნარი, ზემოქმედება მოგვეხდინა მსოფლიოში აზრის ჩამოყალიბებაზე, დაგვეხმარა იმაში, რომ რუსეთის იზოლირება მაშინათვე მოხდა. ამერიკის ლიდერობის წყალობით მსოფლიომ რუსეთის ქმედება მაშინათვე დაგმო“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ სამხედრო აკადემიის სტუდენტების გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიალზე.

პოლონეთის პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის მთავრობა რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. პოლონეთის სურვილია საკუთარ ტერიტორიაზე ბევრად მეტი ამერიკელი ჯარისკაცი ჰყავდეს. 150 ჯარისკაცი შეერთებული შტატების მხარდაჭერის ნიშნად ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყანაში აპრილში გაიგზავნა.

რუსეთს და დასავლეთ ევროპას შორის მდებარე პოლონეთი სწორედ თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ისტორიული მოვლენების მიმართ მეტად მგრძნობიარე იყო. ვაშინგტონში მდებარე უილსონის ცენტრის ანალიტიკოსი -უილ პომერანზი- ამბობს, რომ პოლონეთის შეშფოთებას ლოგიკური საფუძველი აქვს.

„საუკუნეების მანძილზე რუსეთი პოლონეთში არაერთხელ შეჭრილა, მართავდა კიდეც მას. მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ის უამრავ პოლონურ ინსტიტუციებს მიადგა და ქვეყნის რუსიფიკაცია დაიწყო. პოლონეთი შესაბამისად ყოველთვის უფრო დაძაბული ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და უფრო მეტადაა შეშფოთებული იმით, თუ რა გეგმები აქვს რუსეთს პოლონეთთან მიმართებაში“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

პრეზიდენტ ობამას პოლონეთში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ლეხ ვალენსას არჩევნებზე გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებაცაა. ექსპრეზიდენტ ვალენსას მიერ დაწყებულ სოლიდარობის მოძრაობას პოლონეთში რუსეთის მიერ თავსმოხვეული 40-წლიანი კომუნისტური მმართველობის დასრულება მოჰყვა. პრეზიდენტი ობამა ცდილობს დაარწმუნოს პოლონელი ხალხი, რომ შეერთებული შტატები ამ რეგიონში დემოკრატიის და თავისუფლების ლიდერად რჩება.

ანალიტიკოსების აზრით, პოლონელებს ამერიკის ლიდერის ეს გზავნილი აუცილებლად სჭირდება. ამ ფაქტს გასულ კვირას სატელევიზიო გამოსვლაში თავად ლეხ ვალენსამაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მსოფლიოს ე.წ. „სუპერძალა“ მოვალეობას არ ასრულებს და რეგიონში მოვლენების ასე ცუდად განვითარება სწორედ იმიტომ ხდება, რომ მისი აზრით, „ლიდერშიფის ნაკლებობაა“.

პრეზიდენტი ობამა პოლონეთში უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსაც ხვდება. შეერთებული შტატების ლიდერი ბრიუსელში დიდი შვიდეულის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის ქმედების გამო კრემლს ბოიკოტი გამოუცხადეს და რუსეთში დაგეგმილი დიდი შვიდეულის შეხვედრა ბრიუსელში გადაიტანეს.

ევროპული ტურნეს დასასრულს ბარაკ ობამა მონაწილეობას საფრანგეთში, ნორმანდიაში გამართულ ცერემონიალში იღებს. იქ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70 წლისთავი აღინიშნება.
XS
SM
MD
LG