ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონში ბარაკ ობამას სტრატეგიას აფასებენ


ოთხშაბათს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, კანონმდებლებმა იმ ცნობის შესახებ გააკეთეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში შეერთებული შტატების საბრძოლო მისია დასასრულს უახლოვდება და ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, ამერიკის სამხედრო ძალები ქვეყანას მთლიანად დასტოვებენ.

ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქვეყნიდან გასვლის გრაფიკი ავღანურ ძალებს იმის საშუალებას არ მისცემს, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის მოსურნე, შეიარაღებული დაჯგუფებების გამოხდომებს თავად გაუმკლავდეს.

პარლამენტის წევრმა შუქრია ბარაკზაიმ ქაბულის ეროვნულ ასამბლეას მიმართა.

ის ამბობს, რომ ორ წელიწადში ავღანეთი ვერ შეძლებს ავღანეთის არმიისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობის ყიდვას და ჯარის ხელფასების გადახდას ვერ შეძლებენ. ის ამბობს, რომ ქაბულს თავისი საკუთარი საჯარო სამსახურის ხარჯების დაფარვაც არ შეუძლია.

ქვეყნის უსაფრთხოების ცუდი მდგომარეობის მაგალითად, ოთხშაბათს, აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათის აეროპორტთან, ამერიკის საკონსულოს ავტომანქანას დაესხნენ თავს და ორი ამერიკელი დაიჭრა.

სამშაბათს, პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ თუ ავღანეთის შემდეგი პრეზიდენტი ვაშინგტონთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს მოაწერს, საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში შესაძლოა 9,800 ჯარისკაცი დარჩეს და 2016 წლისთვის, ქვეყანას ყველა დასტოვებს.

ავღანეთის ამჟამინდელმა ლიდერმა, ჰამიდ კარზაიმ, ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე და ბოლო ტური, ყოფილ მინისტრ აბდულა აბდულასა და მსოფლიო ბანკის ყოფილ ოფიციალურ პირს, აშრაფ განის შორის 14 ივნისს გაიმართება. ორივემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმოსაწერად მზად არის.

ავღანეთში შეერთებული შტატების ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ჯოზეფ დენფორდმა ქაბულს ამერიკის უწყვეტი დახმარება აღუთქვა.

„შეერთებული შტატები და კოალიციის ძალები, ავღანეთში ჩვენი მისიის დასრულებას ავღანურ ძალებთან ერთად ვგეგმავთ, რათა სტაბილური, უსაფრთხო და ერთიანი ავღანეთისთვის პირობები უზრუნველვჰყოთ, რათა კრიტიკული მნიშვნელობის და სიცოცხლისუნარიანი ავღანური ძალები შევქმნათ.“

დენფორდმა თქვა, რომ უსაფრთხოების ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკული და ავღანური სამხედრო ძალების ურთიერთობა, შეიძლება 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდეს.

ავღანელი კანონმდებელი, მოლავე შაჰზადა პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას მიესალმა.

მან თქვა: „თუ თქვენ იმის იმედი გაქვთ, რომ უცხოეთის ძალები ჩვენ დაგვიცავენ და მათ საფარქვეშ ეკონომიკა, განვითარება და უსაფრთხოება იქნება, უკან გაიხედეთ და ნახეთ, ბოლო 13 წლის განმავლობაში რა მოხდა. ეს მხოლოდ ოცნებაა და მეტი არაფერი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და საკუთარ უსაფრთხოებას ერთად მივხედოთ.

მეზობელ პაკისტანში, რომელსაც ავღანეთთან გრძელი და ნახევრად გამჭვირვალე საზღვარი აქვს და ავღანურ თალიბანთან ძლიერი კავშირი გააჩნია, ამ საკითხზე მოზომილი რეაქცია ჰქონდათ.

პაკისტანის პრემიერ მინისტრის, საგარეო საქმეთა საგანგებო თანაშემწემ, სეიდ თარიქ ფატემიმ თქვა, რომ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას, პაკისტანის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, თუმცა ამის მიღწევის გზებზე არაფერი უთქვამს.

„ჩვენ გვჯერა, რომ არც ავღანეთის მიტოვება და არც ამ ქვეყნის საქმეებში ჩარევის პოლიტიკა, არცერთი ჩვენგანისთვის კარგის მომტანი არ არის.“

ამჟამად ავღანეთში 30, 000 -ზე ოდნავ მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება, ერთ დროს ყველაზე დიდი რიცხვის, 100,000 ჯარისკაცის მესამედი. 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების საპასუხოდ ომის დაწყებიდან, ამ კონფლიქტში დაახლოებით 2,200 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბატონი ობამა ამბობს, რომ ამ რეგიონში ალ-ყაიდას საფრთხე მოგერიებულია.
XS
SM
MD
LG