ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის გამოუცდელი ლიდერი


რით არის განპირობებული კიმ ჩენ უნის უკიდურესად მწვავე საომარი რიტორიკა?

კორეის ნახევარკუნძულზე მყოფ უცხოელებს აფრთხილებენ ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ. იხურება საზღვართან ახლოს მდებარე უზარმაზარი სამრეწველო კომპლექსი. კომუნისტური ქვეყანა აშკარა პროვოკაციებზე მიდის და სამხრეთ კორეას მის მოკავშირეებთან ერთად ბირთვული თავდასხმის შესახებ მუქარებს უთვლის.

დღითი-დღე მზარდი დაძაბულობის ფონზე ანალიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია საომარი რიტორიკა ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერის მხრიდან. იმის მაგივრად, რომ ყურადღების კონცენტრირება უკიდურესად გაღარიბებულ მოსახლეობაზე და მის კეთილდღეობაზე მომხდარიყო, კიმ ჩენ უნი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აქცენტს სამხედრო ძლიერებაზე და მეზობელი ქვეყნის და მისი მოკავშირეების დაშინებაზე აკეთებს.

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი დაზვერვის აგენტი, ამჟამად სამხრეთ კორეაში მხცოვრები კიმ იუნ-ჰე საიდუმლოებებით მოცული ქვეყნის შესახებ ყვება. მისი აზრით, ახალგაზრდა ლიდერს მართვის გამოცდილება არ გააჩნია და ის თავის დამკვიდრებას ცდილობს. კიმ ჩენ უნს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებზე სრული კონტროლის მოპოვება სჭირდება და მათი სიმპათიების და ერთგულების გასამყარებლად თვლის, რომ საომარი სიტუაციის ესკალაცია საუკეთესო საშუალებაა.

დაზვერვის აგენტმა საიდუმლო ადგილსამყოფელიდან ინტერვიუ ავსტრალიის ტელევიზიას მისცა. ის მონაწილეობდა 1987 წლის თავდასხმაში. მაშინ ჩრდილოეთ კორეის აგენტებმა სამხრეთ კორეის თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. აფეთქებას 115 ადამიანი შეეწირა. სამხრეთ კორეამ კიმ იუნ-ჰე შეიპყრო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ის გარკვეული დროის შემდეგ შეიწყალა.

კიმის თქმით, ქვეყნის ლიდერის გაუთავებელი მუქარა ახალბედა ხელმძღვანელის მხრიდან სრული კონტროლის მოპოვების აუცილებლობით შეიძლება აიხსნას. „ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი ხალხი მზადყოფნაში ყავდეს, მაქსიმალურად აკონტროლოს და ამასთან სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები აიძულოს მეტ დათმობებზე წავიდნენ“.

ჩრდილოეთ კორეის ყოფილ აგენტს სხვა ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან. მათ შორისაა სიუზან დიმაჯიო, ექსპერტი „აზიის საზოგადოებიდან“. მისი აზრით, მიმდინარე მოვლენები რეჟიმის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გზების ძიების მცდელობას წარმოადგენს.

თავად ჩრდილოეთ კორეის სიტუაციას რომ შევხედოთ, ეკონომიკურად და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, შემაძრწუნებელი მდგომარეობაა. ამიტომ რეჟიმი 15 აპრილს, ქვეყნის დამფუძნებლის ეროვნულ დღესასწაულს, ნაციონალისტური განწყობების გამოსაღვიძებლად და ახალი ლიდერის მხარდაჭერის განმტკიცებისთვის იყენებს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

სამხედრო საქმის სპეციალისტები კი აღნიშნავენ, რომ გახშირებული მუქარის და გაძლიერებული საომარი რიტორიკის მიუხედავად, თავად ჩრდილოეთ კორეის არმიას საომარი მზადება არ ეტყობა. თუმცა, ცალკეული პროვოკაციული ნაბიჯები გამორიცხული არ არის. მაგალითად - სარაკეტო გამოცდები, ბირთვული გამოცდები და ასე შემდეგ. სამხრეთ კორეას და მის მოკავშირეებს 15 აპრილისთვის განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ჩრდილოეთ კორეა ამ დღეს კიმ ირ სენის, ახლანდელი ლიდერის ბაბუის, ქვეყნის დამფუძნებლისადმი მიძღვნილ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG