გაეროს უშიშროების საბჭო სამშაბათს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს. ამერიკა საუბრობს იმაზე, რომ ვაშინგტონი ყველა სახის პასუხს განიხილავს. საშუალო-რადიუსის რაკეტამ იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია მანამ სანამ წყნარი ოკეანის თავზე ჩამოვარდებოდა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩემ ინის ქმედებები „მუქარის შემცველი და დესტაბილიზაციის გამომწვევია“, რაც ჩრდილოეთ კორეის დამატებით იზოლაციას გამოიწვევს. გაეროში ამერიკის ელჩის ნიკი ჰეილის თქმით კი, ეს სარაკეტო ცდა „სრულიად მიუღებელია“.
„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში. არცერთი ქვეყნის თავზე არ უნდა დაფრინავდნენ რაკეტები, მათ შორის არც იაპონიის 130 მილიონი მოსახლეს უნდა უხდებოდეს ამის გამოცდა. ეს მიუღებელია. მათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ყველა მუხლი დაარღვიეს. მე ვფიქრობ აუცილებელია სერიოზული ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ჰეილიმ.
იაპონიის წარმომადგენელმა გაეროში კორო ბეშომ განაცხადა, რომ ის აწარმოებს საბჭოს წევრებთან მოლაპარაკებებს და აცნობს მათ იაპონიის პოზიციას. მისი განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ საბჭოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ექნება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა, ფხენიანის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ ის ძირს უთხრის რეგიონალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე ხელს უშლის დიალოგის წარმოებას.
აგვისტოს დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო სანქციების ახალი პაკეტი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, ბალისტიკური აქტივობის გამო, რომელიც აკრძალულია უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.
Facebook Forum