ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- სენატორი რიში მელიას საქმეზე


"დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ნიკა მელიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 17 თებერვალს ღამის 10 საათზე შეუფარდა. მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად ამ დრომდე სამართალდამცავებს ნიკა მელია არ დაუკავებიათ.

მელია ამ დროისთვის სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შენობაში იმყოფება.

მოსამართლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში თბილისში ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა. საელჩომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს მხარი დაუჭირა, მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ.

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG