ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამ განაჩენით ყველა გაგვასამართლეს, ვინც ისტორიის სწორ მხარეს დგას" - ნიკა მელია


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პირველი განცხადება გააკეთა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი დაპატიმრების განაჩენი, "გავრილოვის სასამართლომ" გამოიტანა.

"[ვერდიქტი] არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს. ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ვინც 2019 წლის 20 ივნისს ხმა აიმაღლა, სამართლიანად აღშფოთდა. თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება," - განაცხადა ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ეს განცხადება პარტიის ოფისში გააკეთა, სადაც მასთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერებიც იმყოფებიან. მელიას შემდეგ განცხადებები ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.

"მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სრულ სიმშვიდეს და სოლიდარობას ვუპირისპირებთ. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვართ ერთიანები ჩვენს პოზიციაში. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ასეთი ძალმომრეობითი პოლიტიკა და გაიხსნას ახალი შესაძლებლობა. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია." - აცხადებს "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

განცხადება გააკეთა ელენე ხოშტარიამაც. "ჩვენ დღეს ერთმუშტად შეკრულები ვამბობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილებით. ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ვპირდები, რომ ეს რეალობა ვერ იარსებებს. მშვიდად ვიდგებით ერთად და გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას." - თქვა მან.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სპეცრაზმის მობილიზებაა მოსალოდნელი და ამბობს, რომ ისინი სპეცრაზმს არ მისცემენ მელიას დაკავების საშუალებას.

"ჩვენ მათ პროპორციულ ძალას დავუპირისპირებთ" - აცხადებს უგულავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ნიკა მელიას განცხადებების სესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგულემ.

“აუცილებელი არაა იურისტი იყო, რომ მიხვდე, რაღაცა ხდება ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. ვერც ქვეყანაში, ვერცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა”,– ამბობს გია ვოლსკი.

მანამდე, მელიას პროცესზე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

"მე იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება ყველა ასეთ შემთხვევაში აღსრულდება ზედმიწევნით, ვინაიდან მომავლის საქართველო არ არის ის საქართველო, სადაც შეიძლება იერიში მიიტანო პარლამენტზე, ცესკოზე, ან განაცხადო, რომ შენ ხარ კანონგარეშე, კანონზე მაღლა დგახარ და დანარჩენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს მხარი დაუჭირა, მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ.

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

XS
SM
MD
LG