კოვიდ-19 ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წლის დეკემბერშიც იყო - კვირებით იმაზე ადრე, ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტებმა პირველი შემთხვევები დააფიქსირეს. ამის შესახებ ამერიკის მთავრობის ახალ კვლევაშია საუბარი.
მკვლევრების ჯგუფმა, რომელიც ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული, სისხლის 24 000-მდე ნიმუში შეისწავლა. ამ სინჯებიდან ჩანს, რომ ამერიკელები ვირუსით 2019 წლის დეკემბერშიც იყვნენ ინფიცირებულნი - კვირებით იმაზე ადრე, ვიდრე მსოფლიომ ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესახებ გაიგო.
მართალია, კვლევა სრულყოფილი არ არის და სპეციალისტთა ნაწილს კვლავ ეჭვი ეპარება, მაგრამ ჯანდაცვის სფეროს უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი ამბობს, რომ ამერიკელთა მცირე ჯგუფი დეკემბერში უკვე ინფიცირებული იყო. სულ მცირე 7 ადამიანს - მასაჩუსეტის, მისისიპის, პენსილვანიისა და უისკონსინის შტატებში ვირუსი ბევრად იმაზე ადრე ჰქონდათ, ვიდრე ამერიკაში პირველი ოფიციალური შემთხვევები დაფიქსირდებოდა.
კვლევა კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნდა და მსგავს კვლევებს შორის ყველაზე ახალი და ფართომასშტაბიანი იყო.
Facebook Forum