ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში პანდემიასთან დაკავშირებულ სტატისტიკას ეჭვით უყურებენ


"ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია, სპეციალისტების თქმით, სტაბილურია", - ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 12 მაისის მონაცემებით, რუსეთში ინფიცირების 5 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 114 331 ადამიანი. ბევრი ანალიტიკოსისა და სპეციალისტის აზრით, ეს რიცხვები რეალობას არ ასახავს.

ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ დეკემბერში აღიარა, რომ ქვეყნის მონაცემები საკამათო იყო. მან თქვა, რომ 2020 წლის პირველ 11 თვეში გარდაცვლილ 229 700 მოქალაქეთაგან, 81 % სწორედ კორონავირუსის შედეგი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ეს რიცხვი მაშინვე 186 ათასზე მეტი უნდა ყოფილიყო და არა 57 ათასი, რაც მაშინ ოფიციალური სტატისტიკა იყო.

ცნობილი რუსი დემოგრაფი ალექსეი რაკშა ამბობს, რომ ეს რიცხვები არარეალურია და რომ რუსეთში პანდემიის სრული მასშტაბების შესახებ შეიძლება სიმართლე ვერასდროს გავიგოთ. "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ის განმარტავს, რომ დაახლოებითი გაანგარიშებაც კი ინფიცირების მაჩვენებლის ცოდნისა და ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევების გარეშე, იდეალურისგან ძალიან შორსაა. "ეს ყველაფერი უბრალოდ გამოცნობის საგანია. ვფიქრობ, რუსეთში მოსახლეობის ერთ მესამედს მაინც ჰქონდა ვირუსი. მოსკოვსა და პეტერბურგში ეს რიცხვი შეიძლება 40 %-საც კი აღწევდეს. ეს ჩემი დაახლოებითი შეფასებაა", - ამბობს დემოგრაფი. ამ შემთხვევაში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების მაჩვენებელი 47 მილიონს შეიძლება აღწევდეს.

დემოგრაფი ასევე ფიქრობს, რომ ვირუსის სწრაფ გავრცელებაში წვლილი იმ პლებისციტმაც ითამაშა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც ვლადიმირ პუტინის მმართველობის გახანგრძლივება იყო. მისი შეფასებით, ამ პლებისციტის ჩატარების გარეშე ვირუსის გართულებებით შესაძლოა 150-200 ათასი ადამიანი გარდაცვლილიყო, მაგრამ არა ნახევარ მილიონამდე მოქალაქე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG