ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კოვიდ-19-ის წარმომავლობაზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის დაზვერვის სააგენტოების ნაწილს მიაჩნია, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან გამოჟონა.

დაზვერვის სააგენტოები ორ სავარაუდო სცენარს განიხილავენ, თუმცა მტკიცედ დარწმუნებულები არ არიან კონკრეტულად რომელი თეორიაა უფრო მყარი, თქვა ბაიდენმა.

სადაზვერვო სამსახურების ანგარიში, რომელიც პრეზიდენტმა მათ მარტში სთხოვა, თეთრ სახლს ოთხშაბათს წარუდგინეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მაშინ პრეზიდენტმა დაზვერვის სააგენტოებს მიმართა დაედგინათ ახალი კორონავირუსი „ადამიანს დაინფიცირებულ ცხოველთან შეხების შედეგად გადაედო თუ ლაბორატორიაში მომხდარი ავარიით“.

ბაიდენის მხრიდან ვირუსის წარმომავლობაზე კითხვების საჯაროდ დასმამ, ერთგვარად, ძალა შემატა თეორიებს, რომ ვირუსი ადამიანზე გადავიდა არა ცხოველიდან, არამედ ჩინეთის ერთ-ერთი კვლევითი ლაბორატორიიდან გაიპარა.

ჩინეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში დღეს განაცხადა, რომ საკითხის პოლიტიზირება კოვიდ-19-ის წარმოშობის დასადგენად ჩასატარებელ გამოძიებებს ხელს შეუშლის. ჩინეთის ინიციატივაა „ჩატარდეს მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილი კოვიდ-19-ის ყველა ადრეული შემთხვევის ყოვლისმომცველი შესწავლა და წარიმართოს გამოძიებები მსოფლიოს საიდუმლო ბაზებსა და ბიოლოგიურ ლაბორატორიებში“.

კოვიდ-19-მა, მსოფლიოს მასშტაბით დღემდე 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები, ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

ჩინელი მეცნიერების თანაავტორობით შედგენილ ანგარიშში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მარტში განაცხადა, რომ ვირუსი ადამიანზე სავარაუდოდ ღამურიდან ან სხვა შუამავალი ცხოველის გავლით გადავიდა და რომ მისი ლაბორატორიიდან გაპარვის ალბათობა უკიდურესად მცირე იყო.

ვაშინგტონში კი ჩინეთის მიმართ უკმაყოფილება იზრდება, რადგან პეკინი უარს აცხადებს საერთაშორისო გამოძიებასთან ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობაზე.

ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს 90 დღე მისცა გამოძიების ჩასატარებლად და ანგარიშის შესადგენად. “ამ ანგარიშის ნაწილი ზოგიერთი ის თემები იქნება, რომლებიც დამატებით გამოძიებას მოითხოვს და მათ შორის შესაძლოა იყოს ჩინეთის მიმართ დასმულ კონკრეტული კითხვები“, თქვა პრეზიდენტმა.

შეერთებული შტატები ვირუსის წარმომავლობის დადგენას მას შემდეგ ცდილობს, რაც 2020 წლის დასაწყისში კოვიდ-19 საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკად გამოცხადდა.

კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, დაზვერვის სამსახურებმა ანგარიში შეადგინეს, რომელიც ვირუსის წარმომავლობას ჩინეთს უკავშირებდა. ამ ანგარიშის თანახმად, 2019 წლის ნოემბერში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი თანამშრომელი მძიმედ დაავადდა, რის გამოც მათ საავადმყოფოს მიმართეს. თუმცა, უცნობია რა სიმპტომები ჰქონდათ მათ.

შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის დაზვერვის კომიტეტები საკუთარ გამოძიებას ატარებენ იმაზე, თუ როგორ და საიდან შეიძლება გავრცელებულიყო ვირუსი. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი კონკრეტულად ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტზე ამახვილებს ყურადღებას.

რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ არსებული გარემოებითი მტკიცებულებების საფუძველზე იზრდება იმის ეჭვი, რომ ვირუსმა ვუჰანის ინსტიტუტიდან გაჟონა, სადაც ჩინელი მეცნიერები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ და პეკინი ამ შეცდომის გადაფარვას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG