ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პრემიერის ძველი კაბინეტი: ყველა, მინუს ღარიბაშვილი


სურათზე: ყოფილი და ახალი პრემიერის შეხვედრა

საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი და ძველი მთავრობა ჰყავს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს თითქმის 12 საათიანი განხილვა დასჭირდა. რიგგარეშე სესია, 29 დეკემბრის დღის 12 საათზე და 26 წუთზე დაიწყო და უკვე 30 დეკემბერს, ღამის 12 საათსა და 18 წუთზე დასრულდა.

48 წლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის პრემიერის პოსტზე 114-დან 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა კი 28 პარლამენტარმა მისცა. ახალი კაბინეტის 19 წევრიდან, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანომ ავტომატურად გამოუცხადა ნდობა - 18 ძველია. ახალი სახე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ჯანელიძეა, რომელმაც ამ უწყებაში სწორედ პრემიერად დაწინაურებული კვირიკაშვილი შეცვალა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გუშინ, გიორგი კვირიკაშვილის 21 წუთიანი სიტყვით დაიწყო, რასაც 28 დეპუტატის მრავალფეროვანი შეკითხვები მოჰყვა აბასთუმნის კანალიზაციიდან დაწყებული, ქართუ ბანკის „17 პროცენტიან მოგებამდე“ დამთავრებული.

ყოველმხრივ გაწონასწორებული კვირიკაშვილი სწორედ ამ შეკითხვამ გამოიყვანა მწყობრიდან. საგარეო კურსთან დაკავშირებით კი უკვე ყოფილმა საგარეო მინისტრმა მშვიდად ბრძანა, რომ ეს კურსი უცვლელია.

„საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომხრე ვართ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების, რათა საგარეო პოლიტიკური რისკები შევამციროთ, რომ საქართველოს დასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს.“

ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატთან კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა, წინასწარ დააფიქსირა, რომ ახალი პრემიერისა და კაბინეტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებდა.

საპარლამენტო უმრავლესობას ბევრი შეკითხვა კვირიკაშვილთან არ ჰქონია, პარლამენტის ყველა კომიტეტის თავჯდომარეებმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი და არც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით დაუშურებიათ მადლობის სიტყვები. არავის უცდია ეკითხა, რა გახდა წინა პრემიერის განთავისუფლების მიზეზი, თუ მისი მთავრობა ასე კარგად მუშაობდა და ყველა მინისტრი თანამდებობაზე დარჩა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა, რომელმაც ხმა არ მისცა ახალ პრემიერ მინისტრსა და მის კაბინეტს, კერძოდ განაცხადა:

„მთავრობა არის ერთიანი გუნდი და ნურავის ეგონება, რომ რახან ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, ეს ნიშნავს იმას რომ მან ვალდებულებები და პასივები თან წაიღო და აქ დაგვჩა იგივე გუნდი, მხოლოდ აქტივებით.

თქვენ, ყველას ერთად ბატონებო, ლართან დაკავშირებით ანტიკრიზისული გეგმა გქონდათ შემუშავებული, ორი დღე დარჩა ამ ვალდებულების შესასრულებლად და მაინტერესებს - რა გააკეთეთ რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებისგან დაგეცვათ ? ან სხვა ვალდებულებების შესასრულებლად?“

ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ოთხი შვილის მამაა. მისი მეუღლეა, 48 წლის მაია ცინაძე. ისინი 1990 წელს, სტუდენტობისას შეუღლდნენ და 24 წლის ანა, 21 წლის ნინო, 19 წლის გიორგი და 8 წლის ნიკოლოზი ჰყავთ. საინტერესოა, რომ ოთხივე მათგანი თებერვლის თვეშია დაბადებული.

გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც სამედიცინო და ეკონომიკური განათლება აქვს, კარიერა, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის ბანკ - „ვნეშკომბანკის“ თბილისის ფილიალში დაიწყო.

სხვადასხვა წლებში, იგი ასევე მუშაობდა „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ (ახლანდელი „ვითიბი ბანკი“), „ბინსოცბანკსა“ (ამჟამად „საქართველო ბანკი“) და „პირველ კომერციულ ბანკში“ (დღევანდელი „პრივატბანკი“).

1999 წელს, კვირიკაშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძის სახელმწიფო მინისტრობის დროს, სახელმწიფო კანცელარიაში, საგარეო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა. იმავე წელს, იგი სახელისუფლებო პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ სიაში მოხვდა და პარლამენტში შევიდა.

კვირიკაშვილი „მოქალაქეებში“ ათი თვე დარჩა, შემდეგ ოპოზიციურ „ახალ ფრაქციაში“ გადავიდა. მოგვიანებით, კი ამ ფრაქციის ბაზაზე, დაფუძნებულ „ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელში იყო და ახალ პარტიაში 2003 წლამდე იმუშავა.

2006 წელს, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად მიიწვია. 2012 წლიდან უკვე პრემიერ ივანიშვილის მთავრობის წევრია, ჯერ ეკონომიკის, 2015 წლის 1 სექტემბრიდან კი საგარეო მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

გიორგი კვირიკაშვილს ილინოისის უნივერსიტეტში, ედმუნდ მასკის პროგრამის დაფინანსებით, ფინანსებში მაგისტრის ხარისხი აქვს დაცული. ამერიკაში იგი ასევე მუშაობდა კომპანია Lenzie Fisher Hendry-ში ფინანსურ ექსპერტად.

ახალ პრემიერსა და კაბინეტს მხარი არც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაუჭირეს, თუმცა მათმა ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც კვირიკაშვილთან ერთად ორი წელი იყო წინა კაბინეტში, თქვა, რომ შედარებით პოზიტიური მოლოდინი აქვს

„რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი კვირიკაშვილს, ის, ბუნებრივია უფრო შეგნებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ რომ ამჩატებულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. მთავარი ამოცანა, გარდამავალ ეტაპზე არის, რომ გიორგიმ შემდეგ არჩევნებამდე, სტაბილურად მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა.

გიორგის ექნება ერთი გადაწყვეტილება მისაღები, რომელიც ნიშანდობლივი იქნება მისი პრემიერობისთვის: დაუჯეროს ერთ მოქალაქეს თუ დაუჯეროს მოქალაქეებს და ხალხს.“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიორგი კვირიკაშვილი მე-18 პრემიერ მინისტრია. პირველი პრემიერი ნოე რამიშვილი (1918) იყო, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ყველაზე მცირე დრო 29 დღე იმუშავა. იგი ნოე ჟორდანიამ შეცვალა.

3 თვე და 6 დღე გაძლო ამ თანამდებობაზე გიორგი მგალობლიშვილმა (2008-2009), არასრული ოთხი თვე იმუშავა ვანო მერაბიშვილმა(2012), ოთხ თვეზე ცოტა მეტი ბესარიონ გუგუშვილმა (1991-92), რომელიც შემდეგ, პრეზიდენტ გამსახურდიათან ერთად, სამხედრო პუტჩის შედეგად ქვეყნიდან გააძევეს.

ყველაზე დიდხანს პრემიერის თანამდებობა ნიკა გილაურს (2009-2012) ეჭირა - 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში; მეორე შედეგი ამ მხრივ ნიკო ლეკიშვილს აქვს (1995-1998) – 2 წელი და 7 თვე.

ორჯერ ამ თანამდებობაზე მხოლოდ თენგიზ სიგუა იყო არჩეული. პირველად, 1990 წლის ნოემბერში, თუმცა, 31 მარტის რეფერენდუმისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იგი მალევე პუტჩისტებს მიემხრო და 1991 წლის აგვისტოში, პრეზიდენტმა გამსახურდიამ თანამდებობა დაატოვებინა. პუტჩის შემდეგ, 1992 წლის იანვარში, სიგუა პრემიერის სავარძელში 10 თვით დაბრუნდა.

2005 წლის 3 თებერვალს, თბილისში, კონსპირაციული ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს, რიგით 10-ე პრემიერ-მინისტრი, 41 წლის ზურაბ ჟვანია. გამოძიება მისი დაღუპვის გარემოებების დასადგენად, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრები (1921-2015)

ნოე რამიშვილი მაისი - ივნისი 1918

ნოე ჟორდანია 1918-1921

თენგიზ სიგუა 1990-1991

ბესარიონ გუგუშვილი 1991-1992

თენგიზ სიგუა (მეორედ) 1992-1993

ოთარ ფაცაცია 1993-1995

ნიკო ლეკიშვილი 1995-1998

ვაჟა ლორთქიფანიძე 1998-2000

გიორგი არსენიშვილი 2000-2001

ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003

ზურაბ ჟვანია 2003-2005

ზურაბ ნოღაიდელი 2005-2007

ლადო გურგენიძე 2007-2008

გრიგოლ მგალობლიშვილი 2008-2009

ნიკა გილაური 2009-2012

ვანო მერაბიშვილი ივლისი-ოქტომბერი 2012

ბიძინა ივანიშვილი 2012-2013

ირაკლი ღარიბაშვილი 2013-2015

გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის 30 დეკემბრიდან -

შენიშვნა: პირველი რესპუბლიკის დროს(1918-21) ამ თანამდებობას - მთავრობის მეთაური ერქვა, 1995-2004 წლებში - სახელმწიფო მინისტრი.

XS
SM
MD
LG