ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პანდორას ყუთი“ გელა ხვედელიძემ გახსნა


გელა ხვედელიძე და შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პირადი ცხოვრების ამსახველი სექს-კადრების უკანონოდ გავრცელებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა დაკავებული

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:01 0:00
ბმული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რვა დღიანი გამოძიების შემდეგ დაადგინა, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის გ. ფ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი, უკანონოდ მოპოვებული ვიდეოკადრები ინტერნეტ სივრცეში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განათავსა.

ხვედელიძე უკვე დაკავებულია. გამოძიება მის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო მიმდინარეობს. რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას გულისხმობს და დაჯარიმებით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ხვედელიძე დამოუკიდებლად მოქმედებდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სხვა და სხვა მოლაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოკადრების არქივი წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და ის დალუქული იყო.

„კადრები გადაღებული წინა ხელისფლების დროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ. ცხადია უკანონოდ. გ.ფ-ზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების, შანტაჟისა და თანამშრომლობაზე იძულებითი დაყოლიების მიზნით. ანუ უფრო გასაგებად, გადმობირებისა და რეჟიმის სამსახურში ჩაყენების განზრახვით.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და მათი გამოყენების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა, არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისფლების წარმომადგენელთა ხელში არ არის ასლები.

პირადად ჩემთვის, ეს არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. ჩემმა პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ არაადექვატურად და ძალზე მტივნეულად მიიღო, მის მიმართ, ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული, პირადად ჩემი შეფასებით, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებები და შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად განათავსა ეს კადრები ინტერნეტ სივრცეში.

ჩემი ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია. ასევე მე მინდა გაცნობოთ, რომ პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ განადგურდეს, წინა ხელისფლების მიერ შექმნილი, პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი.“

მოქალაქე გ.ფ საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წლის ივლისში გახდა. მაშინ საგამოძიებო სტუდია GNS-მა მაყურებელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მოქალაქეების გადაბირების მცდელობაზე მოუთხრო.

ერთ-ერთი, მათგანი სწორედ „ქართული ოცნების“ აქტივისტი გ.ფ იყო.
სტუდია GNS-ის ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ სკაიპის მეშვეობით ჩაწერა, რადგან რესპოდენტი ბელორუსიაში იყო გაქცეული. გ.ფ-მ განმარტა, რომ კუდ-ის ოფიცრებმა რამდენჯერმე შესთავაზეს თანამშრომლობაზე მოეწერა ხელი, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ.

გ.ფ-ს მაშინ არ უხსენებია, ემუქრებოდნენ თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. თუმცა, ფაქტია, მუქარა იმდენად სერიოზული იყო რომ მან საქართველო დატოვა.

გ.ფ ხელახლა ყურადღების ცენტრში, აპრილში მოექცა, როცა ქართული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილზე ლაშა ნაცვლიშვილი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

ამ ბრალდებების შემდეგ, 3 მაისს, ერთ-ერთი ქართულ ინტერნეტ გვერდზე, ერთი ქალისა და ორი მამაკაცის მონაწილეობით, სექსის ამსახველი ერთ საათიანი კადრები აიტვირთა. თავად გ.ფ დღემდე უარყოფს რომ კადრებზე ის არის აღბეჭდილი და ვიდეოს ფაბრიკაციას უწოდებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ იერიში მიიტანა როგორც პრემიერ ივანიშვილზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კადრების გავრცელებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა; ისე სამართალდამცავ სტრუქტურებზე. პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა კერძოდ აღნიშნა

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილმა უბრალოდ გაწირა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი ხვედელიძე, იმისათვის რომ დანარჩენების ბრალეულობა დაეფარა. დაანახონ საზოგადოებას, საიდან დაასკვნეს, რომ თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნების ეპიზოდში, აწ უკვე პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ნაცვლიშვილი უდანაშაულონი არიან.

ასევე პრინციპულად მოვუწოდებთ მთავრობას, დეტალურად გამოიძიონ ის კორუფციული ბრალდებები, რამაც ხვედელიძეს ამ კადრების გავრცელებისკენ უბიძგა.“

საინტერესოა, რომ არც პრეზიდენტი სააკაშვილი, არც მისი ადმინისტრაციის უფროსი, არც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, საერთოდ არ საუბრობენ, როგორ, ვისი დავალებით და რა მიზნით იქმნებოდა, წლების მანძილზე, მოქალაქეების პირადი ცხოვრების, ძირითადად სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების არქივი -შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყებებში. და, არიან თუ არა ამ უბინძურეს პროცესზე თავად პასუხისმგებლები?!

მთავარმა პროკურატურამ ჯერ კიდევ იანვარში გაარცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი წლების მანძილზე აგროვებდა ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთნებულ მამაკაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდა მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დაისაჯა თუ არა ვინმე ამ საზარელი დანაშაულისთვის.

46 წლის გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ 2012 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა. 22 მარტს კი, მას შემდეგ, რაც ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გახდა, ხვედელიძე ღარიბაშვილის პირველ მოადგილედ გადავიდა.

დანაშაულში ბრალდებული შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროში 1993-2004 წლებშიც მუშაობდა. მათ შორის ეკავა, ქვემო ქართლის უშიშროების სამსახურის უფროსის, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობები.

მოგვიანებით, იყო ოპოზიციური პარტია „ეროვნული ფორუმის“ აქტიური წევრი; 2012 წლიდან კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. არჩევნების დროს იყო კოალიციის რეგიონალური სამსახურის უფროსი. კოალიციის საარჩევნო სიაში მოხვდა მე-18 ნომრით და 1 ოქტომბერს პარლამენტის წევრიც გახდა, თუმცა მალევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცნობით, გელა ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს. გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG