ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელიში დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიში ხდება


სქელი, მომწამვლელი სმოგი ინდოეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თვალებისა და ყელის წვა, სუნქვის გართულება - ამ ყველაფრის გამო მოქალაქეებს გარეთ დიდხანს გაჩერება აღარ შეუძლიათ.

დაბინძურების მაჩვენებელი დელიში ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახლა მაქსიმუმს აღწევს. ინდირა განდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გადადებული და გაუქმებული ფრენების მგზავრები საკუთარი რეისების აღდგენას ელოდებიან. ფრენები სწორედ ცუდი ხილვადობის გამო ფერხდება.

დაბინძურების კონტროლის ცენტრალურმა საბჭომ კვირას განაცხადა, რომ დედაქალაქში ჰაერის ხარისხის ინდექსი 494-ია, ეს 2016 წლის ნოემბრის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელია. "დამაკმაყოფილებელი" ხარისხის მაჩვენებელი 100-ზე დაბალი უნდა იყოს. "კარგი ხარისხის ჰაერის" შემთხვევაში კი ის 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. ინდექსის მიხედვით, ჰაერის ხარისხი მოსახლეობისთვის "საშიშია", თუკი ის 300-სა და 500-ს შორისაა. 500-ზე მეტი მაჩვენებელი ოფიციალურად ამ დრომდე არასდროს დაფიქსირებულა.

ადგილობრივმა მთავრობებმა სკოლებისა და კოლეჯების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი სულ მცირე სამშაბათამდე არ გაიხსნება. რეგისტრირებულმა ავტომობილებმა კი კონკრეტული წესი უნდა დაიცვან, რომლის თანახმადაც, საგზაო მოძრაობის განმუხტვის და გზებზე მანქანების რაოდენობის შემცირების მიზნით, მძღოლებს ავტომობილის ნომრების მიხედვით, განრიგით მოუწევთ ქუჩაში გამოსვლა. ეს წესი სულ მცირე 15 ნოემბრამდე იმოქმედებს. ის ავტომობილები, რომელთა ნომერიც ლუწ რიცხვზე მთავრდება, ქალაქში ლუწ დღეებში იმოძრავებენ, კენტ რიცხვებზე დაბოლოებული ნომრის მქონე მანქანები კი - კენტ რიცხვებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG