ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2020 წელი გადამწყვეტი იქნება ჩვენი პლანეტის გადარჩენის საქმეში


22 აპრილს, როცა დედამიწის დღე მთელ მსოფლიოში უკვე 49-ედ აღნიშნეს, გარემოს დამცველებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება კლიმატური ცვლილებებით შექმნილ რთულ ვითარებაზე. ბევრი ფიქრობს, 2020 წელი კრიტიკული იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების დანერგვის საქმეში, რათა ჩვენი პლანეტა კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენისგან გადავარჩინოთ.

მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა პლანეტის დეგრადაციას იწვევს. აქტივისტები გლობალურ ჩარევას ითხოვენ, რომ როგორმე შეჩერდეს, ან შენელდეს მაინც ფლორის და ფაუნის განადგურების, თუ მყინვარების დნობის ტენდენცია, რაც ისევ ადამიანებს უქმნის საფრთხეს.

გლობალურ დათბობას სპეციალისტები ძირითადად ნახშირორჟანგის ჭარბ გამოყოფას აბრალებენ, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დღემდე უარყოფს. ნასამ“ - შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტომ, დედამიწის დღე საგანგებოდ გამოიყენა იმისთვის, რომ სატელიტური ფოტოებით კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ეჩვენებინა ყველასთვის, თუ როგორ თანდათანობით ათბობს დედამიწას ნახშირორჟანგის მზარდი კონცენტრაცია.

„ უფრო და უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდება. შედეგად, ჰაერი და ოკეანის წყალი თბება, ოკეანეთა მჟავიანობა იზრდება; წყლის დონე მატულობს და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენები ხშირდება“ - ამბობს კარლოს დელ კასტილო, „ნასას“ მეცნიერი.

ეს სატელიტური ფოტოები აჩვენებს ყინულის საფარის მკვეთრ დნობას, რაც წყლის დონის მატებას იწვევს. ასევე ჩანს ტყეთა მასივების დრამატული შემცირება, რაც არამარტო კონკრეტულ რეგიონზე, არამედ მთელ პლანეტაზე ახდენს გავლენას.

აუარება მტკიცებულების და სამეცნიერო კონსენსუსის მიუხედავად, თუ როგორ ვნებს პლანეტას სხვადასხვა წიაღისეული საწვავის გამოყენება, ნარჩენების მოცულობის ზრდა, ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურება, მსოფლიოს ლიდერები არასაკმარისად, ან საერთოდ არ მოქმედებენ.

განსხვავებით პოლიტიკოსების და ეკონომისტებისგან, ახალგაზრდა თაობა გაცილებით უფრო შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, იმ მემკვიდრეობით, რომელსაც მათ უფროსი თაობა უტოვებს და თანდათან უფრო აქტიურდება. შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა თანბერგი ახალი თაობის გლობალური აქტივიზმის სიმბოლო გახდა. მან დედამიწის დღისთვის ლონდონში შეკრებილ გარემოს დამცველებს მიმართა:

„ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რაკი სხვას არავის სურს, საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ბრძოლას ჩვენ არასდროს შევწყვეტთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ პლანეტის და საკუთარი თავის გადასარჩენად, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ“.

მომავალი წლის 22 აპრილს დედამიწის დღეს 50 წელი შეუსრულდება. დენის ჰეისი, ადამიანი, რომელმაც ამ დღის დაწესებაში დიდი როლი ითამაშა, ამბობს, რომ 2020 წელი გადამწყვეტი იქნება კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში.

„ჩვენი მიზანია მომავალ წლამდე მაქსიმალურად ფართო მოძრაობის ორგანიზება შევძლოთ. უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები მათ იმედებს ვერ ამართლებენ, ისინი დედამიწას ვერ უვლიან. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო და ცვლილები მოვითხოვოთ“ - ამბობს ის.

ჰეისი „ტვიტერთან“ და სხვა სოციალურ ქსელებთან მუშაობს ინიციატივაზე სახელწოდებით „ხმა მიეცი დედამიწას“. საქმე იმაშია, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია შეერთებულ შტატებში და კიდევ 60 სხვა ქვეყანაში. აქტივისტების მიზანია, გარემოს დაცვა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცეს.

ჰეისის თქმით, ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზაცია ამერიკაში, იარაღზე კონტროლის გამკაცრება ახალ ზელანდიაში და სხვა მსგავსი ტენდენციები ადასტურებს, რომ მოკლე დროში ადამიანთა დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა სავსებით შესაძლებელია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG