ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსეი ნავალნის 19-წლიანი სპეციალური რეჟიმი მიუსაჯეს


ალექსეი ნავალნი (მარცხნივ) სასამართლო მოსმენის ტელეეკრანზე. მელნიკოვო, რუსეთი. 4 აგვისტო, 2023 წ.
ალექსეი ნავალნი (მარცხნივ) სასამართლო მოსმენის ტელეეკრანზე. მელნიკოვო, რუსეთი. 4 აგვისტო, 2023 წ.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმეზე 19-წლიანი განსაკუთრებული რეჟიმი მიუსაჯა. პროცესი ვლადიმირის რეგიონის მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის.

რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მიერ დაარსებულ ანტიკორუფციულ ფონდს და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონულ შტაბს ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ნავალნი ასევე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, კერძოდ, ექსტრემიზმისკენ საზოგადოებრივი მოწოდებების; ნაციზმის რეაბილიტაციის; სიცოცხლისათვის საშიშ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩართვისა და ექსტრემიზმის დაფინანსების მუხლებით.

სპეციალური რეჟიმი ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს მოუწევს სასჯელის მოხდა უმკაცრეს პირობებში, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში მყოფი პატიმრების პირობებს უტოლდება.

ნავალნი კოლონიაში 2021 წლის თებერვლის შემდეგაა. მაშინ სასამართლომ, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მოთხოვნით, "ივ როშეს" საქმეზე მისი პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა. ეს მოხდა ნავალნის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის მკურნალობდა რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ.

2022 წლის ივნისში ნავალნი პოკროვის ზოგადი რეჟიმის კოლონიიდან მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. თავის სისხლისსამართლებრივ დევნას თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. სადამსჯელო საკანი პატიმრობის განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა, როგორც ორი - სამ მეტრზე ზომის საკანს, სადაც რკინის უზურგო სკამზე უხდებოდა ჯდომა. ის ასევე ჰყვებოდა, რომ სადამსჯელო საკანში არის მხოლოდ ადუღებული წყალი და ერთი წიგნი, განსხვავებით ჩვეულებრივი საკნისგან, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი".

"მედიაზონამ" მსგავსი სადამსჯელო საკნის ვირტუალური სიმულატორი შექმნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG