ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი შიმშილობას წყვეტს


რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს. ამის შესახებ მან მხარდამჭერებს "ინსტაგრამის" მეშვეობით შეატყობინა და თქვა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვეტს შიმშილობას, რომელიც 31 მარტს დაიწყო. თუმცა მისივე განმარტებით, ამით პროტესტი არ წყდება და კვლავ მოითხოვს, რომ მის ექიმს მისი გასინჯვის საშუალება მისცენ. მან რუსეთსა და მთელ მსოფლიოში მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"მე არ ვწყვეტ საჭირო სამედიცინო შემოწმების მოთხოვნას. მკლავებისა ფეხების ნაწილში მგრძნობელობას ვკარგავ, მინდა გავიგო რა არის ეს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ, მაგრამ პროგრესისა და სხვა ყველა გარემოების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის დასასრულს", - თქვა მან.

ნავალნი შიმშილობის დაწყებიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ, 19 აპრილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნი ამბობდა, რომ ის შესაბამის, საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა.

ნავალნის დღევანდელ განცხადებამდე, ვრცელდებოდა მისი თანამებრძოლების მოწოდებებიც, რომ მას შიმშილობა შეეწყვიტა, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში იყო და შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი დასჯდომოდა. ამასთან, წინა დღეებში რუსეთში ნავალნისთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო 2000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ხუთშაბათს ნავალნი ამბობდა, რომ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია მისთვის საამაყო და იმედისმომცემი იყო.

"თქვენ ხართ რუსეთის ხსნა, თქვენ, ვინც გარეთ გამოხვედით, ისინი, ვინც არ გამოვიდა, მაგრამ მხარს გიჭერთ და ისინი, ვინც საჯაროდ მხარს ვერ გიჭერთ, მაგრამ თანაგიგრძნობთ", - წერდა ნავალნი "ინსტაგრამზე".

გასულ წელს ნავალნი თითქმის სასიკვდილო მოწამვლის მსხვერპლი გახდა. გერმანელი ექსპერტების დასკვნით, ის საერთაშორისოდ აკრძალული ნერვული აგენტით, "ნავიჩოკით" იყო მოწამლული. გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის დაბრუნებისთანავე დააკავეს და თებერვალში ორი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. პოკროვის კოლონიას, სადაც ის სასჯელს იხდის, ნავალნი "ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკს" უწოდებს.

ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მანამდე, სანქციებითაც კი პასუხობდნენ მისი მოწამვლის საქმეს. კრემლი მოწამვლასთან კავშირს თუ მისი დაპატიმრების პოლიტიკურ საფუძვლებს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს. ამავე დროს, რუსეთის ხელისუფუფლება მოსკოვის პროკურატურას ნავალნის ორგანიზაციის" კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სთხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG