ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი რუსეთში: დააკავეს 1 700 დემონსტრანტი


რუსეთის პოლიციამ დაახლოებით 1 782 დემონსტრანტი დააკავა 21 აპრილს ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე. საპროტესტო გამოსვლები კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გაიმართა, რომელიც უკვე სამი კვირაა ციხეში შიმშილობს. ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ მისი ექიმები და მხარდამჭერები.

აქციაზე ნავალნის ორი თანამებრძოლიც დააკავეს. ეს იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფედერალურ ასამბლეას მიმართავდა. მას ნავალნის შესახებ არ უსაუბრია.

დემონსტრანტები სლოგანებით „თავისუფლება ნავალნის“ მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და პირადი ექიმებისთვის მისი მონახულების უფლების მიცემას ითხოვდნენ. ნავალნის ცოლი იულია დემონსტრაციას შეუერთდა.

ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ არსებული ვითარება ქუჩაში გამოსვლისკენ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებდა. ნავალნის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მოსკოვში 60 000-მდე ადამიანი გამოვიდა, მაშინ როცა პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქში 6 000 ადამიანი შეიკრიბა არასანქცირებულად.

44 წლის კრემლის კრიტიკოსი, რომელიც გასულ წელს ნერვული აგენტით მოწამვლას გადაურჩა, დასუსტებულია, წონაში საგრძნობლად დაიკლო და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის ინფაქტის ან თირკმლის უკმარისობის საფრთხის წინაშეა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ნავალნის სიკვდილის შემთხვეევაში, ის საფასურს გადაიხდის.

“მას უკვე გამოუტანა სიკვდილის განაჩენი ვლადიმირ პუტინმა, სიკვდილის განაჩენი იმ დანაშაულის გამო, რომელიც ვლადიმირ პუტინს ყველაზე მეტად აღელვებს, რომ ის მას გამოწვევას უქმნის წარმატებით და ხდება პოპულარული ოპოზიციონერი“, - ამბობს ბილ ბროუდერი, „მაგნიტსკის აქტის“ ერთ-ერთი ავტორი და აქტივისტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. „ახლა ისინი მას ნელა კლავენ მთელი მსოფლიოს წინაშე სამედიცინო ყურადღებაზე უარის თქმით“, - ამბობს ის.

რუსეთი აცხადებს, რომ ნავალნის ექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა პატიმარს.

ნავალნის ბედის გარშემო მიმდინარე მოვლენები, მოსკოვის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს დასავლეთთან, კიდევ უფრო აღრმავებს. ამას გარდა, დაპირისპირება გააღვივა უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარის მობილიზებამ, ჩეხეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებამ, მას შემდეგ რაც გაირკვა რომ 2014 წელს იარაღის საწყობის აფეთქების უკან რუსული სპეცსამსახურები იყვნენ და სანქციების ახალმა წყებამ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას დააწესა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის და კიბერ-თავდასხმების გამო.

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები მოსკოვს მოუწოდებენ, მისცენ ექიმებს საშუალება ნავალნი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საზღვარგარეთ იქნას შესწავლილი. ისინი ამბობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან ის ისეთ პირობებშია ციხეში, რაც „შეიძლება წამებას უტოლდებოდეს“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი ნავალნის დაკავებას „სავალალო“ უწოდა.

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, ბობ მენენდესმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, რუსეთს მოუწოდა ნავალნის საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მან დამატებითი სანქციების განხილვის შესაძლებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ახლა ვხედავთ ბარბაროსობას მოქმედებაში და ვერ გავჩუმდებით“, - თქვა მან.

გუშინ, მოსკოვთან ახლოს, ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში და მისი თანამებრძოლი ლიუბოვ სობოლი დააკავეს. დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. ასევე დააკავეს 800 ადამიანი სანქტ-პეტერბურგში, და დაახლოებით 300 აქტივისტი ვლადივოსტოკში. უფოში 100-ზე მეტი ადამიანი იქნა გადაყვანილი დაკავების იზოლატორში. საპროტესტო აქციები დაშალეს და დაკავებები განხორციელდა ასევე სხვა ქალაქებშიც.

ნავალნიმ შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატიმროში უარი განუცხადეს ფეხისა და ზურგის ტკივილის ადეკვატურ მკურნალობაზე. ის საკუთარი ექიმების მიერ მის გასინჯვას ითხოვს და ციხის ექიმებს არ ენდობა. ნავალნის მოკავშირეები კი ახალი საფრთხის წინაშე არიან. გასულ კვირას, მოსკოვის სახელმწიფო პროკურორმა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რათა ნავალნის მხარდამჭერი ჯგუფები და აქტივისტები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს და აკრძალოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG