ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი და ჯონსონი ლუკაშენკოს წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაზე საუბრობენ


ნატოს გენერალური მდივანი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბელარუსის მიმართ მკაცრი საპასუხო ქმედების მომხრენი არიან. მაისის ბოლოს ლუკაშენკოს რეჟიმმა საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს მინსკში დაუგეგმავად დაშვება აიძულა, რათა მის ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დაეკავებინა.

ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ სამოქალაქო თვითმფრინავისა და ეკიპაჟისთვის დაშვების იძულება და ჟურნალისტის დაკავება საერთაშორისო ნორმებისა და წესების დარღვევა იყო. მან ბელარუსის ხელისუფლებას რამან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ის მიესალმება ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს. ბორის ჯონსონმა ინციდენტს "აღმაშფოთებელი" უწოდა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად აღსრულდება ეს სანქციები.

ნატომ ოთხშაბათს მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბელარუსის წინააღმდეგ საპასუხო ზომებზე იყო საუბარი. განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. ეს ქვეყნები ალიანსის ქმედებას არასაკმარისად მიიჩნევენ.

გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ მოკავშირეები ამ საკითხზე ბრიუსელში, 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზეც იმსჯელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG