ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს მსოფლიო შეცდომაში შეჰყავს - ნატო


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, რუსეთი "დეზინფორმაციის" კამპანიას ეწევა და მსოფლიო შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან განლაგებული სამხედრო ძალების ნაწილს ბაზებზე აბრუნებს. ნატო ამბობს, რომ ადგილზე საპირისპირო დინამიკაა და მოსკოვმა უკრაინის საზღვარზე დამატებით 7 000-მდე ჯარისკაცი გააგზავნა.

დასავლეთის შეფასებით, რუსეთს ახლა უკრაინის საზღვრებთან სამი მხრიდან 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს თავმოყრილი. კრემლი უკრაინაზე მიმდინარე ზეწოლის ფონზე ამბობს, რომ თანახმაა იმუშაოს დიპლომატიურ გადაწყვეტილებებზე. ნატოს მეთაურები კრემლის ამ უვერტიურას მიესალმებიან, თუმცა გაფრთხილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვის მიერ გამოცხადებული ძალების გაყვანის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.

"ჩვენ ამ განცხადებების საპირისპიროს მოწმე ვართ. დავინახეთ, რომ ბოლო 48 საათში ჯარისკაცთა რაოდენობა 7 000-მდე გაიზარდა" - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა დღეს, ნატოს მინისტერიალის დაწყების წინ. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი რუსეთის მიერ ძალების გაყვანის განცხადებას "დეზინფორმაციას" უწოდებს.

მოსკოვმა ამ კვირის განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ძალებს საკუთარ ბაზებზე აბრუნებდა და გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც სამხედრო ტექნიკა მატარებლებზე იტვირთებოდა. თუმცა, ამ ინფორმაციას არც შეერთებული შტატები და არც ნატო არ ადასტურებს.

"ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსული შენაერთები ბრუნდებიან საკუთარ ბაზებზე. ყველა რუსული შენაერთი უნდა დაბრუნდეს ბაზებზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავდასხმისთვის მზადყოფნის პოზიციებში ყოფნას" - განაცხადა ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯო ბაიდენმა, ამერიკის პრეზიდენტმა. მან იქვე აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მკაფიო და თანმიმდევრულია და შეერთებული შტატები მზად არის "ყველაფრისთვის რაც არ უნდა მოხდეს".

ანალოგიური განცხადება გააკეთა იმავე დღეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ძალების გაყვანის მტკიცებულება არ არსებობს და რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა "უკრაინაში გაფრთხილების გარეშე, სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს".

მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გეგმებს დაბეჯითებით უარყოფს. თუმცა, პარალელურად დასავლეთს უსაფრთხოების მოთხოვნებს უყენებს, რომელთა შორის უკრაინის და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმაც არის. დასავლეთის ქვეყნების და ნატოს ლიდერები ამაზე პასუხად ამბობენ, რომ უსაფრთხოების მოწყობის არჩევანი სახელმწიფოთა სუვერენული უფლებაა, ნატოს წევრობას კი ალიანსის 30 სახელმწიფო წყვეტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG