ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო მოსკოვს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს თავდაცვის მინისტრები უკრაინის საზღვარზე მიმდინარე კრიზისზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მინისტერიალს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც ესწრება.

„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს რუსეთის მიერ ძალიან მასშტაბური, უმიზეზო და გაუმართლებელი სამხედრო მობილიზება უკრაინაში, მის გარშემო და ბელარუსში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ დაასრულოს მობილიზაცია და გაიყვანოს მისი ძალები უკრაინიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას“ და სწორედ ამიტომ, მოკავშირეების დასაცავად ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებით ზრდის ქვეითი ჯარის და საზღვაო და საჰაერო წარმომადგენლობას.

მინისტრები ადასტურებენ ნატოს მეხუთე მუხლისადმი ერთგულებას, რაც გულისხმობს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, ყველა წევრზე თავდასხმას უდრის. ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს“ სასურველი ალიანსები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს მოკავშირეები კვლავ მოუწოდებენ რუსეთს, რომ გააგრძელოს დიალოგი „ნატო-რუსეთის საბჭოს“ ფარგლებში და ამბობენ, რომ რჩებიან ერთგული ნორმანდიის ფორმატის და მინსკის შეთანხმების განხორციელებისადმი.

უკანასკნელ პერიოდში, მოსკოვი აქტიურად საუბრობს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაზე. გერმანიის კანცელართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ ამ კუთხით კიევზე ზეწოლა უნდა გაზარდონ.

"ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები ევროპაში, პირველ ყოვლისა კი გერმანია და საფრანგეთი შესაბამის გავლენას მოახდენენ კიევის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე და გამოსავალი ნაპოვნი იქნება", - თქვა მან.

რუსეთის 130,000-ზე მეტი სამხედრო კვლავ უკრაინის საზღვარზე რჩება. მოსკოვმა დაიწყო სამხედროების ნაწილის ოკუპირებული ყირიმიდან გაყვანა. დასავლეთში აცხადებენ, რომ ჯერ არ იკვეთება ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინის საზღვარზე თავმოყრილ სამხედრო კონტინგენტს მათ მუდმივ ბაზებზე უკან აბრუნებს.

XS
SM
MD
LG