უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ სტივენ ერლანგერის სტატიით „ნატო ხედავს საფრთხეს, მაგრამ არ ასახელებს იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს მტერი,“ რომელიც 2 ნოემბერს გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ნატოს გენერალური მდივანი მიმდინარე თვის მეორე ნახევარში ლისაბონში დაგეგმილი ყოველწლიური უმაღლესი დონის შეხვედრიდან ორ შედეგს ელის: შეთანხმებას ალიანსის ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ და რუსეთთან ნატოს ‘გადატვირთვის’ ვერსიას. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა მიიღოს მონაწილეობა უმაღლესი დონის შეხვადრაში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსკოვი ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნასთან დაკავშირებულ თანამშრომლობას განიხილავს.
ნატო კვლავინდებურად იხილავს იმ საკვანძო საკითხებს, რომელიც ალიანსის ახალ სტრატეგიულ დოქტრინაში შევა. ნატოს ახალი სტრატეგიული დოქტრინა ლისაბონში უნდა გამოქვეყნდეს. აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან მოყოლებული ეს იქნება ნატოს პირველი ახალი დოქტრინა.
განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ ფაქტორს ანტი-სარაკეტო სისტემა წარმოადგენს. ალიანსის გენრალურ მდივანს სარაკეტო საფრთხის წყარო არ დაუკონკრეტებია.
‘მსოფლიოში 30-ზე მეტ სახელმწიფოს სარაკეტო ტექნოლოგია გააჩნია და მათ შორის ზოგიერთს მოკავშირე ტერიტორიაზე რაკეტების მოხვედრა შეუძლია,’ აღნიშნა მან.
ამ მხრივ მთავარ საფრთხედ ირანი ითვლება რადგან თეირანი უახლეს რაკეტებს აწარმოებს და მას ბირთვული პროგრამა გააჩნია. მაგრამ პრეზიდენტი ობამა და ევროპელები ირანელებს მოლაპარაკებების კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობენ რათა მათ ურანის გამდიდრება შეწყვიტონ. ამას გარდა თურქეთს არ სურს, რომ ანტი-სარაკეტო სისტემა აღქმულ იქნას თეირანის წინააღმდეგ. ამდენად ირანის ხსენება საბოლოო დოკუმენტში დიპლომატიურად მიუღებელი იქნებოდა.
დოკუმენტში საფრთხეებს შორის არც რუსეთი იქნება ნახსენები რადგან ალიანსს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ამას ისიც ემატება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ლისაბონში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობისა და ახალ ანტი-სარაკეტო სისტემაში რუსეთის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ეს უკანასკნელი მომენტი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც მისი წინამორბედი და შესაძლო მემკვიდრე ვლადიმირ პუტინი ანტი-სარაკეტო სისტემას ყოველთვის გმობდა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 2008 წელს გამართულ სამიტთან შედარებით დღევანდელი განწყობა რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ ბატონი პუტინი ალიანსის სადილზე დაუპტიჟებლად გამოცხადდა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რუსეთის ირგვლივ ნატოს გაფართოებისა და ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ ლექცია წაუკითხა.
ნატო-რუსეთის ურთიერთობის დაძაბულობის ფონზე ბატონ რასმუსენს ოთხშაბათს მოსკოვში ვიზიტის დროს ორ კვირაში დაგეგმილი ლისაბონის სამიტისთვის მოსამზადებლად საკმაოდ დელიკატური მისიის შესრულება მოუწევს.
ბატონი პუტინი ნატოს გაფართოებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში საფრთხედ აღიქვამს, მაშინ როცა რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით დასავლეთს შეუარცხყოფა მიაყენა. დასავლეთი საქართველოზე თავდასხმას აღიქვავს როგორც მოსკოვის საპასუხო დარტყმას ნატოს მხრიდან საქართველოსთვის წევრობის ბუნდოვან დაპირებაზე. მოსკოვი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე კვლავინდებურად უარს აცხადებს.
კითხვაზე თუ რას ეტყვის იგი რუსეთთან ‘გადატვირთვით’ შეშფოთებულ ქართველებს, ბატონმა რასმუსენმა აღნიშნა, რომ ალიანსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის, ავტონომიისა თუ ანექსაციის აღიარებას არ აპირებს. მისი თქმით, ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ემხრობა და საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დაპირებას ერთ დღეს შეასრულებს.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ ალიანსის უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან დაეხმარება საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში. მისი თქმით: ‘მე მჯერა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობა ამგვარი უთანხმოებების მშვიდობიანი გადაჭრის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.’
-ციტატის დასასრული-
რასმუსენს მიაჩნია, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა გაუმჯობესდება მაშინ როცა ორივე მხარე უსაფრთხოების სფეროში არსებულ საერთო ინტერესებს - მაგალითად, ავღანეთს, ტერორიზმს, ნარკოტიკებს, მეკობრეობას, კიბერ უსაფრთხოებასა და ანტი-სარაკეტო სისტემას - გამონახავს და მათი გადაჭრის მიზნით თანამშრომლობას დაიწყებს მაშინ როცა საქართველოსა და უკრაინის მსგავსი კამათის გამომწვევი საკითხების განხილვა უნდა გადაიდოს.“
უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ პოლ სანდერსის სტატიით სათაურით „მოსკოვსა და თბილისს შორის ოღროჩოღრო გზა გადის,“ რომელიც ჟურნალ The National Interest-ის ვებ გვერდზე 3 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„მიუხედავად ჩვეული სავალდებულო განცხადებებისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, რომლის აღდგენა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციისა და აღიარების შემდეგ შეერთებულ შტატებს უბრალოდ არ ძალუძს, ობამას ადმინისტრაცია არსებითად შეურიგდა ნატოს გარეთ მყოფი შეკვეცილი საქართველოს რეალობას და მოსკოვთან ურთიერთობებში სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე გადაირთო. ამ საკითხებს შორის აღსანიშნავია ირანი, ავღანეთი და ახალი სტარტის ხელშეკრულება. ამასობაში რუსეთი ახალი სტატუს კვოთი კმაყოფილი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მოსკოვი საქართველოს ‘შეიარაღებით აღჭურვასთან’ დაკავშირებით გარკვეულ წილად გადაჭარბებულ განცხადებებს აკეთებდა.
იმ შემთხვევაში თუ ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ, რაც არ არის გარანტირებული რადგან ობამას ადმინისტრაციას კაპიტოლიუმზე ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება, თუ მოსკოვს მართლაც სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა, მას თბილისთან შეთანხმების მიღწევა მოუხდება. ეს კი ძალზედ რთული იქნება რადგან მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი არ სურს. ამას გარდა რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გავლენის შეზღუდვაზე არ წავა. საქართველო რუსეთთან მიმართებაში არსებულ იშვიათ ბერკეტს უთუოდ აამოქმედებს, ხოლო შეერთებული შტატები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება რადგან ვაშინგტონს ერთის მხრივ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება სურს, მაგრამ მეორეს მხრივ მას არ სურს რომ შეიქმნას შთაბეჭდილება თითქოს ის ამ მიზნით სააკაშვილზე ზეწოლას ახდენს.
თუმცა, როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციის პოზიცია თანდათან ისახება. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის, რომ ჟურნალ Foreign Policy-ში ‘ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ოფიციალური პირისგან’ გაჟონა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეთანხმება ‘რუსეთსა და საქართველოს შორის ომრხრივი მოლაპარაკებების საგანს’ წარმოადგენს და ობამას ადმინისტრაცია შუამდგომლობას ‘არ იტვირთავს’ რადგან ‘მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთს სურს და ამდენად თუ მათ ეს მიზანი ამოძრავებთ, მაშინ ამ მოლაპარაკებების დაწყება სწორედ მათ უნდა დაიწყონ.’
ალექსანდრე მელიქიშვილი. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.