ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენ უკან არ დავიხევთ,"- სტოლტენბერგი ამბობს რომ უკრაინის დახმარება გრძელდება


ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეტა მინისტერიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ეს დღეს ყველაზე დიდი პრიორიტეტია ნატოსთვის.

სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რათა უკრაინამ დროულად მიიღოს ყველა საჭირო იარაღი, რათა თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.

"ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ მათ ეს დასჭირდებათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტებთან საუბრამდე ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე დიმიტრო კულებამ თქვა, რომ უკრაინას უფრო მეტი საჰაერო თავდაცვითი იარაღი სჭირდება მათ შორის "პატრიოტის" სისტემები. კითხვა საჰაერო თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესახებ ჟურნალისტებმა სტოლტენბერგსაც დაუსვეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები აქტიურად მუშაობენ, რათა უკრაინამ დროულად მიიღოს საჭირო ანტისაჰაერო სისტემები და ამუნიცია. სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკვე მიწოდებული საჰაერო სისტმები უკრაიანში კარგად მუშაობს, კიევი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის.

ბუქარესტის სამიტის პირველი დღის შეჯამებისას სტოლტენბერგმა რუსეთის ომს უკრაინაში "სასტიკი ომი" უწოდა და აღნიშნა რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, რაც არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ომში მარცხდება.

”ეს არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მარცხდება ბრძოლის ველზე.. ისინი თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს, რადგან ვერ წინაურდებიან ფრონტის ხაზზე და ასე ცდილობენ თავიდან აიცილონ უკრაინის წინსვლა და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლება[რუსული ოკუპაციისგან]. ასე რომ, დიახ, ჩვენ შეიძლება ველოდოთ უფრო მეტ თავდასხმებს. ასეთი სისასტიკე, როგორიც უკრაინაში ვნახეთ ევროპაში არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.” - ამბობს სტოლტენბერგი.

ენერგოქსელებზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმების ბოლო ტალღიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, უკრაინის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ენერგოქსელის ეროვნული ოპერატორი Ukrenegro აცხადებს, რომ ორშაბათიდან, რამდენიმე ელექტროსადგურის საგანგებო გათიშვისა და ზამთრის დადგომისას მოხმარების გაზრდის შემდეგ, ელექტროენერგიის დეფიციტი ოდნავ გაიზარდა.

“რუსეთი იყენებს სასტიკ სარაკეტო იერიშებს რათა დატოვოს უკრაინა ცივი და ბნელი ამ ზამთარში. პუტინი ცდილობს ზამთარი გამოიყენოს იარაღად და აიძულოს უკრაინელები ქვეყნიდან გაიქცნენ. ის ცდილობს გატეხოს მამაცი უკრაინელი ხალხის ნება. დღეს ყველა ჩვენგანი უკრაინელების მხარეს ვართ და მათ ვეხმარებით. ჩვენ უკრაინას ვუგზავნით მუდმივი მხარდაჭერის ძლიერ გზავნის. ნატო არ არის ომის მხარე. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს საჭირო იქნება,"- თქვა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ გადაიდგმება თუ არა ნაბიჯები უკრაინის ნატოში გაწევრიანების კუთხით. იენს სტოლტენბერგმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნატოს კარი ღიაა" თუმცა აქვე განმარტავს, რომ ახლა პრიორიტეტი "უკრაინის სასწრაფო დახმარებაა" რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიასთან გამკლავება შეძლოს. სტოლტენბერგმა "ამერიკის ხმის" უკრაინული სერვისის კითხვაზე, საპასუხოდ თქვა, რომ ნატო უკრაინასთან პოლიტიკურ ურთიერთობებს აღრმავებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ერთგულები რჩებიან 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილების, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ითვალისწინებს.

რუმინეთში მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს კითხეს ასევე ალიანსის დამოკიდებულებაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატომ 2014 წლის შემდეგ გააძლიერა პოზიციები შავ ზღვაში და "ნატოს ყოფნა შავ ზღვაში მნიშვნელოვანია".

"ყველა ვთანხმდებით, რომ შავ ზღვაში ნატოს ყოფნა მნიშვნელოვანია,"- ამბობს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალური მდივანი განმარტავს, რომ ამასში ალიანსი და წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ დაარწმუნა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომმა. სწორედ ამიტომ სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსმა გააძლიერა წარმომადგენლობა რუმინეთში. სტოლტენბერგის თქმით რუმინეთში ნატოს დამატებითი ძალების და შეიარაღების გადასროლა მოხდა.

შავი ზღვის რეგიონზე საუბრის დროს ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს შესახებ არ უსაუბრია. თუმცა ახსენა, რომ ბოსნია ჰერცოგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG