ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი კურსი


ნატოს გენერალურმა მდივანმა კონგრესში ორპარტიული აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც განაცხადა, რომ ნატო საბჭოთა აგრესიის შესაკავებლად შეიქმნა და დღეს ის აგრძელებს რუსულ საფრთხესთან გამკლავებას.

სტოლტენბერგმა საქართველოზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა სუვერენული ქვეყნები არიან და მათ აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი გზა. გენერალური მდივანი კონგრესში ნატოს 70 წლის იუბილეზე წარსდგა.

„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ. რომლებიც სუვერენული ქვეყნები არიან, სუვერენული უფლებით აირჩიონ საკუთარი განვითარების კურსი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსი 1949 წელს ვაშინგტონში შეიქმნა და ათწლეულების განმავლობაში შეძლო წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა. ნატოს თავდაპირველი მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ევროპის მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა და საბჭოთა კავშირის შეკავება იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს მისია და ფოკუსი შეიცვალა. ალიანსმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბალკანეთის კონფლიქტებში და ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნები, საკუთარ რიგებში მიიღო.

ნატო დღეს 29 წევრს აერთიანებს. 30-ე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება, რომელიც ალიანსმა ცოტა ხნის წინ მიიწვია.

ნატოს წლისთავთან დაკავშირებით "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც. მან პრეზიდენტ ტრამპის მიერ ალიანსის კრიტიკა კიდევ ერთხელ გაახმოვანა. პენსმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა უფრო მეტი გაიღონ თავდაცვის ხარჯებზე და შეასრულონ დადებული პირობა, რომ ორგანიზაციის წევრები თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს გაიღებენ.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა გერმანია რუსეთთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტზე თანამშრომლობის გამო და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ევროპელი პარტნიორები ვაშინგტონისგან დაცვას ითხოვენ, მათ შორის, რუსული საფრთხისგან, ისინი მოსკოვის გავლენის ზრდას თავად არ უნდა უწყობდნენ ხელს.

ვიცე-პრეზიდენტმა თურქეთიც გააკრიტიკა. ანკარას მიერ რუსული წარმოების ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემა ს-400-ის შესყიდვის გამო, რომელიც ნატოს განცხადებით, წინააღმდეგობაში მოდის ალიანსის თავდაცვის სისტემებთან.

“ჩვენი სიძლიერე და ჩვენი ალიანსის სიძლიერე მხოლოდ შეიარაღებიდან არ მოდის. ის ჩვენი საერთო პრინციპებიდან, თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის პრინციპებიდან და იდეალებიდან მოდის“, - განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.

წარსულის ანალიზთან ერთად, ალიანსმა ყურადღება მომავალზეც უნდა გაამახვილოს, - ამბობს კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, ქართველები და უკრაინელები ისევე იმსახურებენ უსაფრთხო და თავისუფალ საზოგადოების წევრობას, როგორც დასავლეთ ევროპელები.

"თითოეული ჩვენგანი [ვინც ნატოს გაფართოებაზე მუშაობდა] ამას დღემდე საკუთარ ცხოვრებაში გაკეთებულ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ მიიჩნევს. ამან 100 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, რომლებიც დღეს თავისუფალ, ეკონომიკურად განვითარებულ და უსაფრთხო საზოგადოებაში ცხოვრობენ. ასე რომ, კითხვაში თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჩვენი ღირებულებები... რატომ უნდა შედიოდეს ხალხი, რომელიც ცხოვრობს ბერლინში, პარიზში, ვილნიუსში თუ ვაშინგტონში და არა ხალხი, რომელიც ცხოვრობს თბილისში, კიევში, კიშინოვსა თუ სხვაგან? ეს ადამიანური ღირებულებებია და ვფიქრობ, პასუხისმგებლობა, რომელიც ჯერ ისევ ჩვენ გვაკისრია“, - თქვა ვოლკერმა.

ვოლკერი ხაზს უსვამს, რომ ნატო სწორედ კონფლიქტების მოსაგვარებლად შეიქმნა და არა რისკისთვის თავი ასარიდებლად.

„ნატო შეიქმნა ძალიან სარისკო დროს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სახიფათო იყო. საბჭოთა კავშირი ცვლიდა მთავრობებს, ახდენდა ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ, ამ ქვეყანაში, დავდეთ პირობა, რომ დავიცავდით დასავლეთ ევროპას, დავიცავდით გერმანიას, დასავლეთ გერმანიას, პარიზს, იტალიას და ასე შემდეგ. დღეს, ზოგჯერ ჩანს, რომ ნატო მხოლოდ იმ ქვეყნების დაცვაზე საუბრობს, რომლებსაც რისკი არ ახლავს. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. რისკი არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველასთან გვმართებს ის, რომ გავაგრძელოთ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შენება ყველა მისი ხალხისთვის“, - თქვა მან.

ვაშინგტონში ასევე გაისმა გაფრთხილებები საქართველოს მიმართ, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების გზა და წევრობის პერსპექტივის სიშორის მიუხედავად, არ გადაუხვიოს აღებულ გეზს.

„საქართველო ნამდვილად ასრულებს ნატოს მოთხოვნებს. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, საგულისხმოა რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის ბუნდოვანება ქვეყნის შიგნით რეფორმების სურვილს ასუსტებს. დღეს საქართველოს რთულ სიტუაციაშია ძლიერი დემოკრატიული ტრაექტორიის შენარჩუნების მხრივ. [წევრობის პერსპექტივა] ამ ეტაპზე საჭიროა, როგორც ინიციატივა ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის, რომ განაგრძონ დემოკრატიული განვითარების გზაზე სვლა და გაატარონ მთავარი რეფორმები, რაც საჭიროა ამ ორგანიზაციებში წევრობისთვის... ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილება იძლევა იმედს, რომ როცა შესაბამისი დრო დადგება, ეს მოხდება“, - ამბობს ანდრეა კენდალ-ტეილორი ამერიკის ახალი უსაფრთოხების ცენტრიდან.

შეერთებული შტატების დედაქალაქმა ნატოს მინისტერიალსაც უმასპინძლა, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. მინისტერიალის დროს ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG