ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო: ვაძლიერებთ საქართველოსადმი მხარდაჭერას


ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში შეიქმნა. ნატო 70 წლისაა. შეერთებულ შტატებში ნატოს იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

ვაშინგტონში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იღებს.

მინისტერიალის ფარგლებში, ნატომ „შავი ზღვის“ პაკეტი მიიღო, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭრის გაზრდას ითვალისწინებს. განსაკუთრებით ფლოტის, საზღვაო დაცვის გაწვრთნის, პორტში ვიზიტების, საერთო წვრთნების და ინფორმაციის გაზიარების კუთხით. გენერალურმა მდივანმა იენს სტონლტენბერგმა განაცხადა, რომ „ეს განავრცობს ჩვენს უკვე ახლო თანამშრომლობას“. „ამ წუთებში, ნატოს ერთ-ერთი საზღვაო გუნდი შავ ზღვაში პატრულირებს და დღეს ქართულ და უკრაინულ გემებთან ერთად გადის წვრთნებს“, - თქვა სტოლტენბერგმა.

უკრაინამ და საქართველომ არ უნდა დაკარგონ იმედი და უნდა გააგრძელონ მუშაობა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

გენერალური მდივანი გუშინ ამერიკის კონგრესის წინაშე წარსდგა, სადაც მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო კურსი.

მინისტერიალის პარალელურად, ვაშინგტონში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, "გერმანიის მარშალის ფონდის" და „ატლანტიკური საბჭოს“ თანაორგანიზებით, 70 წლისთავთან დაკავშირებით კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საკუთარ გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა საქართველო-ნატოს ორმხრივ პარტნიორობაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება, კონსენსუსი ალიანსის მოკავშირეებს შორის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მომავალ სამიტებზე და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის. ერთადერთი გადაწვეტილება, რაც უნდა იქნას მიღებული, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ მომენტისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ჩვენ მხნეობას არ გვაკლებს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ერთადერთი გადაწვეტილება, რაც უნდა იქნას მიღებული, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
დავით ზალკალიანი

ალიანსი თავდაპირველად 12 ქვეყანას აერთიანებდა. მოგვიანებით მან ახალი წევრები მიიღო, მათ შორის ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებიც. დღეს, ალიანსს 29 წევრი ყავს. შემდეგი, ჩრდილოეთ მაკედონია იქნება, რომელიც ალიანსმა ცოტა ხნის წინ მიიწვია. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს ადასტურებს ნატოს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ და სწორედ ამიტომ, ასპირანტმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა იმედი უნდა შეინარჩუნონ.​

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, დინ ანჩესონი ხელს აწერს ატლანტიკური თავდაცვის შეთანხმებას (4 აპრილი, 1949 წელი).
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, დინ ანჩესონი ხელს აწერს ატლანტიკური თავდაცვის შეთანხმებას (4 აპრილი, 1949 წელი).

​​„იმედი მაქვს [ნატოს] შემდეგ სამიტზე საქართველოს მიიწვევენ. საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი. მათ ყველაფერი გააკეთეს, არა მარტო მოკავშირეებთან ერთად ბრძოლით ავღანეთში, არამედ თავდაცვის კუთხით. ამის დრო დადგა. არავის არ აქვს უფლება დაბლოკოს საქართველოს სურვილი გაერთიანდეს ალიანსში. ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკა საერთო თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამბობს გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპაში ამერიკის ძალების ყოფილი მთავარსარდალი.

იმედი ნატოს შემდეგ სამიტზე საქართველოს მიიწვევენ
ბენ ჰოჯესი

დისკუსია საერთო თავდაცვას, ახალ გამოწვევებს და ორგანიზაციის ცვალებად როლს შეეხო. მონაწილეებმა ისაუბრეს რუსეთის მზარდ საფრთხეზეც.

საქართველოზე საუბრისას ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მართალია ამ დროისთვის არ არსებობს კონსენსუსი თბილისისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რათა შესაძლებლობა და პოლიტიკური მომენტი ხელიდან არ გაუშვან.

„[უკრაინამ და საქართველომ] არ უნდა დაკარგონ იმედი და უნდა გააგრძელონ მუშაობა და გამოიყენონ ყოველი დღე, რათა მოემზადონ საბოოლოო წევრობისთვის. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს არის პოლიტიკური გადაწვეტილება. ვერავინ იტყვის, რომ ამას ან იმას თუ გააკეთებთ, ეს იქნება საკმარისი. არა, პოლიტიკურ კონტექსტს ყოველთვის ექნება მნიშვნელობა. ჩვენი გამოცდილებიდან მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბევრჯერ გაგვიცრუვდა იმედი, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არასდროს გავხდებოდით წევრები. თქვენ განსხვავებული სიტუაცია გაქვთ, თქვენ გეუბნებიან, რომ გახდებით წევრები... თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა ბერკეტი და აჩვენოთ მოტივაცია, და ამას აკეთებთ. უფრო მეტი ადამიანი მათ შორის მსგავს ღონისძიებებზე ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს წევრი. ამის დრო დადგება“, - თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა.

70 წლის მანძილზე, ნატომ აჩვენა რომ ის არის საკუთარი მოკავშირეების უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტი. თუმცა წარსულის ანალიზთან ერთად, ალიანსი წინ, ახალ გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG