ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასას მარსის მისიის 10 წლისთავი


პროექტის მთავარი მკვლევარის განცხადებით, მისიამ დაადგინა, რომ მარსზე ოდესღაც წყალი არსებობდა

2004 წლის 4 იანვარს, მარსის ზედაპირზე დაეშვა გოლფის კარტის ზომის აპარატი, სახელად: „სპირიტი“, სამი კვირის შემდეგ კი მისი ტყუპისცალი, სახელად: „ოპორთუნითი“ , პლანეტის მეორე მხარეს დაეშვა.

თავდაპირველი გათვლებით, ამ აპარატებს მარსის 90 დღის განმავლობაში უნდა ემუშავათ. გეოლოგი ჯონ გრანტი ამბობს, რომ ორივე აპარატმა ბევრად უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშავა და მეცნიერებს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია მიაწოდა.

ჯონ გრანტი ამბობს:
„სინამდვილეში, მარსზე საკუთარი საველე გეოლოგი მივიღეთ. ისეთი რამ, რასაც შეეძლო ზედაპირზე გადაადგილება, ქანების გამოკვლევა, გეოლოგიურ პირობებზე და წარსულში არსებულ გარემოზე ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ უფრო კონკრეტულად: რა როლი ითამაშა წყალმა ამ გარემოს ჩამოყალიბებაში.“

„ნასამ“ 2010 წლის მარტში აპარატ „სპირიტ“-თან კავშირი დაკარგა, მაგრამ „ოპორთუნითი“ ჯერ კიდევ მოქმედებს და მარსის ზედაპირზე 38 კილომეტრზე მეტის გავლის შემდეგაც გზავნის სამეცნიერო მონაცემებს. პროექტის მთავარი მკვლევარი, სტივ სქვაირსი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის დამადასტურებელი ინფორმაციის აღმოჩენა, რომ მარსზე ოდესღაც წყალი არსებობდა.

სტივ სქვაირსი ამბობს:
„როცა ჩვენი აპარატი დაეშვა პლანეტაზე, თავიდან არ მოველოდი, რომ მარსის ზედაპირზე და ზედაპირის ქვემოთ თხევადი წყლის არსებობის დამადასტურებელი მონაცემები ასეთი დამაჯერებელი იქნებოდა .“

„ნასა“-ს მარსის კვლევის პროგრამის მონაწილე დევიდ ლეივერი ამბობს, რომ მარსის საკვლევი აპარატებისთვის შემუშავებული ტექნოლოგიების გამოიყენება ახლა უკვე დედამიწაზეც იწყება.

დევიდ ლეივერი ამბობს:
„მგონია უკვე ყველას სმენია „გუგლი“-ს ავტონომიური ავტომობილების შესახებ, რომლებიც გზებს სერავენ. იმ ტექნოლოგიას, რომელიც ამ ავტომობილებში გამოიყენება, საერთო ფესვები აკავშირებს მარსის აპარატების ტექნოლოგიასთან.“

2012 წლის აგვისტოში „ნასა“-მ აპარატი „კურიოსიტი“ დასვა მარსზე. ამ, მცირე ავტომობილის ზომის აპარატის ენერგიის წყარო, ბატარეების ნაცვლად პატარა ბირთვული რეაქტორია, რომელსაც შეუძლია წლების განმავლობაში ამუშაოს ეს აპარატი. შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო გეგმავს პლანეტაზე ადამიანის გაგზავნას, მანამდე კი, 2020 წელს, “კურიოზიტი“-ს სხვა აპარატიც შეუერთდება.
XS
SM
MD
LG