ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვრცელდება თუ არა ახალი ვირუსი აფრიკაში? - სპეციალისტები 350-მდე სპილოს მასობრივი სიკვდილის მიზეზს იკვლევენ


დასავლური მედია უკვე რამდენიმე დღეა საუბრობს იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, სპილოები დაუდგენელი მიზეზებით იღუპებიან. პირველად ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანულმა მაუწყებელმა "ბი-ბი-სიმ" გაავრცელა.

გამოცემა სპეციალისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბოტსვანაში 300-მდე სპილოა დაღუპული, თუმცა მიზეზი, რამ გამოიწვია ცხოველების გარდაცვალება, ამ დრომდე ვერ დგინდება.

ფაქტი რომ შემაშფოთებელია, დღეს ამაზე დარგის სპეციალისტები ღიად საუბრობენ. უკვე აღებულია სინჯები გარდაცვლილი სპილოების სხეულიდან და დაწყებულია ლაბორატორიული კვლევა. თუმცა, კვლევას კიდევ რამდენიმე კვირა სჭირდება იმისთვის რომ დადგინდეს, რა გახდა სპილოების გარდაცვალების მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს საერთო სურათის სანახავად, ვერტმფრენი გამოეყენებინათ. 3-საათიანი ფრენის დროს, სპეციალისტებმა 350 გარდაცვლილი სპილო დააფიქსირეს. ისინი "ბი-ბი-სი"-სთან საუბრის დროს ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენაა.

სპეციალისტი ქეით ევანსი ამბობს, რომ სასწრაფოდ არის დასადგენი, თუ რა არის რეალური მიზეზი სპილოების გარდაცვალების, რათა არ მოხდეს მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა.

"აფრიკის კონტინენტზე ჩვენ 400 000-ზე ნაკლები სპილო გვყავს, რაც არ ითვლება დიდ რაოდენობად. უკვე გარდაიცვალა ათობით, შეიძლება ასობით სპილო. ჩვენ მალე უნდა შევძლოთ დავადგინოთ, ეს არის რაიმე დაავადება, ვირუსი თუ ბაქტერია და სწრაფად დავიწყოთ მოქმედება. ეს რეალურად შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს, რადგან თუ არ გვეცოდინება, რა არის მიზეზი, ვერ შევძლებთ ის შევაჩეროთ და შეიძლება სპილოების დიდი ნაწილი დავკარგოთ."- ამბობს ქეით ევანსი.

უკვე გამორიცხულია ის, რომ სპილოები ფიზიკურად მოკლა ვინმემ და გამორიცხულია, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი გარკვეული სახის ვირუსით გარდაიცვალნენ, ან რომელიმე ნივთიერების მიღებით მოხდა მათი დაღუპვა.

რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამ გამოიწვია დიდი რაოდენობით სპილოების გარდაცვალება, რამდენიმე კვირაში შესაძლოა გახდეს ცნობილი, იმ შემთხვევაში თუ სპეციალისტები კვლევებით დაადგენენ მიზეზს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG