ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-კანადა-მექსიკის ახალი შეთანხმება ამოქმედდა, თუმცა პრობლემები გრძელდება


განახლებული ამერიკა-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების პაკეტი ოთხშაბათიდან ამოქმედდა. ის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის ასპექტებს არეგულირებს, თუმცა გარკვეული უთანხმოებები მაინც ვლინდება.

შეთანხმების ამოქმედების პარალელურად ტრამპის ადმინისტრაცია კანადას ალუმინზე ახალი ტარიფის დაწესებით ემუქრება. მექსიკაში კი შრომის უფლებებთან დაკავშირებით ცნობილი აქტივისტი დააკავეს. ის 26-წლიანი ჩრდილო ამერიკული შეთანხმების ახალ ხელშეკრულებაში შრომის რეფორმის საკითხზე მუშაობდა.

ამერიკა-მექსიკა-კანადის შეთანხმება უფრო მკაცრ რეგულაციებს გულისხმობს ამერიკის წარმოების კუთხით, იქნება ეს ავტოწარმოება თუ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ახალი გარანტიები, ვალუტით მანიპულირების აკრძალვა და ციფრული გაყიდვების ახალი წესები. ეს ყველაფერი 1994 წელს, როდესაც სამ ქვეყანას შორის "ნაფტას" სახელით ცნობილი შეთანხმება გაფორმდა, არ არსებობდა.

დონალდ ტრამპი "ნაფტას" დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა და მას ერთ-ერთ ყველაზე უარეს ხელშეკრულებად მიიჩნევდა. მოგვიანებით მან ის გააუქმა და ახალი შეთანხმებით შეცვალა.

თუმცა ახლა შეთანხმების ამოქმედება კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად განსხვავებულ გარემოში მოხდა. დაახლოებით 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო ტვირთბრუნვა, ახლა ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ეკონომიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სირთულეები მრავალმხრივი იქნება. მათ შორის მექსიკელი დასაქმებულებისთვის მინიჭებული უფლებები და მექსიკის ახალი შრომის კოდექსი, რომელიც დასაქმებულებს გაერთიანების და ფროფკავშირის შექმნის და მოლაპარაკების წარმოების უფლებას აძლევს. ეს კი მექსიკურ კომპანიებს ხელს შეუშლის იმაში, რომ თანამშრომლებს მუდმივად დაბალი ხელფასი უხადონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG