ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელ შართერის მხარდამჭერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის ოფიციალური წარდგენა ქუჩაში დემონსტრაციის გამართვით აღნიშნეს.

ეგვიპტეს პოლიტიკური უმცირესობები და საერთაშორისო დამკვირვებლები კი მიიჩნევენ, რომ ელ შათერის გამარჯვების შემთხვევაში მუსლიმურ საძმოს ძალაუფლებაზე სრული მონოპოლია ექნება.

მარინა ოტოვეი ვაშინგტონში დაფუძნებული კარნეგის მშვიდობის ფონდში ახლო აღმოსავლეთის ექსპერტია. მისი თქმით, მუსლიმურ საძმოს არაკანონიერი არაფერი გაუკეთებია თუნდაც იმის შემდეგ, რაც პირობა დაარღვია და საპრეზიდენტო კანდიდატი წამოაყენა. მიუხედავად ამისა, ოტოვეის განცხადებით, ეს ნაბიჯი საძმოს მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილება არ იყო:

„ჩემი აზრით, ეს არც ისე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო იმის გამო, რომ ამით, კიდევ უფრო გამძაფრდა გაურკვევლობა, რომელიც ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს როლს ეხება.“

მუსლიმური საძმო ეგვიპტეში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალად ყალიბდება. მოძრაობას პარლამენტში უმრავლესობა აქვს და კარგად არის ორგანიზებული. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს მუსლიმთა საძმო არაკანონიერ დაჯგუფებად ითვლებოდა.

ოტოვეის თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საძმომ საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენებაზე ჯერ უარი თქვა, ხოლო შემდეგ კი გადაწყვეტილება შეიცვალა. ექსპერტის აზრით, პოლიტიკოსები მსგავს გადაწყვეტილებებს ხშირად ცვლიან მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება:

„ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰაზემ აბუ ისმაილი, რომელიც სალაფისტია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, გაჩნდა იმის შიში, რომ რადიკალმა ისლამისტებმა შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვონ.“

ალ შათერის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენებამდე, ისლამისტური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ვაშინგტონში მკვლევარებს, ჟურნალისტებსა და სახელმწიფო მოხელეებს შეხვდნენ. მუსლიმური საძმოს წევრებმა ამერიკის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დახურული შეხვედრა მოაწყეს და კვლევით ცენტრებში სიტყვითაც გამოვიდნენ. ისინი ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, რომ მრავალპარტიული მმართველობის მომხრეები არიან.

თუმცა, საძმომ კიდევ ერთი პირობა დაარღვია და კომისიაში, რომელსაც ახალი კონსტიტუციის დაწერა დაევალა ქრისტიან და არარელიგიურ ჯგუფებს უკიდურესად შეზღუდული როლი მიანიჭა. ამის გამო ისლამისტი მკვლევარები და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კომისიის რიგებიდან გამოსვლას გეგმავენ.

კარნეგის მშვიდობის ფონდში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მუსლიმთა საძმოს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის საგარეო საქმეთა კოორდინატორმა ხალედ კაზაზმა განაცხადა, რომ ისლამისტური პარტია დემოკრატიულ მმართველობაზე მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში არ საუბრობს:

„ჩვენ სინამდვილეში ვცდილობთ დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ საძმოს საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენება - ეს არის ჩვენი გარანტია იმისა, რომ დემოკრატიული მმართველობისკენ ვისწრაფვით.“

ქაზაზის თქმით, ელ შათერი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, საპარლამენტო სისტემის მომხრეა. გარდა ამისა, ის შარიათის კანონის დაწესების მომხრეა მაისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

ქაზაზი ამბობს, რომ ხალხს ხშირად მცდარი წარმოდგენა აქვს ისლამურ კანონზე:

„ეს კანონი არ ეწინააღმდეგება ისეთ უნივარსალურ მცნებებს, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრტაია, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ. ამ პრინციპების დაცვა შარიათის წესით ხდება და ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიან.“

ქაზიზის განცხადებით, ისლამური ღირებულებები ეგვიპტეს სახელმწიფოს ღირებულებებს განსაზღვრავს ისევე როგორც ეს სხვა რელიგიებზე დაყრდნობით ევროპასა და ამერიკაში ხდება.

XS
SM
MD
LG