ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე სერიოზული პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას


ეგვიპტე სერიოზული პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას

მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში 30 წლის მანძილზე მყოფი ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გადადგა, ქვეყანას დროებით შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭო მართავს. თუ საბჭო ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს შეასრულებს, მაშინ მიმდინარე წლის სექტემბერში ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ხოლო წლის მიწურულს კი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება. პოლიტიკური ძალებისა და ექსპერტების უმრავლესობა შიშობს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ვიწრო სპექტრი შევა, რაც იმის საშიშროებას ქმნის, რომ ისინი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ განვითარებას სახალხო რევოლუციის ამოცანების საპირისპიროდ განსაზღვრავენ, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოჰამედ ელშინაუი.

ეგვიპტელები საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ 1952 წლის რევოლუციიდან მოყოლებული ეს იქნება პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ეგვიპტის ისტორიაში. ეგვიპტელებს აგრეთვე ადარდებთ ის, თუ რა სახის პოლიტიკური სისტემა შეიქმნება ქვეყანაში მუბარაქის რეჟიმის ნანგრევებზე.

როგორც მოსალოდნელია, საპარლამენტო არჩევნებში 24 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ბევრ ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიას ამისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა. მათ ხომ საარჩევნო კამპანიები და მხარდამჭერთა მობილიზაციის სტრატეგიები უნდა შეიმუშავონ.

მოჰამედ ნოსეირი დემოკრატიული ფრონტის პარტიის წამყვანი წევრი გახლავთ. პარტია 2007 წელს დაარსდა, მაგრამ ნოსეირის თქმით სამომავლო პოლიტიკური კურსი კვლავინდებურად ბუნდოვანია.

„თუ დღევანდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, შემიძლია აღვნიშნო, რომ ისინი გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ. შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭო სხვადასხვა კანონებს ღებულობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ რა მოხდება მომავალში. სამოქმედო გეგმა ჯერ-ჯერობით შემუშავებული არ არის, რაც იმ პარტიებსა და ცალკეულ პირებს შორის, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, გაურკვევლობას ქმნის. აშკარად გამოკვეთილი სტრუქტურის ნიშნები არ ჩანს. ამდენად, თითოეულ მონაწილეს საკუთარი პოზიციის შესაბამისად განსაზღვრა არ შეუძლია,“ აღნიშნავს მოჰამედ ნოსეირი.

ნოსეირს მიაჩნია, რომ ვინაიდან არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეღა დარჩა, არის იმის საშიშროება, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე პარტიის წევრები შევლენ, მათ შორის კარგად ორგანიზებული და შესაბამისად დაფინანსებული მუსლიმთა საძმოს ჩათვლით. ნოსეირი შიშობს, რომ ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება როგორც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავების თვალსაზრისით ისე ეგვიპტის პოლიტიკური მომავლისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ზუსტად ჩამოყალიბებული კანონმდებლობა, რომელიც პოლიტიკურ სფეროში რელიგიის როლს მკვეთრად განსაზღვრავს და რომელშიც ნათქვამი იქნება აქვთ თუ არა მათ რელიგიური მოწოდებების გამოყენების უფლება, ეკლესიებსა და მეჩეთებში, სადაც მუსლიმთა საძმოს ამჟამად დიდი გავლენა აქვს, მრევლში საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის გავრცელების უფლება, და ასე შემდეგ,“ აღნიშნავს მოჰამედ ნოსეირი.

ისტორიულად, პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე გამძლე დაჯგუფებად ეგვიპტეში მუსლიმთა საძმო ითვლება. საძმოს წევრებს შემდეგ, ბევრი მიმდევარი ჰყავდა აგრეთვე პრო-სამთავრობო ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ცოტა ხნის წინ სასამართლოს ბრძანების თანახმად დაიშალა. თუმცა ეროვნული დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრებს ახლა ახალი პარტიის დაარსების შესაძლებლობა მიეცათ. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ცდილობს ზეწოლა მოახდინოს შეიარაღებული ძალების უზენაეს საბჭოზე რათა საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს მოგვიანებით, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ. ყველაზე ხშირად ეგვიპტეში ჩივიან იმას, რომ მმართველი სამხედრო საბჭო ღებულობს კანონმდებლობებს ცალმხრივად, რევოლუციის ორგანიზატორებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე.

მართალია ეგვიპტეში პოლიტიკური გარდაქმნის ზოგადი მიმართულება ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ სექტემბერში საპარლამენტო არჩევნები ხოლო შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, პოლიტიკური ძალების უმრავლესობა და განსაკუთრებით კი ის ჯგუფები, რომლებიც რევოლუციის შედეგად გამოჩნდნენ, პარლამენტში არ შევა და ახალი კონსტიტუციის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოახლოებულ არჩევნებში ალბათ ისლამისტები და მუბარაქის მომხრე, აწ დაშლილი ეროვნული დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრები გაიმარჯვებენ.

XS
SM
MD
LG