ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეწყვეტილი არია: ზურაბ სოტკილავა ფეხბურთსა და ოპერას შორის


ზურაბ სოტკილავა "ოტელოს" როლში, 1978 წელი

თბილისში, 21 სექტემბერს, გამთენიისას, ზურაბ სოტკილავას ცხედარს ჩამოასვენებენ. მსოფლიო დონის ტენორი ბოლო ორი წელი ვერაგ დაავადებას, პანკრეასის კიბოს ებრძოდა და საბოლოოდ, 80 წლის ასაკში რუსეთში აღესრულა. იგი სიცოცხლის ბოლომდე, 43 წლის მანძილზე, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო. საოპერო კარიერა კი 1965 წელს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში დაიწყო.

დონ ხოსე - "კარმენში", 1981 წელი
დონ ხოსე - "კარმენში", 1981 წელი

სოტკილავამ ულამაზესი, მზიური, ლირიული, რბილი ხმის, სამხრეთული, მგზნებარე ტემპერამენტისა და ენერგეტიკის წყალობით, მსოფლიო საოპერო სამყაროში არაერთი დაუვიწყარი არია და პარტია დატოვა. მათ შორის გამორჩეულია: მარიო კავარადოსი - პუჩინის „ტოსკაში“, დონ ხოსე - ბიზეს „კარმენში“, რადამესი და ოტელო - ვერდის „აიდადან“ და „ოტელოდან“, აბესალომი - ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერიდან“ და არზაყანი - თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცებიდან“.

არზაყანი - "მთვარის მოტაცებაში"
არზაყანი - "მთვარის მოტაცებაში"

მსოფლიო ვარსკვლავი, სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი წოდების, პრიზის, პრემიის, მედლის, ორდენისა და დიპლომის მფლობელი, ყველაზე დიდ აღიარებად ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრობას მიიჩნევდა, სადაც 1980 წელს, ჯუზეპე ვერდის ნაწარმოებების „არაჩვეულებრივი შესრულებისთვის“ აირჩიეს.

პარადოქსია, მაგრამ ზურაბ სოტკილავას ოცნება არასოდეს ყოფილა ოპერა. იგი მხოლოდ ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა და სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა, რომ მოზარდ ფეხბურთელთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო:

მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი. 1956 წელს, მოსკოვში ფინალური მატჩი უკრაინასთან, გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები. ძალიან ვამაყობ რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ“
ზურაბ სოტკილავა

„მოზარდებს შორის ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოვიგეთ, მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი. 1956 წელს, მოსკოვში ფინალური მატჩში უკრაინასთან გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები. ძალიან ვამაყობ, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ.“

ზურაბ სოტკილავა სოხუმში, ისტორიის მასწავლებლისა და ექიმის ოჯახში გაიზარდა. დედამ, თავად მშვენიერმა მომღერალმა ქსენია ქარჩავამ ერთადერთი ვაჟი თავიდანვე ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე მიაბარა. პატარა ზურას კი ფეხბურთის გარდა არაფრის გაგონება სურდა. სოტკილავა იგონებდა, რომ ერთხელ ფეხბურთის გამო, დედა-შვილის ჩხუბი ბუცების დაჭრითაც კი დასრულდა.

სოხუმში მშობლებთან: ქსენია ქარჩავასთან და ლავრენტი სოტკილავასთან ერთად
სოხუმში მშობლებთან: ქსენია ქარჩავასთან და ლავრენტი სოტკილავასთან ერთად

სოხუმელმა ბიჭმა მაინც თავისი გაიტანა. სოტკილავა 12 წლის ასაკში სოხუმის საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს; 16 წლის უკვე სოხუმის „დინამოში“ მოხვდა, და საქართველოს პირველობაზე ითამაშა. 18 წლისა კი ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ თბილისის „დინამოში“ მიიწვია. მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის უმაღლესს ლიგაში, 1955 წლის 15 აგვისტოს, სტალინოს „შახტიორის“ წინააღმდეგ შედგა.

„დინამომ“ ეს თამაში 3-1 მოიგო, გაზეთმა „ლელომ“ კი დაწერა: „დამაკმაყოფილებლად ითამაშა ახალგაზრდა სოტკილავამ, რომელსაც მეტად ძლიერი თავდამსხმელის ბობოშკოს დაჭერა მოუხდა.“

თბილისის "დინამოს" სათადარიგო სკამი: მარხცნიდან გრიგოლ გაგუა, ანდრო ჟორდანია, ნესტორ ჩხარტარაშვილი..ზურაბ სოტკილავა, პრაღა, 1959 წელი
თბილისის "დინამოს" სათადარიგო სკამი: მარხცნიდან გრიგოლ გაგუა, ანდრო ჟორდანია, ნესტორ ჩხარტარაშვილი..ზურაბ სოტკილავა, პრაღა, 1959 წელი

ზურაბ სოტკილავამ თბილისის „დინამოში“ სულ სამი სეზონი (1955, 1958, 1959) დაჰყო და ამ ხნის მანძილზე, ტრავმებისა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, ძირითადში, მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ერთი სეზონი ГПИ-ის გუნდშიც გაატარა.

იმ პერიოდში სრულიად შემთხვევით, სოტკილავას ბარიტონი პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სამთო-ინჟინრის დიპლომით, თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა. დიდმა მაესტრომ დავით ანდღულაძემ კი მასში ლირიულ-დრამატული ტენორი აღმოაჩინა, რომელსაც მომდევნო წლებში, ოპერის მოყვარულები აღტაცებაში მოჰყავდა.

ზურაბ სოტკილავა 1974 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა. მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორის, ბრწყინვალე პედაგოგის აღზრდილებს შორის არის მისი თანაქალაქელი, აფხაზი სოპრანო ხიბლა გერზმავაც.

ზურაბ სოტკილავა და მისი პედაგოგი, მაესტრო დავით ანდღულაძე
ზურაბ სოტკილავა და მისი პედაგოგი, მაესტრო დავით ანდღულაძე

აფხაზეთის, სოხუმის ოკუპაცია, სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულნი (საფლავი 2015 წელს დაარბიეს - ზ.წ) სიცოცხლის ბოლომდე დიდი ტენორის უდიდესი ტკივილი იყო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ზურაბ სოტკილავა ამბობდა:

გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის“
ზურაბ სოტკილავა, ნაწყვეტი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან

„რუსეთის ინტელიგენცია მიხალკოვი და სხვები რო გროვდებიან, რაო, ქართველები რატო აჭირვებთო საქმეს? ამაზე გვაქვს სულ კამათი. ვეუბნები, თბილისიდან 25 კილომეტრში თქვენი ჯარი დგას მეთქი. არაფრის გაგონება არ უნდათ, არც ამოიღებენ ხმას, ყველას თავისი ეშინია.

სოხუმში ჩავიდოდი, კაი პატივსაც მცემენ და კაციშვილი თითს ვერ გაანძრევს ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე სოხუმში ვიხარხარო და იქედან გამოდევნილი 300 000 ადამიანი აქედან მიყურებდეს. გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის.“

ინდოელი სტუმარი - "სადკოში"
ინდოელი სტუმარი - "სადკოში"

​რუსეთში ზურაბ სოტკილავას განუმეორებელ ხმას „ეროვნულ საგანძურად“ მიიჩნევდნენ. მოსკოვის დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ურინმა ბრძანა, რომ „სოტკილავას წასვლით, მთელი ეპოქა წავიდა.“

თავად დიდმა ქართველმა ტენორმა რუსეთში დაკრძალვა არ ისურვა. ანდერძის მიხედვით, ზურაბ სოტკილავას ცხედარს 23 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის სიახლოვეს მიაბარებენ მიწას.

მანრიკო - "ტრუბადურში"
მანრიკო - "ტრუბადურში"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG