ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი გაგნიძის საოპერო ტრიუმფი ნიუ-იორკში


"რიგოლეტო" მეტროპოლიტენ ოპერაში გიორგი გაგნიძის გარეშე არ ჩაივლის. დებიუტი 2009 წელს ოტო შენკის დადგმულ "რიგოლეტოში" შედგა, რომლისგანაც მკვეთრად განსხვავებულია წლევანდელი პროდაქშენი, რომელიც მარკ მეიერს ეკუთვნის. "რიგოლეტო" "რიგოლეტოში" არ იცვლება, ვერდის ოპერების ბარიტონის გიორგი გაგნიძის წლევანდელ წარმოდგენასაც ამერიკულ პრესაში უმაღლესი შეფასებები მოჰყვა. " ნიუ-იორკ თაიმსმა" მას ნატურალური რიგოლეტო უწოდა, "ნიუ-იორკ კლასიკმა" კი მისი გამოსვლა თითოეული ეპიზოდით განიხილა და ასევე მაღალი შეფასება მისცა. ოტო შენკის და მარკ მეიერის დადგმაში დიდი კონტრასტია. მოქმედება ახლა სასახლის ნაცვლად სამორინეში ხდება. თანამედროვე ოპერის სოლისტების სცენაზე მუშაობის სპეციფიკაც შეიცვალა.

გიორგი გაგნიძე: თანამედროვე ახლანდელ დადგმებში უკვე იმდენად ახლოს მოაქვს რეჟისორს და იმდენად განგიმარტავს ყველაფერს, რომ აღარ გჭირდება ლიბრეტოს წაკითხვა. მსახიობი უნდა იყოს კარგი მომღერალი, უკეთესიც კი ვიდრე დრამის მსახიობია, რადგან დრამის მსახიობს აქვს ერთი მოვალეობა, ჩვენ კი მრავალი.

წარმოდგენას ნიუ-იორკში პლასიდო დომინგო მეუღლესთან ერთად დაესწრო და გიორგი გაგნიძეს წარმატება პირადად მიულოცა. მეგობრობა 2009 წლიდან დაიწყო.

გიორგი გაგნიძე: მსოფლიო სამუსიკო სამყაროში ის არის ის ბერი, მე ასე ვუწოდებ, რომელმაც ყველაფერი ნახა, ჩვენ ენაზე რომ განვმარტოთ. მისი შეფასება ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა. მითუმეტეს, რომ მაესტრომ ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო რომ გამონახა და მოვიდა, ჩემთვის ეს დიდი პატივია. მოვიდა და მომილოცა, მისურვა დიდი წარმატება და მითხრა, რომ თანამედროვე ახალგაზრდა მსახიობები ბევრად უფრო ძლიერები ხართ ვიდრე ჩვენი თაობა იყოო. ეს იყო ძალიან სასიამოვნო ჩემთვის. მითხრა, რომ მათ თაობას ხშირად ერთ ადგილას გვიწევდა სცენაზე დგომა და სიმღერაო და თქვენ არაო. ოღონდ ეს შეფასება მას ნამდვილად არ ეხება, რადგან როდესაც მან საოპერო კარიერა დაიწყო, ის თავიდანვე იყო მსახიობი.

ნიუ-იორკის შემდეგ, გიორგი გაგნიძის გრაფიკში იაპონიაა. ტოკიოს ნაციონალური თეატრის მიწვევით ის ვერდის "ფალსტაფში" მთავარ როლზეა მიწვეული. გაგნიძე ამბობს, რომ ამით მისი ნატვრა ახდება, რადგან სცენაზე სულ ტრაგიკული პერსონაჟების როლების შესრულების შემდეგ, კომედიური გმირის განსახიერების დროც მოვიდა.

გიორგი გაგნიძე: "ფალსტაფი" ეს არის ჩემი ნატვრა. ყველა ბარიტონი ამ როლს ასრულებს გვიან ასაკში, თუ საერთოდ ასრულებს. ჩემი თვალსაზრისით ეს არის ძალიან საინტერსო როლი, ფალსტაფი თავად, რომელიც შეყვარებულია სხვადასხვა ქალბატონებზე იმის გამო რომ ფული არ აქვს. სულ მდიდარი ქალაბტონების ძიებაშია, რომელთა ქმრებიც სულ მუშაობენ, და ფულს შოულობენ. ხოდა ძალიან სასაცილოა თვითონ, მსუქანია საოცრად, შეუხედავად მსუქანი და შეიძლება რაღაცეები ჩამილაგონ კიდეც როლითვის რომ უფრო გამასუქონ.

საქართველო - გრანდიოზული და მორიგი საეტაპო პროექტია ქართველი მსოფლიო ვარსკვლავისთვის. ბათუმის ოპერის თეატრში სცენარი და ნოტები უკვე გადაგზავნილია. პრემიერა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შედგება. ეს არის ჯუზეპე ვერდის "სიმონ ბოკანეგრა". ადამიანი, რომელიც იტალიის ორ დაპირისპირებულ მხარეს შერიგებისგენ მოუწოდებს და ერის გაერთიანების იდეას ახორციელებს.

გიორგი გაგნიძე: ეს არის პოლიტიკური თემა ზუსტად ის თემაა წამოჭრილი, რომელიც ჩვენს გახლეჩილ და პოლიტიკურ ბრძოლებში მყოფი საქართველოსთვის ძალიან საინტერსო თემაა. სიმონ ბოკანეგრა არის ადამიანი, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს, რომლებიც ზღვას და ნადავლს ვერ იყოფენ და ამის გამო ომს აწარმოებენ, გაერთიანებისკენ და შერიგებისკენ მოუწოდებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ეს, გაერთიანების თემა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG