ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დმიტრი ტრენინი: რუსეთი სიგნალს აგზავნის -ნუ წახვალთ შორს!


ბელბეკის აეროპორტი, ყირიმი, 1 მარტი, 2014

მოსკოვი-ჯიმ ბრუკი, ამერიკის ხმა

სანამ კიევში, დროებითი ამთავრობა გონს მოეგება, რუსეთი აგრესიულ ნაბიჯებს დგამს ყირიმში. შაბათს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ ერთხმად მწვანე შუქი აუნთო პრეზიდენტ პუტინის წინადადების გატარებას უკრაინაში სამხედრო ნაწილების გაგზავნასთან დაკავშირებით.

არავის დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად სად მოხდება სამხედროების გადასროლა.

უკრაინის ახალმა პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სამხედრო ინტერვენცია ორ ქვეყანას შორის ომს მოასწავებდა; უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა კი შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, უკრაინის სამხედრო ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. პარლამენტის იმავე სესიის დროს რუსმა კანონმდებლებმა პრეზიდენტს თხოვეს რუსეთის ელჩი გამოიწვიოს აშშ-დან.

რუსმა პარლამენტარებმა, ამასთან განაცხადეს, რომ შეურაცხყოფილი იყვნენ ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით უკრაინასთან დაკავშირებით. ობამამ თქვა, რომ ამერიკა ძალიან შფოთავდა არსებული ცნობებით, და იმ ცნობებით, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიის შიგნით ახორციელებდა სამხედროების გადაადგილებას.

ობამამ დასძინა, რომ რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევდა უკრაინაში ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში.

შაბათს, ნაშუადღევს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს კოლეგასთან, სადაც ამერიკელმა ლიდერმა განმარტა, რომ რუსეთის მოქმედება უკრაინის სუვერენიტეტს და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა საუბარში აღნიშნა, რომ ამერიკა არ მიიღებდა მონაწილეობას დიდი რვიანის ეკონომიკურ სამიტში, რომელიც რამდენიმე თვეში სოჭში იმართება.

რუსული საინფორმაციო საშუალებები კი ამ ფონზე, იტყობინებიან სატელეფონო საუბრის საკუთარი ვერსიის შესახებ. პუტინს, ბამასთან საუბარში უთქვამს, რომ რუსეთი იტოვებდა უფლებას დაეცვა რუსულენოვანი მოსახლეობა, თუ ძალადობა მოხდებოდა ყირიმში ან აღმოსავლეთ უკრაინაში.

შაბათსვე, უკრაინის განდევნილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ყირიმის პრემიერ მინისტრი სერგეი აკსიანოვი რუსეთს, უკრაინის ფარგლებში მდებარე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანას თხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ აკსიანოვის "ერთობის პარტიამ" მხოლოდ ორი მანდატი მოიპოვა 2010 წლის რეგიონულ არჩევნებში და ვერცერთი საპარლამენტო ადგილი ვერ მიიღო 2012 წლის ეროვნული არჩევნების შედეგად.

გაერო, ცივი გონებით მოქმედების მომხრეა

უკრაინის ელჩმა გაეროში იური სერგეევმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიას შაბათს განუცხადა, რომ ყირიმში რუსეთის 15 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა რუსი მოქალაქეების დაცვის საბაბით, და რომ მისი ქვეყანა გაეროს ყველაფერ შესაძლებლის გაკეთებას თხოვდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესაკავებლად. გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა კი იმავე სესიაზე დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის საქმესა და ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში.

გაერომ, ამ დროს განაცხადა, რომ დროა მხარეები ცივი გონებით მიუდგნენ სიტუაციას.

მოსკოვში მყოფმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა პაველ ფელგენგაუერმა თქვა, რომ მოსკოვი მისდევს იმ პოლიტიკურ სტრატეგიას, რომელმაც კარგად იმუშავა საბჭოთა ხანაში.

იგი ამბობს, რომ რუსული სახელმძღვანელოებით ანალოგიური ქმედებები გატარდა ავღანეთსა და უნგრეთში. ყველა ამ შემთხვევაში საბჭოთა ჯარები ამ ქვეყნებში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ლიდერებმა, რომლებიც კრემლის მიერ იყვნენ დანიშნული, მოსკოვს მიმართეს დახმარებისთვის.

ახლა ყირიმში, მოსკოვმა ადგილობრივი ლიდერის თხოვნამდე იმოქმედა, თუმცა ამ ნაბიჯს ძალადობა არ მოჰყოლია.

უკვე პარასკევიდან დაწყებული, რუსული სამხედრო ნაწილები ყირიმის სამივე აეროპორტში დაბანაკდნენ, სამხედრო შვეულმფრენები და სატრანსპორტო თვითმფრინავები კუნძულზე შევიდნენ. რუსმა ჯარისკაცებმა და ფლოტის გემებმა უკრაინის სამხედრო ბაზების ბლოკირება მოახდინეს, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მყოფი რუსულენოვანი შეიარაღებული ადამიანები კი ახლა აკონტროლებენ ერთადერთ გზატკეცილს, რომელიც ნახევარკუნძულს უკრაინის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები, პარალელურად, რუსეთის პასპორტებს უნაწილებენ ყირიმელ პოლიციელებს.

კიევში, უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ყირიმში შაბათს, ექვსი ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა.

"რუსეთმა, სამხედრო ვარჯიშების საფარქვეშ, პირდაპირი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღდეგ"-განაცხადა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა. "რუსეთის ფედერაციამ ჯარები გაგზავნა ყირიმში, და მათ არა მხოლოდ ყირიმის პარლამენტი, და მინისტრთა საბჭო აიღეს, არამედ საკომუნიკაციო ობიექტების და ბაზების კონტროლს ცდილობენ.”

მოსკოვში მდებარე კარნეგის ცენტრის ექსპერტი დმიტრი ტრენინი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ვარჯიში გამიზნულია კიევისთვის და დასავლეთისთვის სიგნალის გასაგზავნად, რომ თავი დაანებონ უკრაინის რუსულენოვან რეგიონებს.

"ამ ოპერაციის დრო გვაფიქრებინებს იმაზე, რომ [მოსკოვი] აგზავნის სიგნალს კიევში-არ წახვიდეთ ძალიან შორს, არ დაამყაროთ "კონსტიტუციური წესრიგი" ყირიმში, არ ჩაერიოთ ძალით უკრაინაში. რუსეთი ასევე უგზავნის სიგნალს დასავლეთსა და ნატოს, რომ რუსეთი მზად არის საკუთარი ინტერესები დაიცვას მსოფლიოს ამ ნაწილში"-განაცხადა ტრენინმა.

შაბათს, რუსეთის ძალის დემონსტრირებით გულმოცემულმა შეიარაღებულმა პირებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს ხარკოვსა და დონეცკში. ამ შენობების თავზე ახლა რუსული დროშები ფრიალებს.

XS
SM
MD
LG